რუსული "იახონტები" ამერიკული "ტომაჰავკების" წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

რუსული "იახონტები" ამერიკული "ტომაჰავკების" წინააღმდეგ

21 აგვისტოს დამასკოს გარეუბანში ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ, რასაც 1.500-მდე მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, სირიის ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი აშშ-ის პოზიცია რადიკალურად შეიცვალა.

თეთრი სახლი ადრეც გმობდა ბაშარ ასადის სისხლისმღვრელ პოლიტიკას საკუთარი ხალხის მიმართ, თუმცა აცხადებდა, რომ მხოლოდ ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება გახდებოდა ის "წითელი ხაზი", რომლის დარღვევას დასავლეთი ოფიციალურ დამასკოს არ აპატიებდა.

დამასკოში ქვეყნის ხელისუფლების მიერ მიწვეული გაეროს ქიმიური იარაღის ექსპერტების ჩასვლას საეჭვოდ დაემთხვა 21 აგვისტოს ტრაგედია, როდესაც სავარაუდოდ, ნერვულ-პარალიტიკური აირის - "ზარინის" შემცველი რაკეტები იქნა გამოყენებული.

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა ერთგვარად, საკუთარი ნათქვამის ტყვეობაში აღმოჩნდა, რადგან სირიაში გამოიყენეს ქიმიური იარაღი, რითაც "წითელი ხაზი" დაირღვა და ახლა მთელი მსოფლიო თეთრი სახლის რეაქციას ელოდება.

მიუხედავად იმისა, რომ ქიმიური იარაღის სწორედ ბაშარ ასადის ხელისუფლების მიერ გამოყენების ფაქტი ჯერ კიდევ არ იყო დადასტურებული გაეროს ექსპერტების მიერ, აშშ-ის სამხედრო მანქანა ამოქმედდა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ამერიკული სამხედრო ხომალდების თავმოყრა დაიწყო.

სირიის სანაპიროსთან უახლოეს დღეებში შეიძლება გამოჩნდეს ორი ამერიკული საავიამზიდო ჯგუფი "ჰარი ტრუმენისა" და "ნიმიცის" ატომური ავიამზიდების ჩათვლით. ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში უკვე შესულია "არლი ბერკის" კლასის ოთხი საესკადრო ნაღმოსანი.

ამერიკული საესკადრო ნაღმოსნები აღჭურვილია "იჯისის" ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემით და 92 ფრთოსანი რაკეტის - "ტომაჰავკის" გასაშვები დანადგარით.

სირიის წინააღმდეგ პენტაგონმა შეიძლება ასევე გამოიყენოს ორი "ოჰაიოს" ტიპის ატომური წყალქვეშა ნავი, რომელთაგან ერთს,  Georgia-ს (ცხადია, სახელი უწოდეს არა საქართველოს, არამედ აშშ-ის ერთ-ერთი შტატის პატივსაცემად) - ბაშარ ასადის ერთგული არმიის მნიშვნელოვანი ობიექტების მიმართულებით 22 გამშვები დანადგარიდან 154 "ტომაჰავკის" გასროლა შეუძლია.

გარდა ამერიკული ფლოტისა, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ბრიტანული და ფრანგული სამხედრო ხომალდებიც დრეიფობენ, თუმცა დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრს უარი უთხრა სირიის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე.

მართალია, ამერიკელებს სხვათა დაუხმარებლადაც შეუძლიათ სირიის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციის დაწყება, მაგრამ პრეზიდენტ ბარაქ ობამას სურს, შექმნას კოალიციური ძალა, როგორც ეს ლიბიაში, მუამარ კადაფის რეჟიმის დასამხობად მოხდა.

რა შეიძლება დაუპირისპიროს სირიის პრეზიდენტმა ამერიკელების შესაძლო საჰაერო შეტევას?

სირიის არმიის შეიარაღებაში ბოლო დრომდე 900-მდე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და 4 ათასამდე საზენიტო არტილერიის დანადგარი ირიცხებოდა. ერთი შეხედვით, ეს მართლაც შთამბეჭდავი რიცხვებია, თუმცა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების უმეტესობა მოძველებული - С-75, С-125, Куб და  Оса  ტიპისაა, რომელთა წინააღმდეგ რადიოელექტრონული ბრძოლის ეფექტური მეთოდები ამერიკელებმა ჯერ კიდევ ვიეტნამის, ერაყისა და ყოფილი იუგოსლავიის ომების დროს შეიმუშავეს.

ამერიკული ავიაციისთვის უფრო საშიშია სირიული შორი მოქმედების С-200 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მოდერნიზებული ვარიანტები, ასევე Бук-ები და Панцирь-ები, რომელთა ბაშარ ასადისთვის მიყიდვა ვლადიმირ პუტინმა უკვე მოასწრო. უფრო შორსმსროლელი რუსული ჩ-300-ების სირიის არმიისთვის გადაცემის დადასტურებული მონაცემები არ არსებობს.

ივლისის დასაწყისში სირიის საპორტო ქალაქ  ლატაკიაში ისრაელის ავიაციამ გაანადგურა რუსეთიდან ჩატანილი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების - Яхонт-ების მარაგი. სანაპიროდან გაშვებულ რუსულ "იახონტს" საზღვაო სამიზნეების დაზიანება და ჩაძირვა 300კმ-ზე შეუძლია, რაც ამერიკული ავიამზიდების კაპიტნებს სირიის სანაპიროსთან უფრო ახლოს ცურვის საშუალებას არ მისცემს.

ამერიკელებს ხმალთაშუა ზღვის სირიის სანაპიროსთან რუსული ფაქტორის გათვალისწინებაც მოუწევთ, რადგან მოსკოვის ბრძანებით სირიის პორტ ტარტუსკენ (სადაც რუსეთს თავისი სამხედრო ხომალდების მომარაგებისა და უზრუნველყოფის პუნქტი აქვს გახსნილი) უკვე მიემართება შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი სარაკეტო კრეისერი Vჯცრდფ სხვა ხომალდების თანხლებით.

P.S. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა, რომ აშშ სირიაში სამხედრო ოპერაციას დაიწყებს მხოლოდ საერთაშორისო კოალიციის შემადგენლობაში და ვაშინგტონი ამისთვის მოკავშირეებს ეძებს. მოგვიანებით პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დააზუსტა, რომ აშშ-ი "შეზღუდულ მოქმედებებს" განახორციელებენ სირიის წინააღმდეგ, თუმცა სახმელეთო ოპერაციებში არ ჩაერთვებიან.