ინდოელებს რუსული წყალქვეშა ნავი აუფეთქდათ - კვირის პალიტრა

ინდოელებს რუსული წყალქვეშა ნავი აუფეთქდათ

14 აგვისტოს დილას ქალაქ მუმბაის პორტში მოულოდნელად აფეთქდა პირსთან მდგარი ინდოეთის დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავი "სინდურაქშაქი", რომელიც სანახევროდ ჩაიძირა. სამწუხაროდ, მაშველებმა ვერ მოახერხეს წყალქვეშა ნავის ნაკვეთურებში დარჩენილი 18 მეზღვაურის გადარჩენა.

წინასწარი მონაცემებით, ტრაგედიას წინ აფეთქებები უძღოდა, რამაც მომხდარის ასახსნელად რამდენიმე ვერსია გააჩინა: ტერორისტული აქტი, წყალბადის აფეთქება წყალქვეშა ნავის აკუმულატორების დატენის დროს ან ბორტზე არსებული შეიარაღების - ტორპედოებისა და რაკეტების აფეთქება.

ეს წყალქვეშა ნავი დელისთვის რუსეთმა დაამზადა 1997 წელს და მას შემდეგ ინდოეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღებაში იყო, თუმცა 2010-2012 წლებში რუსეთში კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა და ახლახან დაბრუნდა მუმბაის პორტში.

რუსი ექსპერტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ინდურ წყალქვეშა ნავზე აფეთქების მიზეზი იგივე იყოს, რამაც 2000 წლის 12 აგვისტოს ბარენცის ზღვაში რუსული ატომური წყალქვეშა ნავი "კურსკი" და 118 მეზღვაური იმსხვერპლა.

თუ ინდური წყალქვეშა ნავის აფეთქების მიზეზი მართლაც საქარხნო წუნია, ეს რუსეთის სამხედრო ექსპორტს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.