სომხეთი "მილანებით" შეიარაღდა - კვირის პალიტრა

სომხეთი "მილანებით" შეიარაღდა

აზერბაიჯანის რუსულ T-90C  ტანკებს სომხები ფრანგულ-გერმანული MILAN-ებით ააფეთქებენ?!

სამხრეთ კავკასიაში შეიარაღების იმპორტთან დაკავშირებული მორიგი საერთაშორისო სკანდალი იწყება, რომელშიც შეიძლება NATO-ს წევრი ქვეყნებიც არიან ჩარეული.

საქმე ის არის, რომ 1-ელ ივლისს სომხურმა სამხედრო ინტერნეტსაიტმა ღაზმ.ინფო-მ გაავრცელა ფოტოსურათი, რომელზეც გამოსახული არიან სომხეთის არმიის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის ფრანგულ-გერმანული წარმოების ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი  MILAN-იც. ოფიციალურმა ბაქომ არ დაახანა და საფრანგეთისა და გერმანიის საელჩოებს აზერბაიჯანში მოსთხოვა, პასუხი გაეცათ თუ როგორ აღმოჩნდა ამ ქვეყნების ერთობლივად წარმოებული საბრძოლო საშუალებები სომხეთის არმიის შეიარაღებაში.

ბაქოს პროტესტი საფუძვლიანია, რადგან საფრანგეთისა და გერმანიის ხელისუფალთ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაცხადებული აქვთ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო შეიარაღებასა და საბრძოლო ტექნიკას არავითარ შემთხვევაში არ მიჰყიდიან დაპირისპირებულ მხარეებს - სომხეთსა და აზერბაიჯანს.

MILAN-ი (მსუბუქი ქვეითთა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა) გერმანიისა და საფრანგეთის არმიებმა შეიარაღებაში ჯერ კიდევ 1972 წელს მიიღეს. 1993 წლიდან აწარმოებენ მის გაუმჯობესებულ ვარიანტ MILAN2თ-ს, რომელიც 37კგ-ს იწონის (თავად რაკეტის მასა 6,6კგ-ია), და 25-დან 2000-მდე დისტანციაზე 880მმ სისქის მონოლითური ფოლადის ჯავშნის გარღვევა შეუძლია.

თუკი სომხეთმა მართლაც იყიდა "მილანის" ეს მოდიფიკაციები, გასაგები ხდება სომეხი გენერლების სურვილი, აზერბაიჯანის მიერ ამას წინათ შეძენილი თანამედროვე რუსული თ-90-ის ტიპის ტანკებს ბევრად მძლავრი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები დაუპირისპირონ.

აქამდე "მილანების" ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსები ოფიციალურად შემდეგი ქვეყნების არმიების შეიარაღებაში ირიცხებოდა: საფრანგეთი (1440 ერთეული "მილანის" დანადგარი), გერმანია (1648), ესპანეთი (442), იტალია (1000), ბელგია და დიდი ბრიტანეთი.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყანა NATO-ს წევრია და თუკი რომელიმე მათგანმა მართლაც მიჰყიდა "მილანები" სომხეთს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დიდ სკანდალში გაეხვევა.

თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 1985 წლიდან "მილანებს" ლიცენზიით ინდოეთიც აწარმოებს და სულაც არ არის გამორიცხული, სომხეთში გამოჩენილი ეს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები სულაც ინდური იყოს.