ФСБ-მ თავის რიგებში ქართველების აგენტი აღმოაჩინა - კვირის პალიტრა

ФСБ-მ თავის რიგებში ქართველების აგენტი აღმოაჩინა

ФСБ-ს რუსი პრაპორშჩიკი 2011 წლიდან ქართულ სამხედრო დაზვერვას საიდუმლო ინფორმაციებს აწვდიდა?!

ჩრდილო კავკასიის საოლქო სამხედრო სასამართლომ რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს პრაპორშჩიკს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა იმის გამო, რომ იგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტს საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა.

სასამართლოს დადგენილებაში წერია, რომ 2011 წლის თებერვალში რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში ФСБ-ში შემავალი სასაზღვრო სამმართველოს 28 წლის პრაპორშჩიკმა დენის კაიმაკოვმა საქართველოს სამხედრო დაზვერვას მიაწოდა მოცულობითი საიდუმლო ინფორმაცია იმ რუს მესაზღვრეებზე, რომლებიც გალის რაიონის სოფელ თაგილონში არიან დისლოცირებული. მიწოდებული ინფორმაცია შეიცავდა მონაცემებს სასაზღვრო საგუშაგოს მორიგეობისა და პატრულირების, ასევე მესაზღვრეების შეიარაღების შესახებ.

2012 წლის მარტში რუსეთის ФСБ-მ კაიმაკოვის (რომლის ფსევდონიმი იყო "კატა") გარდა დააკავა საქართველოს ორი მოქალაქე - ოთარ ჯღარკავა და ჯემიკო ოკუჯავა, რომლებიც თითქოს რუს პრაპორშჩიკს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მესამე სამმართველოს მაშინდელ უფროს კობა თოდუასთან აკავშირებდნენ.

დაკავებულმა რუსმა პრაპორშჩიკმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ ინფორმაციებს ქართულ სპეცსამსახურებს მატერიალური გამორჩენის მიზნით აწვდიდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსი კონტრმზვერავები საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს აკავებენ.

2011 წლის ოქტომბერში ანალოგიური ბრალდება წაუყენეს რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის უფროს ლეიტენანტ დავით ალიევს და დედამისს - ირინა ალიევას. შვილს - 10, ხოლო დედას 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მათ ბრალად ედებოდათ ხუთი ათასი დოლარის საფასურად 2009-2011 წლებში ქართული სპეცსამსახურებისთვის საიდუმლო ინფორმაციების გადაცემა.

2010 წელს საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშური საქმიანობის გამო პოდპოლკოვნიკ ხვიჩა იმერლიშვილს 13 წელი მიუსაჯეს, პოდპოლკოვნიკ მარლენ ბოგდანოვს კი - 15 წელი.

ერთი წლით ადრე, 2009 წელს კი, ანალოგიური ბრალდებით ექვსი წელი მიესაჯა რუსეთის არმიის კიდევ ერთ პოდპოლკოვნიკს, მიხეილ ხაჩიძეს, ხოლო 9 წელი - ზემდეგ ჯემალ ნაკაიძეს.

ძნელი სათქმელია, ქართული წარმოშობის რუსეთის არმიის ეს სამხედრო მოსამსახურეები მართლა მოქმედებდნენ ისტორიული სამშობლოს საკეთილდღეოდ, თუ ეს პიარისთვის გაკეთებული ФСБ-ს მორიგი ფანდია, რათა რუსეთის ხელისუფლებას დაანახოს, რა კარგად მუშაობენ რუსი კონტრმზვერავები.

ისე კი, სპეცსამსახურების დაუწერელი კანონების გამო, ქართული სპეცსამსახურები არასოდეს აღიარებენ (უახლეს მომავალში მაინც), მართლა მათი აგენტები დაიჭირეს თუ არა...