ერევანს მოსკოვის ორმაგი თამაშის არ სჯერა
19-08-2013
ერევანს მოსკოვის ორმაგი თამაშის არ სჯერა
სომხეთი რუსეთს აზერბაიჯანისთვის იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის მიყიდვის გამო ჯერჯერობით საჯაროდ ვერ აკრიტიკებს

აზერბაიჯანში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ოფიციალურმა ვიზიტმა მეზობელ სომხეთში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

ოფიციალური ერევნისთვის განსაკუთრებით მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადება, რომ ეს ქვეყანა რუსეთისგან 4 მლრდ დოლარის შეიარაღებას ყიდულობს.
სომხეთის ხელისუფლების რეაქცია უფრო მძაფრი და ტრაგიკული იქნებოდა, მაგრამ პრეზიდენტ ალიევის ამ განცხადებას დაეთანხმა პრეზიდენტი პუტინი, რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლას კი სომხეთის დედაქალაქში ჯერჯერობით ვერ
ბედავენ.

ამიტომაც სომხეთის თავდაცვის მინისტრ სეირან ოგანიანს ისეთი პასუხის გაცემამ მოუწია, არც მწვადი დაწვა და არც შამფური, - რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის შეიარაღება გვაშინებს, თუმცა ეს ციფრები ცოტა არარეალურია, რეალობიდან გამომდინარე, აზერბაიჯანში შეიძლება ყველა საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავთო.

სხვა რომელიმე ქვეყანას აზერბაიჯანისათვის ამდენი შეიარაღება რომ
მიეყიდა, შეიძლება ოფიციალურ ერევანს ის სახელმწიფო მტრად გამოეცხადებინა და მისი ელჩებიც კი გაეძევებინა, თუმცა ამჯერად სომხეთის ხელისუფლება იძულებულია, თავისი მწვავე პროტესტი პოლიტიკურ კულუარებში "გამოკეტოს".
არადა, წესით, ერევანს აქამდეც უნდა გასჩენოდა ბევრი კითხვა თავის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელიც ბოლო დროს უხვად ამარაგებს იარაღით სომხეთის მთავარ მოწინააღმდეგეს - აზერბაიჯანს.

შეიძლება სომხეთში არ სურთ მეგობარი რუსებისგან ასეთი რამის დაჯერება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბოლო თვეებში რუსეთმა აზერბაიჯანის არმიას თანამედროვე საბრძოლო ტექნიკის ბევრი სახეობა გადასცა, მათ შორის, შემტევი სახის შეიარაღებაც - ტანკები, არტილერია და შვეულმფრენები, რომლებიც ომის განახლების შემთხვევაში სწორედ სომეხი სამხედროების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.
ისე, სომხეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომ აზერბაიჯანში, სავარაუდოდ, ბევრი საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავთ, შესაძლოა, საფუძველს მოკლებული არც იყოს. საქმე ის არის, რომ აზერბაიჯანის არმია გაივსო სხვა ქვეყნებში - ისრაელში, რუსეთში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებული საბრძოლო ტექნიკით, რომელთა ერთდროული ეფექტური მოქმედება რთულია და დიდ ხარჯს მოითხოვს. ისრაელიდან ჩატანილ უპილოტოებს, სამხრეთაფრიკულ ჯავშანმანქანებსა თუ რუსულ ტანკებს სხვადასხვანაირი მომსახურება სჭირდება, რაც აზერბაიჯანში მაღალი დონის სამხედრო სპეციალისტების მომზადებას მოითხოვს, ეს კი ძალზე ძვირად ღირებული და ამასთან, ხანგრძლივი პროცესია.

სამხრეთ კავკასიის ამ ორ დაპირისპირებულ ქვეყანაში არსენალის მუდმივი ზრდა რეალურს ხდის მათ შორის საბრძოლო მოქმედებების განახლების საშიშროებას.
ჭაბუკი
27 აგვისტო 2013 08:37
როგორც ჩანს სომხებს დიპლომაპიური მიდგომები რასაც ჩვენ აფირისტობას ვეძახით სისხლში აქვთ მეტად აზროვნებენ სანამ რამეს იტყვიან რადგან იციან რომ ნათქვამი სიტყვის უკან ჩაბრუნება არ ხდება ჩვენთან კიდე მეორე დღის სამხედრო ოპერაციებზე ტელევიზორში ყვებოდნენ
Jondi
23 აგვისტო 2013 18:47
ბატონო ირაკლი,

იმედია შემდეგ ნომერში დაწერთ სირიაში ქიმიური იარაიღის გამოყენებაზე და შედეგებზე. დღეს დაწერა ნიუ იორკ თაიმსმა რომ ამერიკამ კონფლიქტში ჩარევა გადაწყვიტა, განიხილავენ თუ რა სახის საჰაერო დარტყმა მიაყენონ, აქედან საფრანგეთიც ემზადება სამხედრო ჩარევისთვის და ნაძირალა რუსეთი კი ნაგლად იძახის ეს ვიდეო მასალა ყალბიაო და ასადს სამხედრო დახმარებას პირდება. 1300 კაცი თუ მოკვდა ამის დამტკიცებას რა უნდა? ბბს-იმ ძაან ძაან დიდი ალბოთობით ეს ვიდეოები ყალბი არ არისო...ისრაელი და თუქრეთი კი გაცოფებას ვერ მალავს ასადის წინააღმდეგ და დარტყიმისკენ მოუწოდებს ყველას...სიაინტერესოა რა ხდება, მართლთა თუ მოხდა ქიმიური იარაღის გამოყენება და თუ დაარტყეს სირიას ჩვენთვის რამე თუ შეიცვლება?
giga
21 აგვისტო 2013 00:57
კაი კაცო, რას მიედებით ხოლმე, "ისრაელიდან ჩატანილ უპილოტოებს, სამხრეთაფრიკულ ჯავშანმანქანებსა თუ რუსულ ტანკებს სხვადასხვანაირი მომსახურება სჭირდება,"-----ეხლა რუსული უპილოტო რომ ყოფილიყო, რუსული ტანკისა და უპილოტოს მომსახურება ერთიდაიგივე პერსონალს შეეძლება? ან ერთიდაიგივე ნაცილებს მოიხმარს? ხომ არის იმ უპილოტოსათვის სრულიად სხვა პერსონალი საჭირო? ხოდა იმ პერსონალისათვის რა აზრი ექნება "ტავარი" ებრაულია თუ რუსული? თუ დებილები არიან და ვერ აითვისებენ? რაც ჩამოთვალეთ სრულიად სხვადასხვა კლასის შეიარაღებაა და არანაირად არ უშლის ხელს მომსახურე პერსონალს მის მომსახურებაში. პრობლემა მაშინ ექნებათ ჩვენსავით თუ ააჭრელებენ ჯტრ-ს პარკს.

რედაქტორის რჩევით