როგორ იწყებოდა აფხაზეთის ომი...
19-08-2013
როგორ იწყებოდა აფხაზეთის ომი...
რუსი გენერალი იქით გვეხვეწებოდა, ტანკები და ქვემეხები ჩქარა წაიღეთო... 1992 წლის
13 აგვისტო, აფხაზეთში ომის დაწყების წინა დღე იდგა...


საკუთარი თვალით დანახულისა და აღქმულის გაანალიზება და ამის შესახებ დაწერა ჟურნალისტისთვის თითქოს ადვილი უნდა იყოს, თუმცა 21 წლის წინანდელ ამბებზე დღეს პირველად ვწერ.

1992 წლის აგვისტოში, როგორც სამხედრო კორესპონდენტი, ცხინვალის რეგიონში, სოფელ ზემო ნიქოზთან, ქართული სამშვიდობო ბატალიონის შემადგენლობაში ვიყავი.
ერთ დღეს პოლკოვნიკ კარლენ კალანდაძესთან ერთად (რომელიც მაშინ ჩვენს სამშვიდობო ბატალიონს კონფლიქტის
ზონაში დანაღმული ტერიტორიების განაღმვაში ეხმარებოდა და ამასთან, მაშინდელ ЗакВО-ში - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საინჟინრო სამსახურში მაღალი თანამდებობა ეკავა) "უაზით" ზემო ნიქოზიდან ახალციხეში ჩავედი.

ახალციხეში მაშინ დისლოცირებული იყო ЗакВО-ს მე-10 კადრირებული მექანიზებული დივიზია. ქალაქში, დივიზიის შტაბის წინ, გამაოგნებელ საუბარს შევესწარი - რუსი გენერალ-მაიორი ქართველ პოლკოვნიკს უყვიროდა,
ჩქარა მიიღეთ ტანკები, არტილერია, იარაღი, რას ზოზინობთო! და ბილწსიტყვაობასაც არ ერიდებოდა.

რუსი გენერლის ასეთი საქციელი მით უფრო გაუგონარი ჩანდა იმის ფონზე, რომ რამდენიმე თვით ადრე, როდესაც ქართველი გვარდიელები გორში, რუსული სასწავლო სატანკო ნაწილიდან ტანკების მალულად ყიდვასა და ცხინვალისკენ დაძვრას აპირებდნენ, ნაწილის ტერიტორიაზე ჩასაფრებულმა ЗакВО-ს ლაგოდეხის მე-12 ცალკეული ბრიგადის "ღამურებმა" ქართველებს ცეცხლი გაუხსნეს, ხოლო შემდეგ რუსმა ოფიცრებმა ტანკები გორის ქუჩებში გამოიყვანეს და მშვიდობიან მოსახლეობას დაერივნენ.
იმ დღეს ჩვენც მოგვიწია ახალციხესთან, სოფელ კლდესთან, უზარმაზარი საინჟინრო საწყობის მიღებამ, რომელშიც მარტო ტანკსაწინააღმდეგო 25 ათასი ნაღმი ინახებოდა. დღის ბოლოს კი აბასთუმნის შესასვლელში დისლოცირებულ საინჟინრო ნაწილში არსებული სპეციალური საინჟინრო ტექნიკა ჩავიბარეთ.

ასე დასრულდა ეს მძიმე და შთამბეჭდავი დღე, რომლის განმავლობაშიც იმდროინდელი ქართული არმიის შეიარაღება გაათმაგდა.
მეორე დღეს - 1992 წლის 14 აგვისტოს, რადიოთი შევიტყვეთ, რომ აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო.

იმ დღესვე გუდაუთაში რუსულ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ნაწილზე თავდასხმის ინსცენირება მოეწყო, რის შემდეგაც აფხაზმა სეპარატისტებმა ამ ნაწილის საწყობებიდან დაუბრკოლებლად გაიტანეს ათასზე მეტი პისტოლეტი, ავტომატი და ტყვიამფრქვევი.

იმ ძალამ, ვინც აფხაზეთის ომი დაგეგმა და მისი გაჩაღებისთვის ორივე დაპირისპირებულ მხარეს - ქართველებსაც და აფხაზებსაც - სანადირო თოფებზე უფრო მრისხანე იარაღი: ავტომატები, ჰაუბიცები, რაკეტები და ტანკები მისცა, მიზანს მიაღწია.
დატკა
27 სექტემბერი 2016 18:28
ხახახახ გასაგებია ბუტულიკები რომ ვარტ
davit boboxias
25 დეკემბერი 2013 23:20
ბატონი დავით! ნუ გგონიათ, რომ თქვენს გარდა აქ არავინ არის სოხუმელი, ოჩამჩირელი, გაგრელი და სხვა. არანაირი პირტიტველა შეიარაღებული აფხაზებით არ იყო სავსე სოხუმი, მაგ დროისათვის მიზეზთა გამო მე და ჩემს ოჯახს ძალიან ხშირად გვიხდებოდა გადაადგილება აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ძირითადად სოხუმში,გამომდინარე აქედან შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ არანაირი შეიარაღებული მასების ქუჩაში პარპაში აფხაზეთში არ ყოფილა, აფხაზურ-ქართული ტრაგედია მას შემდეგ დატრიალდა რაც პუტჩისტები და მათი უკანონო ფორმირებები აფხაზეთში შემოვიდნენ
soso
08 ნოემბერი 2013 23:38
მაშინდელ უტვინო და გამოქლიავებული გენერლები კიტოვანი და სხვები შევარდნაძის მეთაურობით ჟანგიანი ტ-55 ტიპის ტანკებით 14 აგვისტოს აფხაზეთში რო შეგრიხიდნენ რა ეგონათ?რუსეთი ბუბლიკების სროლას დაუწყებდა?
უბედურება ის იყო რო იმდროინდელი სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა სამხედრო საქმის გაგებაში არ იყო

რედაქტორის რჩევით