ერევანს მოსკოვის ორმაგი თამაშის არ სჯერა - კვირის პალიტრა

ერევანს მოსკოვის ორმაგი თამაშის არ სჯერა

სომხეთი რუსეთს აზერბაიჯანისთვის იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის მიყიდვის გამო ჯერჯერობით საჯაროდ ვერ აკრიტიკებს

აზერბაიჯანში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ოფიციალურმა ვიზიტმა მეზობელ სომხეთში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

ოფიციალური ერევნისთვის განსაკუთრებით მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადება, რომ ეს ქვეყანა რუსეთისგან 4 მლრდ დოლარის შეიარაღებას ყიდულობს.

სომხეთის ხელისუფლების რეაქცია უფრო მძაფრი და ტრაგიკული იქნებოდა, მაგრამ პრეზიდენტ ალიევის ამ განცხადებას დაეთანხმა პრეზიდენტი პუტინი, რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლას კი სომხეთის დედაქალაქში ჯერჯერობით ვერ ბედავენ.

ამიტომაც სომხეთის თავდაცვის მინისტრ სეირან ოგანიანს ისეთი პასუხის გაცემამ მოუწია, არც მწვადი დაწვა და არც შამფური, - რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის შეიარაღება გვაშინებს, თუმცა ეს ციფრები ცოტა არარეალურია, რეალობიდან გამომდინარე, აზერბაიჯანში შეიძლება ყველა საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავთო.

სხვა რომელიმე ქვეყანას აზერბაიჯანისათვის ამდენი შეიარაღება რომ მიეყიდა, შეიძლება ოფიციალურ ერევანს ის სახელმწიფო მტრად გამოეცხადებინა და მისი ელჩებიც კი გაეძევებინა, თუმცა ამჯერად სომხეთის ხელისუფლება იძულებულია, თავისი მწვავე პროტესტი პოლიტიკურ კულუარებში "გამოკეტოს".

არადა, წესით, ერევანს აქამდეც უნდა გასჩენოდა ბევრი კითხვა თავის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელიც ბოლო დროს უხვად ამარაგებს იარაღით სომხეთის მთავარ მოწინააღმდეგეს - აზერბაიჯანს.

შეიძლება სომხეთში არ სურთ მეგობარი რუსებისგან ასეთი რამის დაჯერება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბოლო თვეებში რუსეთმა აზერბაიჯანის არმიას თანამედროვე საბრძოლო ტექნიკის ბევრი სახეობა გადასცა, მათ შორის, შემტევი სახის შეიარაღებაც - ტანკები, არტილერია და შვეულმფრენები, რომლებიც ომის განახლების შემთხვევაში სწორედ სომეხი სამხედროების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

ისე, სომხეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომ აზერბაიჯანში, სავარაუდოდ, ბევრი საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავთ, შესაძლოა, საფუძველს მოკლებული არც იყოს. საქმე ის არის, რომ აზერბაიჯანის არმია გაივსო სხვა ქვეყნებში - ისრაელში, რუსეთში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებული საბრძოლო ტექნიკით, რომელთა ერთდროული ეფექტური მოქმედება რთულია და დიდ ხარჯს მოითხოვს. ისრაელიდან ჩატანილ უპილოტოებს, სამხრეთაფრიკულ ჯავშანმანქანებსა თუ რუსულ ტანკებს სხვადასხვანაირი მომსახურება სჭირდება, რაც აზერბაიჯანში მაღალი დონის სამხედრო სპეციალისტების მომზადებას მოითხოვს, ეს კი ძალზე ძვირად ღირებული და ამასთან, ხანგრძლივი პროცესია.

სამხრეთ კავკასიის ამ ორ დაპირისპირებულ ქვეყანაში არსენალის მუდმივი ზრდა რეალურს ხდის მათ შორის საბრძოლო მოქმედებების განახლების საშიშროებას.