სირია ამერიკული საჰაერო შეტევის მოლოდინში - კვირის პალიტრა

სირია ამერიკული საჰაერო შეტევის მოლოდინში

სანქტ-პეტერბურგში გამართული G20-ის წევრი ქვეყნებიდან ათმა მხარი დაუჭირა აშშ-ის ინიციატივას, დაიწყოს სამხედრო ოპერაციები სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ, რითაც სირიაზე საჰაერო თავდასხმა, ფაქტობრივად, შეუქცევად პროცესად აქცია.

აშშ, ავსტრალია, კანადა, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, სამხრეთი კორეა, საუდის არაბეთი, ესპანეთი, თურქეთი ქიმიური იარაღის გამოყენების გამო პრეზიდენტ ბაშარ ასადის დასჯას მოითხოვენ, თუმცა გაეროს ექსპერტებს ჯერ არ გამოუქვეყნებიათ დასკვნა, რომ ქიმიური იარაღით 1500-მდე ადამიანი სწორედ ასადის რეჟიმმა დახოცა.

ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს მოგვიანებით მხარი დაუჭირეს გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობაზე. ახლა პრეზიდენტი ბარაქ ობამა 11 სექტემბერს ელოდება, რათა შვებულებიდან დაბრუნებული ამერიკელი კონგრესმენების თანხმობა მიიღოს, რის შემდეგაც, ალბათ, საბრძოლო ოპერაცია დაიწყება.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტი ხმელთაშუა და წითელ ზღვებში, ასევე სპარსეთის ყურეში თავს უყრის ავიამზიდებს, კრეისერებს, საესკადრო ნაღმოსნებსა და ატომურ წყალქვეშა ნავებს.

ამერიკელი სამხედროები პირველი დარტყმისას აუცილებლად გამოიყენებენ "ტომაჰავკის" ტიპის ფრთოსან რაკეტებს, რომლებსაც წყალქვეშა ნავებიდან, კრეისერებიდან და საესკადრო ნაღმოსნებიდან ერთდროულად გაუშვებენ. თითოეულ ამერიკულ ატომურ ავიამზიდს კი არანაკლებ 55 ერთეული დამრტყმელი თვითმფრინავის გაგზავნა შეუძლია სირიის სახმელეთო ობიექტების, მათ შორის - რადიოლოკატორებისა და საზენიტო საშუალებების გასანადგურებლად.

საჰაერო ოპერაციის დასაწყებად თითქმის ერთთვიანმა მზადებამ ამერიკელებს მოულოდნელობის ეფექტი დააკარგვინა. პრეზიდენტ ბაშარ ასადის ერთგული სამხედრო დანაყოფები მომზადებულნი უნდა დახვდნენ ამერიკულ საჰაერო დარტყმებს, რისთვისაც, სავარაუდოდ, უკვე მიწისქვეშა ბუნკერებში აქვთ გადატანილი შტაბები და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.

სირიის ხელისუფლების არსენალში არსებულ საჰაერო თავდაცვის საშუალებებს შეუძლიათ გარკვეული წინააღმდეგობა გაუწიონ ამერიკულ ფრთოსან რაკეტებსა თუ დამრტყმელ თვითმფრინავებს, თუმცა ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება.

შურისძიების მიზნით სირიის ხელისუფლებამ შეიძლება სცადოს ბალისტიკური რაკეტების, მათ შორის - "სკადების"გაშვება ისრაელისა და თურქეთის (თუ ეს უკანასკნელი საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვება) მიმართულებით. მოძველებული "სკადების"სროლის სიზუსტე ძალიან დაბალია, თუმცა დიდ ქალაქებში ჩამოვარდნისას მან შეიძლება მსხვერპლი და რაც მთავარია, პანიკა გამოიწვიოს.

სირიის უკიდურესი ჩრდილოეთ საზღვრიდან საქართველოს უკიდურეს სამხრეთ საზღვრამდე პირდაპირი ხაზით 445 კმ-მდეა, თბილისამდე კი - 540 კმ, რაც თეორიულადაც გამორიცხავს 300 კმ-მდე მფრენი სირიული "სკადის"მოღწევის შესაძლებლობას. ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ამერიკული სამხედრო ფლოტის გაძლიერების პარალელურად, სირიის ნაპირისკენ მიემართება რამდენიმე რუსული საესკადრო ნაღმოსანი, დიდი სადესანტო ხომალდი და მზვერავი გემი, თუმცა შესაძლებლობა იმისა, რომ რუსმა მეზღვაურებმა ამერიკელებს სამხედრო წინააღმდეგობა გაუწიონ, ძალზე მცირეა.

როგორც ჩანს, ეს კვირა გადამწყვეტი იქნება და გაირკვევა, საბოლოოდ მიიტანს თუ არა საჰაერო იერიშს აშშ სირიის ხელისუფლებაზე.

ამ თემასთან დაკავშირებით 41-ე გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ რუკა და გრაფიკული ნახაზი, რომელზეც გამოსახულია სირიაზე შესაძლო საჰაერო თავდასხმის ვარიანტები