თავდაცვის სამინისტრომ ავღანეთში ქართული ბაზები გააძლიერა...
15-07-2013
თავდაცვის სამინისტრომ ავღანეთში ქართული ბაზები გააძლიერა...
საქართველოში კი სამხედრო ნაწილების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება დაიწყო

ავღანეთში ISAF-ის შემადგენლობაში მოქმედი ქართული სამხედრო კონტინგენტის დისლოცირების ადგილებში საფორტიფიკაციო და საინჟინრო სამუშაოები ჩატარდა, რამაც, წესით, მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს დანაღმული მანქანებით თვითმკვლელთა მოულოდნელი შეტევების ალბათობა.
მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე უსაფრთხოების ზომების გაზრდას წმინდა ტექნიკური თვალსაზრისის გარდა, დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობაც აქვს, რადგან რამდენიმესაათიანი სახიფათო პატრულირების შემდეგ ბაზაში დაბრუნებულ სამხედროებს აუცილებლად სჭირდებათ ძილი თავდასხმის შიშის გარეშე, დასვენება და განტვირთვა.

რა თქმა უნდა, ვერც ერთი საფორტიფიკაციო ნაგებობა
ვერ გახდება უსაფრთხოების 100%-იანი გარანტია, მით უმეტეს, რომ თალიბები კიდევ უფრო გააქტიურებას აპირებენ, რაც მორიგ მოულოდნელ და ეშმაკურად დაგეგმილ თავდასხმებში შეიძლება გამოიხატოს.
ეს რომ არ
დავუშვათ, ქართული სამხედრო კონტინგენტის მეთაურობას უპირველესად ვითარების მუდმივად გაანალიზება, ოპერატიული ინფორმაციის გათვალისწინება და რაც მთავარია, პირად შემადგენლობაში მკაცრი დისციპლინის დამყარება და შენარჩუნება მოუწევს.
ავღანეთის პარალელურად თავდაცვის სამინისტრომ საქართველოშიც დაიწყო სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის სრულყოფა, თუმცა ამ შემთხვევაში აქცენტი სამხედრო მოსამსახურეთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე კეთდება: შენდება ახალი ყაზარმები, სასადილოები, ხოლო სანიტარიულ კვანძებს არემონტებენ.

ადრე სარემონტო სამუშაოებს ყოველთვის ახლდა სახელმწიფო პიარი, ქართულ არმიას NAთO-ს სტანდარტის ყაზარმა თუ სასადილო ავუშენეთო, თუმცა სინამდვილეში ასეთი სტანდარტი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უბრალოდ არ არსებობს, რადგან დათბილული ყაზარმა თუ სუფთა სასადილო ჩვეულებრივი ადამიანური მოთხოვნაა, რომელსაც სამშობლოს დამცველები ქვეყნის ხელისუფლებისგან ნამდვილად იმსახურებენ.

აღარ უნდა იყოს ისე, რომ უცხოელ სტუმრებს მხოლოდ რამდენიმე სუპერმოწყობილ სამხედრო ბაზაში (მაგალითად, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში) უკვე ჩამოყალიბებული "ტურისტული" მარშრუტით ატარებდნენ, მაშინ როდესაც ზოგიერთ ბრიგადასა თუ ცალკეულ სამხედრო ნაწილში ყაზარმები, სასადილოები თუ ტუალეტები კრიტიკას ვერ უძლებდა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით