ახალაია ალასანიას დაემუქრა - კვირის პალიტრა

ახალაია ალასანიას დაემუქრა

ყოფილი თავდაცვის მინისტრი მოქმედს კორუფციაში სდებს ბრალს და პასუხის მოთხოვნით ემუქრება

"მატროსოვის" ციხეში ბრალდებულის სტატუსით მყოფმა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ მოქმედი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია კორუფციასა და ქართული ჯარის დანგრევაში დაადანაშაულა.

ყოველ შემთხვევაში, ახალაიას "ფეისბუკის" ოფიციალურ ვებგვერდზე სწორედ ამ სახის ბრალდებები გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია (სტილი დაცულია): "ალასანიამ ააწყო კორუფციაზე დაფუძნებული სისტემა, ტენდერებში გაამარჯვებინა მის საახლობლოს კანონის უხეში დარღვევებით. სწორედ ამიტომ ცხრა თვის მანძილზე რამდენჯერმე მოიწამლა ასობით ჯარისკაცი გაფუჭებული საკვების მიღებით".

როგორც ჩანს, ახალაიას "ფეისბუკის" ოფიციალურ ვებგვერდზე ამ ბრალდებების გამოჩენა უკავშირდება 15 ივლისს თავდაცვის მინისტრ ალასანიას მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ მინიშნებას გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გიგი კალანდაძის მისამართით, რომ ახალაიას მინისტრობისას მაღალჩინოსანმა სამხედროებმა ჯარის ბიუჯეტის ხარჯზე სახლები აიშენეს და კეთილმოაწყვეს.

ძალზე საინტერესო ვითარებაა - ნაცვლად იმისა, მოქმედმა თავდაცვის მინისტრმა სრულყოფილად აამუშაოს სამინისტროს გენერალური ინსპექცია, სამხედრო პოლიცია და ობიექტურად და პროფესიონალურად გამოიძიონ ბაჩო ახალაიას სამწლიანი მინისტრობის დროინდელი შესაძლო კორუფციის ფაქტები, თავად არიან კორუფციაში დადანაშაულებული.

მართალია, ბაჩო ახალაია პატიმარია, მაგრამ მისი გუნდის ბირთვი გარეთაა (მიმალულების ჩათვლით) და უფრო მეტიც, ამ გუნდის არცთუ ისე მცირერიცხოვანი ნაწილი ჯერ კიდევ მუშაობს როგორც თავდაცვის სამინისტროში, ისე გაერთიანებულ შტაბში, სახმელეთო ძალებსა და ბრიგადებში. მათგან (განსაკუთრებით კი სენაკისა და ვაზიანის ბრიგადებიდან) ბაჩო ახალაიას "მატროსოვის" საკანშიც მისდის ინფორმაცია, თუ რა ხდება ქართულ არმიაში და ამიტომაც მისი ბრალდებები სულაც არ არის ხელწამოსაკრავი, მათ გაანალიზება სჭირდება.

მანამდე კი, სანამ ეს ყბადაღებული კოაბიტაცია მიმდინარეობს, ბიძინა ივანიშვილის მთავრობა კიდევ ბევრ ბრალდებას მოისმენს, რომელთა ფონზე ნელ-ნელა მიიჩქმალება ის მძიმე დანაშაულები (გინდ შეიარაღებულ ძალებში, გინდ მთელ ქვეყანაში), რასაც 9 წლის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების წარმომადგენლები სჩადიოდნენ.