ქართველი ოფიცერი იარაღის გამოცდას შეეწირა
29-07-2013
ქართველი ოფიცერი იარაღის გამოცდას შეეწირა
გარემონტებული ყუმბარსატყორცნის საცეცხლე გამოცდისას მომხდარი აფეთქებებისას სასიკვდილო ჭრილობა მიიღო მაიორმა ოტელო გულბიანმა, რომელიც ქართულ არმიაში 21 წელი მსახურობდა...

25 ივლისს ვაზიანის პოლიგონზე მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, რა რთული და ხიფათით სავსეა სამხედროს პროფესია.

ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, საქართველოს შეიარაღებული ძალების მაიორი ოტელო გულბიანი ვაზიანში, იარაღის გამოცდისას მიღებული სასიკვდილო ჭრილობით გარდაიცვალა.

მაიორი გულბიანი, რომელიც ქართულ არმიაში 1992 წლიდან მსახურობდა, ბოლოს გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო
ბაზის ტექნიკური კონტროლის განყოფილების ინჟინერი იყო. იგი ტრაგედიის დროს ვაზიანის პოლიგონზე მიმდინარე აღდგენილი ხელით სასროლი იარაღის გამოცდას ხელმძღვანელობდა.

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სროლები წარმოებდა გარემონტებული დაზგის ავტომატური ყუმბარსატყორცნიდან - АГС-17-დან. გასროლისას ყუმბარსატყორცნის ლულიდან გამოსვლისთანავე აფეთქდა 30 მმ კალიბრის ყუმბარა, რომლის ნამსხვრევები იქვე მდგარ მაიორ ოტელო გულბიანს
არტერიაში მოხვდა. ჭრილობა, სამწუხაროდ, სასიკვდილო აღმოჩნდა.

საერთოდ, დაზგის ავტომატური ყუმბარსატყორცნის - АГС-17-ის 30მმ კალიბრის ВОГ-17 ტიპის და ავტომატის ლულისქვეშა ყუმბარსატყორცნის - ГП-25-ის 40მმ კალიბრის ВОГ-25-ის ყუმბარები (ყოველ შემთხევაში, ის პარტიები, რაც ქართულმა არმიამ სხვადასხვა ქვეყანაში შეიძინა) თავისი უცნაურობით გამოირჩევა და არცთუ იშვიათად მიწაზე დაცემისას არ ფეთქდება (კრწანისის სასწავლო ცენტრის პოლიგონის დაცვაში მყოფი აზერბაიჯანული ეროვნების ქართული არმიის ჯარისკაცი იმის შემდეგ დაიღუპა, რაც პოლიგონზე ნაპოვნი აუფეთქებელი ВОГ-25-ის დაშლა სცადა. ამ ტრაგედიიდან ცოტა ხნის შემდეგ იმავე დანაყოფის მეორე ჯარისკაცს მაშინ მიუსწრეს სულზე, როდესაც ასეთივე აუფეთქებელი ყუმბარის დაშლას ლამობდა).
"კვირის პალიტრა" თანაუგრძნობს ტრაგიკულად დაღუპული მაიორის - ოტელო გულბიანის ოჯახს. იმედი გვაქვს, ქართველი სამხედროს დაღუპვის ობიექტური მიზეზები დადგინდება.

არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ თავის დროზე საზღვარგარეთ დეფექტიანი ყუმბარები შეიძინეს, რადგან წესით, გასროლისას ლულიდან გამოსვლის მომენტში ამ ყუმბარების ამფეთქებლები ჯერ კიდევ დაცვის მექანიზმზე უნდა იდგეს.
ამფეთქებლის დაცვის მექანიზმი ყუმბარის ლულის ბოლოდან 10-60 მ-ით გაფრენის შემდეგ იხსნება და ამფეთქი საბრძოლო მდგომარეობაში მოდის. ამფეთქის ინიცირება მხოლოდ შეჯახების შედეგად ხდება. ამიტომაც საგამოძიებო კომისიამ უნდა დაადგინოს, რატომ მოხდა ყუმბარის ამფეთქის ინიცირება უშუალოდ ლულიდან გამოსვლისთანავე...

Alex
16 აგვისტო 2013 01:10
შეიძლება ყოფილიყო დანაღმული იარაღი. ასეა საკუთარი იარაღის წარმოება რომ არ გაქვს :(
emzo
05 აგვისტო 2013 20:41
ღმერთმა აცხონოს.
ლევანი ხაჭაპურიძე
31 ივლისი 2013 13:57
სწორედ, რომ გამოსაძიებელია ამ უვარგისი ე.წ. კოოპერატივის და არა ქარხნული ჭურვების საქმე, რომლების შემოტანას ჯანაშვილი და უდესიანი ხელმძღვანელობდნენ, 30-მდე ჯარისკაცია დაჭრილი და დაღუპული ამის გამო პოლიგონზე, იცით ეს თქვენ? მე გიწერთ ჩემს სახელს და გვარს, სამაჩაბლოელი ვარ და პასუხს ვაგებ ნათქვამზე. სწორედ ტექნიკისა და ტყვია-წამლის ჩამოწერის მიზეზით დაიწყო სააკაშვილის მთავრობამ 2008 წლის ომი, რომ ფული გაეთეთრებინა. საბრძოლველად რატომ არ წაიღეს მ-14 ავტომატები? იმიტომ, რომ თურქულები იყო და იჭედებოდა, კანონით კოლტის ქარხნის მ-14 ჰქონდათ გაფორმებული, ამიტომ გააზიდინეს რუსებს გორიდან და სენაკიდან, ეს იგივეა შევარდნაძემ 1992-ში რუმინული აკმ-ები და აკს-ები რომ შემოიტანა, რომლებიც მხოლოდ 1 მჭიდს ისროდა ნორმალურად. "ომი ყველაფერს ჩამოგვაწერს!"-ო და ჩამოწერეს კიდეც. ეს ბრალდება უნდა გახდეს უპირველესი ნაცების მიმართ და ყველაფერს მალე აეხდება ფარდა!

რედაქტორის რჩევით