მოუხელთებელმა აგენტმა ერთმანეთს ამერიკა და ევროპა დაუპირისპირა - კვირის პალიტრა

მოუხელთებელმა აგენტმა ერთმანეთს ამერიკა და ევროპა დაუპირისპირა

ოფიციალური რომი, პარიზი, ბერლინი, ათენი და ვილნიუსიც კი ვაშინგტონს სთხოვენ განმარტებას იმის თაობაზე, რატომ უსმენდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ამ ქვეყნების მთავრობებს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის განხეთქილება ამერიკული სპეცსამსახურის უკვე ყოფილმა აგენტმა ედვარდ სნოუდენმა შეიტანა, როდესაც მასმედიის წარმომადგენლებს საიდუმლო დოკუმენტების შინაარსი გაუმხილა. სნოუდენის მტკიცებით, აშშ-ის სპეცსამსახურები და მათ შორის - ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო - NSA  - წლების განმავლობაში უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ ევროპის პარტნიორი ქვეყნების დიპლომატებს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, ისე მის გარეთაც. "მორბენალი" ედვარდ სნოუდენი კარგა ხანია იმყოფება მოსკოვის აეროპორტის სატრანზიტო ზონაში, რადგან აშშ-ის ხელისუფლებამ მას პასპორტი გაუუქმა, სხვა ქვეყნები კი (მათ შორის - რუსეთიც) თავს იკავებდნენ, მისთვის პოლიტიკური თავშესაფარი მიეცათ, თუმცა ვენესუელამ და ნიკარაგუამ უკვე გამოთქვეს მზადყოფნა, სნოუდენი შეიფარონ. უფრო მეტიც, სნოუდენის გამო ევროპული ქვეყნების ხელისუფალთ სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მთავრობებიც დაუპირისპირდნენ მას შემდეგ, რაც მოსკოვიდან გამოფრენილი ბოლივიის პრეზიდენტის თვითმფრინავი იძულებით დასვეს ავსტრიაში და მასში ამაოდ ეძებდნენ ედვარდ სნოუდენს.