დეზინფორმაცია ორი კურდღლის დასაჭერად
02-09-2013
დეზინფორმაცია ორი კურდღლის დასაჭერად
ვის და რატომ სურს საქართველოს "მიწებება" სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან?!

სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებიდან რამდენიმე დღეში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეორგოლი, რომელზეც სირიელი შეიარაღებული ოპოზიციონერები თვითნაკეთი სასროლი მექანიზმიდან (რომელიც ნაღმსატყორცნისა და ჰაუბიცის ნაჯვარს წააგავს) უშვებენ გაზის ბალონის მსგავს ასაფეთქებელ მოწყობილობას, ე.წ. Hell  Cannon-ს (ჯოჯოხეთის ქვემეხი), კადრს მიღმა კი ვიღაც ამტკიცებს, რომ ეს ქიმიური იარაღია და სირიაში ოპოზიციამ ის საქართველოდან თურქეთის გავლით მიიღო. თურმე სადღაც თბილისის სიახლოვეს ქიმიურ იარაღს ამერიკულ ლაბორატორიაში ამზადებენ...
ამაზე უფრო უაზრო და დაუსაბუთებელი ბრალდების წარმოდგენა ძნელია. ამ დეზინფორმაციის უკან, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურები დგანან, რომლებსაც სურდათ, ამ ვიდეორგოლით ორი კურდღელი დაეჭირათ - ინტერნეტსივრცეში გაევრცელებინათ იმის მამტკიცებელი მასალა, რომ სირიაში ქიმიური იარაღი ოპოზიციამ გამოიყენა და არა პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმმა და ამ უდიდეს დანაშაულთან როგორმე
დაეკავშირებინათ საქართველო და ყბადაღებული ალექსეევკის ბიოლოგიური ლაბორატორია.

რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობს, თბილისის სიახლოვეს, ალექსეევკაში ამერიკელების დახმარებით გახსნილი საზოგადოებივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღის დამამზადებელ ცენტრად წარმოადგინოს, ახლა კი ის უკვე "ქიმიური იარაღის ქარხნად" იქცა.

საინტერესოა, რომ ამ ვიდეორგოლში ნაჩვენები ნაღმსატყორცნ-ჰაუბიცის კუსტარულ ნაჯვარს სირიაში ოპოზიცია მეორე წელია, იყენებს და ამის დამადასტურებელი უამრავი ვიდეომასალა არსებობს, თუმცა მაშინ თავში არავის მოსვლია, ეს საქართველოსთან დაეკავშირებინა.

როგორც ჩანს, სოციალური ქსელებით გავრცელებული ეს კადრები ისევე, როგორც ვითომ თალიბების შემოთვლილი ვიდეომუქარა, ერთი დეზინფორმაციული ჯაჭვის რგოლებია, რომლებსაც მალე, ალბათ, სხვა ვიდეოებიც მოჰყვება, რასაც სოციალურ ქსელებში ასე ჩაფლული ქართველი საზოგადოება მომზადებული უნდა შეხვდეს.
Jondi
11 სექტემბერი 2013 13:34
რავიცი ბატონო ირაკლი წინა სტატიებში რუსულად მღეროდი და მეამბოხეებს აბრალებდი ქიმიური იარაღის გამოყენებას...ეხლა გაგახსენდათ რომ რუსეთი ყველაფერს იკადრებს?
დამლაგებელი
04 სექტემბერი 2013 15:51
ქართველები სიტუაციის სერიოზულობას ვერ ვაფასებთ. ჩვენ აფხაზეთი და ოსეთი მიშას უთაობის გამო არ დაგვიკარგავს, ეს იყო რუსეთის შუისძიება ამერიკაზე კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო. ამის შესახებ ამერიკელებმაც ძალიან კარგად იცოდნენ. სიტუაცია მეორდება. ამერიკის სირიაში ინტერვენციას შეიძლება პუტინის სამასუხო რეაქცია მოყვეს და მიზეზის მონახვა ქართველების სიჭკვიანიდან გამომდინარე არ გაუჭირდება. სავსებით რეალურია, რომ რუსეთმა ამერიკას სამაგიერო საქართველოში არეულობის პროვოკაციით უპასუხოს, დასანანია რომ ამერიკის და რუსეთის ერთმანეთთან 'ჭყანვით" მხოლოდ ჩვენ ვზარალდებოდით და გამონაკლისი არც მომავალი იქნება, ასე რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ
vaxo
04 სექტემბერი 2013 10:21
NARI, დავიტანჯე შენი კომენტარის წაკითხვით და ნახევარი ვერც კი გავიგე. ასე ძნელია შენთვის ქართული შრიფტით წერა? ტუ ძნელია სუკაც რა.

რედაქტორის რჩევით