ოკუპაციის მეხუთე წელი... - კვირის პალიტრა

ოკუპაციის მეხუთე წელი...

აგვისტოს ომის მეხუთე წელს საქართველო გაძლიერებული რუსული საოკუპაციო ბაზებით ხვდება...

ხუთი წელი ისტორიისთვის წამიც არ არის, თუმცა ჩვენთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის მომსწრეთათვის, საკმაო დროა იმის გასაანალიზებლად, რა ხდება ოკუპაციის მეხუთე წლისთავზე.

სამხედრო თვალსაზრისით, აგვისტოს ომის შემდეგ მივიღეთ ოკუპირებული ზონები ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, სადაც განვლილ ხუთ წელიწადში რუსული სამხედრო ბაზები კიდევ უფრო გაძლიერდა.

ამას დაემატა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის Aჩ<-ის განკარგულებაში მყოფი სასაზღვრო ჯარების მცდელობა, რეალურ სახელმწიფო საზღვრად აქციონ ოკუპაციის ზონების საზღვრები მავთულხლართებისა და საკონტროლო პუნქტების გამოყენებით.

შარშან ოქტომბერში "ნაციონალური მოძრაობის" ერთპიროვნულ მმართველობას საფუძველი შეერყა, რამაც გააჩინა იმედი, რომ სააკაშვილის ფაქტორის მომიზეზებით მოსკოვი საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე სამხედრო აგრესიას არ განაახლებდა.

თუმცა მე-4 (ცხინვალის რეგიონში) და მე-7 (აფხაზეთში) რუსული საოკუპაციო ბაზების სიძლიერე საკმარისია, რომ კრემლმა საქართველოს ნებისმიერ დროს შეუტიოს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან რუს სამხედროებს რამდენიმე საათში შეუძლიათ გადაჭრან თბილისი-გორის დამაკავშირებელი საავტომობილო და სარკინიგზო გზები და საქართველოს შუაზე გაწყვეტა სცადონ.

ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული მე-7 რუსული სამხედრო ბაზის საბრძოლო ამოცანა, სავარაუდოდ, არის ფოთის პორტის დაკავება და დასავლეთ საქართველოში საბრძოლო ოპერაციების წარმოება.

მე-7 რუსული ბაზის "ტოჩკა-უ" და "ისკანდერის" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსებით საბოლოოდ აღჭურვის შემდეგ რუსული რაკეტები გალის რაიონიდან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი თურქეთის ტერიტორიის შუაგულამდე მიღწევასაც შეძლებს.

გუდაუთის ბომბორას სამხედრო აეროდრომის სრული მოდერნიზაციის შემდეგ მოსკოვს საშუალება მიეცემა, იქ განათავსოს ყველა კლასისა და ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი და შვეულმფრენი, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს რუსეთის საჰაერო კონტროლს შავი ზღვის თითქმის მთელ აკვატორიაზე.

გალის რაიონში, ოჩამჩირეში, სოხუმსა და გუდაუთასთან რუსული C-300 (რომლებიც უკვე მოქმედებს) და მით უმეტეს - თანამედროვე C-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების ფუნქციონირება მოსკოვს საშუალებას მისცემს, შავ ზღვაზე, სანაპიროდან თითქმის 400 კმ რადიუსში, სრული საჰაერო კონტროლი დააწესოს.

გამოდის, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილობრივი ოკუპაციის მეხუთე წელს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სამხედრო გაძლიერებამ არა მარტო ოფიციალური თბილისი, არამედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობაც უნდა დააფიქროს.