ამერიკა ისრაელს ბრალს სდებს - კვირის პალიტრა

ამერიკა ისრაელს ბრალს სდებს

"აშშ-მა ისრაელის ხელისუფლებას სირიის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების განადგურება დასდო ბრალად", - ასეთი ცნობა გაავრცელა ამერიკულმა  CNN-მა თეთრი სახლის ანონიმი ჩინოვნიკებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ისრაელი ათწლეულებია სტრატეგიული პარტნიორები არიან, შიგადაშიგ ისრაელის მოულოდნელი საიდუმლო სამხედრო ოპერაციები ოფიციალურ ვაშინგტონს ძალზე აღიზიანებს.

ასე მოხდა ამჯერადაც, მას შემდეგ, რაც 5 ივლისს ისრაელის ავიაციამ საჰაერო იერიში მიიტანა სირიის ქალაქ ლატაკიაში იმ სამხედრო საწყობზე, სადაც ორი წლის წინ დამასკოს მიერ რუსეთში შეძენილი "იახონტის" ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები ინახებოდა.

ისრაელს სირიასთან ომი ოფიციალურად 1973 წლიდან აქვს გამოცხადებული, თუმცა სასტიკი სისხლისმღვრელი შეიარაღებული შეტაკებები ამ ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ აღარ მომხდარა. სავარაუდოდ, აშშ-ის ხელისუფლება შიშობს, რომ ასეთი საჰაერო თავდასხმებით ისრაელმა არ წააქეზოს სირიის საპასუხო ქმედებები და ახალი ომი არ გაჩაღდეს, რომლის დროსაც სამოქალაქო დაპირისპირებაში მყოფი სირიელებისთვის ახალი მტრის ხატი შეიქმნება ებრაელების სახით, რამაც შეიძლება უფრო გაახანგრძლივოს პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლებაში ყოფნა, რაც თეთრ სახლს ნამდვილად არ აძლევს ხელს.