ავღანეთიდან ნატო საქართველოს გავლით გამოვა?
05-08-2013
ავღანეთიდან ნატო საქართველოს გავლით გამოვა?
2014 წელი ავღანეთში მყოფი ISAF-ის ძალებისთვის ძალიან დაძაბული იქნება, რადგან ამ მისიის დასრულების შემდეგ ავღანეთიდან ასიათასობით ტონა ტვირთი, მათ შორის - საბრძოლო მანქანები, ტყვია-წამალი, აღჭურვილობა და სხვა მატერიალური ფასეულობა უნდა გამოიტანონ.

ავღანეთში კოალიციური ძალების ბაზების შექმნა 2001 წლის ბოლოს დაიწყო და განვლილი 12 წლის განმავლობაში იქ მნიშვნელოვანი რაოდენობის ძვირად ღირებული ქონება დაგროვდა. მათ ნაწილს  NATO-ს ხელმძღვანელობა, ეტყობა, პრეზიდენტ ყარზაის ერთგულ შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციას გაუნაწილებს, მაგრამ ძირითადი ნაწილი ავღანეთიდან გამოსატანია,
თუნდაც იმიტომ, რომ ჯავშანმანქანები და არტილერია შემთხვევით თალიბებს არ ჩაუვარდეთ ხელში. 1989 წელს, მე-40 საბჭოთა არმიამ ავღანეთი დატოვა და უზარმაზარი არსენალი ადგილობრივ ხელისუფლებას დაუტოვა, ორ-სამ წელში კი ამ იარაღის უდიდესი ნაწილი სწორედ მოჯაჰედების ხელში აღმოჩნდა.
NATO-სთვის ყველაზე ხელსაყრელი იქნებოდა, ავღანეთიდან შეიარაღება და მატერიალური ფასეულობა ისევ
პაკისტანის გავლით, საზღვაო გზით გამოეტანა. თუმცა ბოლო დროს აშშ-სა და პაკისტანს შორის გაჩენილი დაძაბულობა ამ გზის ეფექტიანად გამოყენებას ეჭვქვეშ აყენებს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის ასევე მისაღებია ჩრდილოეთის სახმელეთო გზაც, რომელიც ავღანეთიდან შუა აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე გადის, შემდეგ რუსეთს გადაკვეთს და შედის ბალტიისპირეთში.
ეს მიმართულება NATO-მ რამდენჯერმე უკვე გამოიყენა, როდესაც რიგიდან რუსეთის გავლით რკინიგზით ავღანეთში არასაბრძოლო დანიშნულების ტვირთი ჩაიტანა.

დღეს, როდესაც რუსეთმა აშშ-ის ძებნილ ყოფილ ამერიკელ აგენტ სნოუდენს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა, ურთიერთობა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ძალზე დაიძაბა და რუსეთის გავლით ავღანეთიდან  NATO-ს ტვირთის ევროპაში გატანა სათუო გახდა.
მესამე ალტერნატიული მიმართულება, რომლის საშუალებითაც ISAF-ის ტვირთმა შეიძლება ავღანეთი დატოვოს, სამხრეთ კავკასიაზე გადის.

"კვირის პალიტრა" ამ სატრანზიტო დერეფანზე ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ წერდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას ვაპირებდით. ჩვენ ვთვლიდით, რომ ავღანეთში ქართველი სამხედროების გაგზავნაზე მეტად ყურადღება სწორედ  NATO-სთვის სატრანზიტო დერეფნის დათმობაზე უნდა გაგვემახვილებინა, რაც ფინანსურადაც მომგებიანი იქნებოდა და ამასთან, ნაკლებად სახიფათო, ვიდრე ავღანეთში სამხედროების გაგზავნა.

ეს სატრანზიტო მარშრუტი იწყება ავღანეთიდან და თურქმენეთის (თუკი ამ ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც ნეიტრალიტეტის პრინციპს იცავს, ამის უფლებას მისცემს ნატო-ს) ან უზბეკეთ-ყაზახეთის გავლით გადმოდის აზერბაიჯანში, შემდეგ საქართველოში და ფოთის პორტიდან ევროპისკენ მიდის.
ბაქო-ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ამოქმედების შემთხვევაში კიდევ უფრო გაადვილდება ავღანეთიდან გამოტანილი ტვირთის ჩატანა თურქეთის ხმელთაშუა ზღვისპირა პორტებში.
თუკი გაიმარჯვა სწორედ სამხრეთ კავკასიაზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის იდეამ, ეს საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად წაადგება, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლებამ ფინანსურად მომგებიანი კონტრაქტები დადო.

თუმცა ავღანეთიდან NATO-ს ტვირთის საქართველოს გავლით გამოტანამ შეიძლება ძალზე საშიში პრობლემის წინაშეც დაგვაყენოს, კერძოდ, გაიზარდოს ნარკოტიკებისა და იარაღის კონტრაბანდა (როდესაც საბჭოთა არმია ავღანეთს ტოვებდა, ოფიცრები და ჯარისკაცები ნარკოტიკებსა და იარაღს ტანკებისა თუ შვეულმფრენების ყველა ნაკვეთურში მალავდნენ და ისე გადმოჰქონდათ), რასაც ქართველი სამართალდამცველები მომზადებულნი უნდა დახვდნენ.
ado
24 აგვისტო 2013 10:28
მოეშვით ნატოს
saqartvelo
10 აგვისტო 2013 11:41
საერთოდ ჯობია რომ ნატო-ნატოს ყვირილში მთლიანად არ შევწიროთ ჩვენი ქვეყანა,ნატოში ვერც შევალთ და არც აპირებენ რომ შეგვიშვან,ეს არის სააკშვილის ახირება და ერთი კაცის ლაპარაკზე არ უნდა წყდებოდეს საქართველოს ბედი, არც აგვისტოს ომი არ მოხდებოდა ცოტა დალაგებული ურთიერთობა რომ ეცადა რუსეთთან, აგვისტოს ომში ნუთუ ტყუილი იყო რომ ამერიკა დაგვეხმარა მხოლოდ თეთრეულით და არა იარაღით,იარაღს არცერთ შემთხვევაში არასოდეს არ მოგვაწვდის დახმარების სახით,იმიტომ რომ ეგ რუსეთთან დაპირისპირებას ნიშნავს და ჩვენი გულისთვის თავს საფრთხეში არ ჩაიგდებს, წაიღონ ის თეთრეული და თავიაანთ ნატოს შტაბბინას გადააფარონ
tamaz
06 აგვისტო 2013 16:39
რას ბოდიალობს ნეტა ავტორი? ასე თუ იქნება, ისე თუ იქნება. მკითხაობა უნდა ამ საქმეს? მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტვირთი საქართველოზე არ გაივლის, იმდენად ძვირი ჯდება მარშრუტი.
იანკები მოელაპარაკებიან პაკებს ან ვანიას და უფრო იოლი მარშრუტით გაზიდავენ.

რედაქტორის რჩევით