დეზინფორმაცია ორი კურდღლის დასაჭერად - კვირის პალიტრა

დეზინფორმაცია ორი კურდღლის დასაჭერად

ვის და რატომ სურს საქართველოს "მიწებება" სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან?!

სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებიდან რამდენიმე დღეში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეორგოლი, რომელზეც სირიელი შეიარაღებული ოპოზიციონერები თვითნაკეთი სასროლი მექანიზმიდან (რომელიც ნაღმსატყორცნისა და ჰაუბიცის ნაჯვარს წააგავს) უშვებენ გაზის ბალონის მსგავს ასაფეთქებელ მოწყობილობას, ე.წ. Hell  Cannon-ს (ჯოჯოხეთის ქვემეხი), კადრს მიღმა კი ვიღაც ამტკიცებს, რომ ეს ქიმიური იარაღია და სირიაში ოპოზიციამ ის საქართველოდან თურქეთის გავლით მიიღო. თურმე სადღაც თბილისის სიახლოვეს ქიმიურ იარაღს ამერიკულ ლაბორატორიაში ამზადებენ...

ამაზე უფრო უაზრო და დაუსაბუთებელი ბრალდების წარმოდგენა ძნელია. ამ დეზინფორმაციის უკან, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურები დგანან, რომლებსაც სურდათ, ამ ვიდეორგოლით ორი კურდღელი დაეჭირათ - ინტერნეტსივრცეში გაევრცელებინათ იმის მამტკიცებელი მასალა, რომ სირიაში ქიმიური იარაღი ოპოზიციამ გამოიყენა და არა პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმმა და ამ უდიდეს დანაშაულთან როგორმე დაეკავშირებინათ საქართველო და ყბადაღებული ალექსეევკის ბიოლოგიური ლაბორატორია.

რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობს, თბილისის სიახლოვეს, ალექსეევკაში ამერიკელების დახმარებით გახსნილი საზოგადოებივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღის დამამზადებელ ცენტრად წარმოადგინოს, ახლა კი ის უკვე "ქიმიური იარაღის ქარხნად" იქცა.

საინტერესოა, რომ ამ ვიდეორგოლში ნაჩვენები ნაღმსატყორცნ-ჰაუბიცის კუსტარულ ნაჯვარს სირიაში ოპოზიცია მეორე წელია, იყენებს და ამის დამადასტურებელი უამრავი ვიდეომასალა არსებობს, თუმცა მაშინ თავში არავის მოსვლია, ეს საქართველოსთან დაეკავშირებინა.

როგორც ჩანს, სოციალური ქსელებით გავრცელებული ეს კადრები ისევე, როგორც ვითომ თალიბების შემოთვლილი ვიდეომუქარა, ერთი დეზინფორმაციული ჯაჭვის რგოლებია, რომლებსაც მალე, ალბათ, სხვა ვიდეოებიც მოჰყვება, რასაც სოციალურ ქსელებში ასე ჩაფლული ქართველი საზოგადოება მომზადებული უნდა შეხვდეს.