როგორ იწყებოდა აფხაზეთის ომი... - კვირის პალიტრა

როგორ იწყებოდა აფხაზეთის ომი...

რუსი გენერალი იქით გვეხვეწებოდა, ტანკები და ქვემეხები ჩქარა წაიღეთო... 1992 წლის

13 აგვისტო, აფხაზეთში ომის დაწყების წინა დღე იდგა...

საკუთარი თვალით დანახულისა და აღქმულის გაანალიზება და ამის შესახებ დაწერა ჟურნალისტისთვის თითქოს ადვილი უნდა იყოს, თუმცა 21 წლის წინანდელ ამბებზე დღეს პირველად ვწერ.

1992 წლის აგვისტოში, როგორც სამხედრო კორესპონდენტი, ცხინვალის რეგიონში, სოფელ ზემო ნიქოზთან, ქართული სამშვიდობო ბატალიონის შემადგენლობაში ვიყავი.

ერთ დღეს პოლკოვნიკ კარლენ კალანდაძესთან ერთად (რომელიც მაშინ ჩვენს სამშვიდობო ბატალიონს კონფლიქტის ზონაში დანაღმული ტერიტორიების განაღმვაში ეხმარებოდა და ამასთან, მაშინდელ ЗакВО-ში - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საინჟინრო სამსახურში მაღალი თანამდებობა ეკავა) "უაზით" ზემო ნიქოზიდან ახალციხეში ჩავედი.

ახალციხეში მაშინ დისლოცირებული იყო ЗакВО-ს მე-10 კადრირებული მექანიზებული დივიზია. ქალაქში, დივიზიის შტაბის წინ, გამაოგნებელ საუბარს შევესწარი - რუსი გენერალ-მაიორი ქართველ პოლკოვნიკს უყვიროდა, ჩქარა მიიღეთ ტანკები, არტილერია, იარაღი, რას ზოზინობთო! და ბილწსიტყვაობასაც არ ერიდებოდა.

რუსი გენერლის ასეთი საქციელი მით უფრო გაუგონარი ჩანდა იმის ფონზე, რომ რამდენიმე თვით ადრე, როდესაც ქართველი გვარდიელები გორში, რუსული სასწავლო სატანკო ნაწილიდან ტანკების მალულად ყიდვასა და ცხინვალისკენ დაძვრას აპირებდნენ, ნაწილის ტერიტორიაზე ჩასაფრებულმა ЗакВО-ს ლაგოდეხის მე-12 ცალკეული ბრიგადის "ღამურებმა" ქართველებს ცეცხლი გაუხსნეს, ხოლო შემდეგ რუსმა ოფიცრებმა ტანკები გორის ქუჩებში გამოიყვანეს და მშვიდობიან მოსახლეობას დაერივნენ.

იმ დღეს ჩვენც მოგვიწია ახალციხესთან, სოფელ კლდესთან, უზარმაზარი საინჟინრო საწყობის მიღებამ, რომელშიც მარტო ტანკსაწინააღმდეგო 25 ათასი ნაღმი ინახებოდა. დღის ბოლოს კი აბასთუმნის შესასვლელში დისლოცირებულ საინჟინრო ნაწილში არსებული სპეციალური საინჟინრო ტექნიკა ჩავიბარეთ.

ასე დასრულდა ეს მძიმე და შთამბეჭდავი დღე, რომლის განმავლობაშიც იმდროინდელი ქართული არმიის შეიარაღება გაათმაგდა.

მეორე დღეს - 1992 წლის 14 აგვისტოს, რადიოთი შევიტყვეთ, რომ აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო.

იმ დღესვე გუდაუთაში რუსულ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ნაწილზე თავდასხმის ინსცენირება მოეწყო, რის შემდეგაც აფხაზმა სეპარატისტებმა ამ ნაწილის საწყობებიდან დაუბრკოლებლად გაიტანეს ათასზე მეტი პისტოლეტი, ავტომატი და ტყვიამფრქვევი.

იმ ძალამ, ვინც აფხაზეთის ომი დაგეგმა და მისი გაჩაღებისთვის ორივე დაპირისპირებულ მხარეს - ქართველებსაც და აფხაზებსაც - სანადირო თოფებზე უფრო მრისხანე იარაღი: ავტომატები, ჰაუბიცები, რაკეტები და ტანკები მისცა, მიზანს მიაღწია.