სომხეთმა შორსმსროლელი ჩინური "სმერჩები" შეიძინა
26-08-2013
სომხეთმა შორსმსროლელი ჩინური "სმერჩები" შეიძინა
130 კმ-მდე მსროლელი ჩინური სარაკეტო სისტემებით ერევანმა ბაქოს გადაასწრო

რადიო "თავისუფლების" სომხურმა რედაქციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოფიციალურმა ერევანმა დაუდგენელი რაოდენობის ჩინური წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - AR1A-ები შეიძინა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ ამ ინფორმაციას, რაც გვაფიქრებინებს, რომ სომხეთის არმიის შეიარაღებაში ასეთი საბრძოლო ტექნიკა მართლაც გაჩნდა.

ჩინური წარმოების  AR1A, ფაქტობრივად, რუსული "სმერჩის" მოდერნიზებული ვარიანტია და 60 წმ-ში ათი ცალი რაკეტის მაქსიმალურ 130 კმ-ზე გაშვება შეუძლია.

ერევანი და პეკინი ადრეც არიან "შემჩნეული" სარაკეტო გარიგებაში, როდესაც 1999 წელს სომხეთის არმიის შეიარაღებაში რვა ცალი ჩინური WM-80 გამოჩნდა.
თუმცა WM-80-ისგან განსხვავებით, რომელიც უმართავ რაკეტებს მხოლოდ 80 კმ-მდე უშვებდა, ახალ AR1A-ს რაკეტის გაშვება 50 კმ-ით შორს შეუძლია.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფორმაციაა იმ აზერბაიჯანელი გენერლებისთვის, რომელთა
განკარგულებაში არსებული რუსული "სმერჩების" საბრძოლო რადიუსი 70-90 კმ-ს არ აღემატება.
საარტილერიო და სარაკეტო დაპირისპირებისას დიდ უპირატესობას თავიდანვე ის მხარე აღწევს, რომელსაც არსენალში უფრო შორსმსროლელი არტილერია აქვს. ამიტომ სომეხი სამხედროები ახალშეძენილი ჩინური AR1A-ებით აზერბაიჯანელებთან კონტრსაარტილერიო ორთაბრძოლის შემთხვევაში უფრო მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანული ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსების - Точка-У-ების მოქმედების მაქსიმალური რადიუსი 120 კმ-ს არ აღემატება.

სავარაუდოდ, ჩინური შორსმსროლელი სარაკეტო სისტემების შესყიდვის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა თავად ოფიციალურ ერევანს აძლევდა ხელს ორი მიზეზით. ჯერ ერთი, თავის მოსახლეობას აუწყა, რომ რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის თანამედროვე საბრძოლო ტექნიკის მიყიდვის შემდეგ სომხეთიც ძლიერდება; მეორე გზავნილი კი შეიძლება მოსკოვისთვის იყოს განკუთვნილი - თუკი რუსეთი ბაქოს აიარაღებს, ერევანი იარაღის ექსპორტის ალტერნატიულ გზას ადვილად იპოვის, თუნდაც ჩინეთში...

P.S. სანამ აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს არტილერიის მოქმედების რადიუსის გაზრდით ემუქრებიან, ქართული არმია კვლავ მხოლოდ 45 კმ-მდე მსროლელი ისრაელის წარმოების Lar-160-ების იმედად რჩება.
shooter
31 აგვისტო 2013 13:25
tamaz–ს სწორი კომენტარია, იარაღის რაოდენობას და სროლის მანძილს მნიშვნელობა აქვს მაგრამ არა გადამწყვეტი. ჩვენ სულ სხვა კატეგორიის შეიარაღება გვჭირდება მაგ; ჯაველინი, პეტრიოტი, ტომაჰავკი. მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია უმჯობესია სახელმწიფომ დღესდღეობით მეურნეობის და სამუშაო ადგილების შექმნაზე იზრუნოს.
tamaz
29 აგვისტო 2013 13:53
ჯერ ერთი, თუ მაგ სისტემების ხარისხიც ისეთია, როგორც ყველაფერი ჩინურის, დიდი ვერაფერი ხეირი მაშინ. მეორეც, მარტო შორს გასროლა არაა გადამწყვეტი, ტერიტორიის სიდიდესაც ხომ აქვს მნიშვნელობა. აზერბაიჯნის საზღვრიდან 100 კმ-ით იქნებ ერევანსაც მიწვდე, ბაქომდე კი გაცილებით მეტია.
გიგა
26 აგვისტო 2013 23:06
სომხეთი აზერბაიჯანს მაინც ვერ გადაუსწრებს, რადგან აზერბაიჯანს ებრაული LYNX-ები აქვს, რომელიც 150 კმ-ზე ისვრის!

საინტერესეა მაგ დანადგარის ერთეულის და ჭურვების ფასი. იქნებ საქართველოც გაწვდეს!

რედაქტორის რჩევით