"თალიბანმა" სამხედრო ბაზაზე თავდასხმის ვიდეო გაავრცელა?!
22-07-2013
"თალიბანმა" სამხედრო ბაზაზე თავდასხმის ვიდეო გაავრცელა?!
დანაღმული სატვირთო მანქანა მოულოდნელად მარცხნივ უხვევს და ქართული სამხედრო ბაზის ჭიშკარში იჭრება, რის შემდეგაც ძლიერი აფეთქება ხდება...

"თალიბანმა" ინტერნეტში გაავრცელა ორწუთიანი ვიდეორგოლი, რომელზეც მათი ვერსიით 2013 წლის 6 ივნისს ჰილმენდის პროვინციაში, მუსა-ქალას რაიონში, ქართულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმაა აღბეჭდილი.

ვიდეოფირი "თალიბანის" სტილშია გადაღებული - თავდასხმის ობიექტის ახლოს დამალულია "თალიბანის" ვიდეოოპერატორი, რომელიც დანაღმული მანქანის გამოჩენას ელოდება. მანამდე ბაზის შორიახლოს, გზაზე, სამი "მრაპი" მიდის, მათგან პირველი განაღმვის ტრალითაა აღჭურვილი.
ცოტა ხანში იმავე გზაზე
სატვირთო ავტომობილი გამოჩნდება და მისი კამიკაძე-მძღოლი მოულოდნელად მარცხნივ გადაუხვევს და ბაზის ჭიშკარს ეჯახება. რამდენიმე ასეული კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული სატვირთო ანგრევს ჭიშკარს და ბაზის ტერიტორიაზე სანახევროდ შედის, რის შემდეგაც საშინელი ძალის აფეთქება ხდება.

ეს იყო "თალიბანის" კლასიკური ხერხით - დანაღმული ავტომობილის გამოყენებით თავდასხმა, რასაც იმანაც
შეუწყო ხელი, რომ გზა უშუალოდ ამ პატარა ბაზის ახლოს გადიოდა.
ვიდეოფირის ცუდი ხარისხის მიუხედავად, შეიძლება იმის გარჩევა, რომ დანაღმული სატვირთოს კამიკაძე-მძღოლმა დაუბრკოლებლად გადაუხვია გზიდან და ბაზის ჭიშკრამდე არ დახვედრია წინაღობები, რაც უფრო დაბალი სიჩქარით მანევრირებას აიძულებდა.

თუკი ამ ვიდეოფირზე მართლაც 6 ივნისის თავდასხმაა ასახული (რასაც ქართული მხარე არ ადასტურებს), იგი აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ ახსნას, რაც გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლებმა გააკეთეს ამ თავდასხმასთან დაკავშირებით. მათი მტკიცებით, დანაღმული სატვირთო ავტომობილი მარცხნიდან მიუახლოვდა ბაზას და გზიდან გადაუხვევლად მოხდა აფეთქება.
ვიდეოფირზე კი კარგად ჩანს, რომ დანაღმული სატვირთო ბაზის მარჯვენა მხრიდან მოდიოდა, სწრაფად გადაუხვია მარცხნივ, შეანგრია ბაზის ჭიშკარი და მხოლოდ ამის შემდეგ აფეთქდა.
ისე, ეს დანაღმული მანქანა მართლაც გზაზე რომ აფეთქებულიყო და არ შესულიყო ნახევრად ბაზის ტერიტორიაზე, მსხვერპლი ნაკლები იქნებოდა, რადგან ბაზის გარეთ აფეთქებული დანაღმული მანქანის ნამსხვრევებისა და აფეთქების ტალღისგან მეტ-ნაკლებად დაიცავდა ბაზის გარშემო შემოვლებული "ჰესკო-ბასტიონის" დამცავი ღობეები, რომლებიც სწორედ ასეთი აფეთქებისგან დასაცავადაა დამზადებული.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს ვიდეოფირი ავღანეთში თალიბების მიერ განხორციელებულ სხვა თავდასხმას ასახავს და მას არაფერი აქვს საერთო 6 ივნისის ტრაგედიასთან, რომლის დროსაც 7 ქართველი სამხედრო დაიღუპა, 9 კი დაიჭრა.
nika
22 ივლისი 2013 21:56
კახა, შენ ძაან კომპეტენტური ჩანხარ
kaxa
22 ივლისი 2013 11:51
წინა ხელისუფლების დროს რომ წერდით ერთერთი სპეცრაზმის გაგზავნას აპირებსო დიმიტრი შაშკინი,ახლა ეს ხელისუფლება უშვებს შემოდგომით და ამაზე რატომ არაფერს წერთ და აკრიტიკებთ?!
kaxa
22 ივლისი 2013 11:47
რა თქმა უნდა რომ დამალავენ რაც მოხდა რეალურად,მაგას რად უნდა ბევრი ფიქრი...ჩვენი სამხედროების გამოუცდელობის ბრალი იყო რომ არ გაჩხრიკესს და ისე შეუშვეს მანქწანა ბაზაზე...შეჩვეულები ყოფილან იმ პიროვნების გაუჩხრეკავად შესვლას ავტომანქანით და მანაც ისარგებლა ამ ნდობით და ასეთი სიურპრიზი მოუწყო ჩვენს ჯარისკაცებს...ნუ რომ არ არიან მომზადებულები სათანადოდ ეს ხომ ფაქტია?ავტომატის სროლა არ იციან და ისეთები მიყავთ იმ ჯოჯოხეთში...

რედაქტორის რჩევით