როგორ დაეხმარება თბილისი მოსკოვს სოჭის ოლიმპიადაზე? - კვირის პალიტრა

როგორ დაეხმარება თბილისი მოსკოვს სოჭის ოლიმპიადაზე?

დოკუ უმაროვი მოსკოვს სოჭის ოლიმპიადის აფეთქებით აშინებს, საქართველოს ახალი ხელისუფლება კი რუსეთს ამ ოლიმპიადის უსაფრთხოების დაცვაში დახმარებას სთავაზობს...

2014 წლის 7-23 თებერვალს სოჭში 22-ე ზამთრის ოლიმპიადა უნდა გაიმართოს, რომლის უსაფრთხოდ ჩატარებას რუსეთის პრეზიდენტისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

როდესაც 2007 წლის 4 ივლისს, გვატემალაში, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების ადგილად რუსეთის ფედერაციის ქალაქი სოჭი დაასახელა, ამას პრეზიდენტი სააკაშვილიც მიესალმა.

თუმცა, სავარაუდოდ, სწორედ სოჭში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშები გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი (დასავლეთის მიერ კოსოვოს აღიარებისა და საქართველოს  NATO-ში  სწრაფვასთან ერთად), რამაც 2008 წლის აგვისტოს ომი და კრემლის მიერ სეპარატისტული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება გამოიწვია.

პუტინს სურდა, სამხრეთიდან, აფხაზეთიდან დაეცვა სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოება, რასაც შეიძლება მიაღწია კიდეც, თუმცა ჩრდილოკავკასიელი შეიარაღებული რაზმებისგან მომდინარე საფრთხე კვლავაც არსებობს.

ცოტა ხნის წინ ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების ლიდერმა დოკუ უმაროვმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც თავის მომხრეებს მოუწოდებს, ყველა ღონე იხმარონ სოჭის ოლიმპიადის ჩასაშლელად.

ეს მუქარა ძალზე სერიოზული გაფრთხილება უნდა იყოს რუსეთის ხელისუფლებისთვის, რადგან როგორც ბოლო დღეების მოვლენები ცხადყოფს, ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებს საკმაო ძალა აქვთ მასშტაბური დივერსიული აქტების განსახორციელებლად სოჭის ოლიმპიადამდეც და მისი მიმდინარეობის დროსაც.

ამ ფონზე საინტერესოა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს რუსეთის ხელისუფლებას სოჭის ოლიმპიადის მშვიდობიანად ჩასატარებლად.

როგორც ჩანს, ეს ივანიშვილის მორიგი და შეიძლება ყველაზე ხმამაღალი გზავნილია, რათა დაიწყოს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენა.

რას უპასუხებს რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. ისე კი, სოჭის ოლიმპიადის ინციდენტების გარეშე ჩატარება (მით უმეტეს, ბოსტონის მარათონზე მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომლის განხორციელებაში ჩეჩენი ძმები არიან ბრალდებულნი) კრემლის პრესტიჟის საქმეა, მაგრამ თუნდაც ამ პრესტიჟის შესანარჩუნებლად შედგება კი მოსკოვ-თბილისის დიალოგი მაღალ დონეზე?!