გაეროს ცისფერი ჩაფხუტები ქართველი სამხედროებისთვის - კვირის პალიტრა

გაეროს ცისფერი ჩაფხუტები ქართველი სამხედროებისთვის

აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ამერიკელ სამხედროებსა და პოლიტიკოსებს შეხვდა, მერე კი გაეროს შტაბბინაშიც გამართა ოფიციალური შეხვედრა. ამ შეხვედრაზე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ სამშვიდობო ოპერაციების დარგში ედმონდ მულეტმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განიხილეს შესაძლებლობა, რომ ქართველმა სამხედროებმა მომავალში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში მიიღონ მონაწილეობა.

1945 წლიდან, რაც გაერო შეიქმნა, მისი ეგიდით დღემდე არანაკლებ 60 სამხედრო მისია განხორციელდა პლანეტის სხვადასხვა კუთხეში. გაეროს სამშვიდობო ძალების ჩარევის აუცილებლობამ იმატა 1990-იანი წლების დასაწყისიდან, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლასა და "ცივი ომის" დამთავრებას არაერთი შეიარაღებული ეთნოკონფლიქტი მოჰყვა.

ამასთან დაკავშირებით 1992 წელს ჩამოყალიბდა გაეროს მშვიდობის შენარჩუნების დეპარტამენტი, სადაც იგეგმება სამშვიდობო ოპერაციების განხორციელება ამა თუ იმ კონფლიქტის ზონაში.

აფხაზეთის ომის დროს, 1993 წელს, საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისია ჩამოვიდა, რომელიც 2009 წლამდე ფუნქციონირებდა აფხაზეთში, თუმც მათ ვერ (ან არ) შეძლეს, ეთქვათ გადამწყვეტი სიტყვა ვერც 1993 წლის 16 სექტემბერს, როდესაც აფხაზებმა და რუსებმა ვერაგულად დაარღვიეს 27 ივლისის ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და ვერც 2008 წლის 8-12 აგვისტოს, როდესაც ისევ რუსები და აფხაზები კოდორის ხეობაში შეიჭრნენ.

მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამშვიდობო მისიამ ვერაფრით დაიცვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, გაეროს "ცისფერჩაფხუტიანების" რიგებში ქართველი სამხედროების ყოფნაზე უარი არ უნდა ვთქვათ.

ერაყისა და ავღანეთისგან განსხვავებით, სადაც საქართველოს ხელისუფლება ათასობით სამხედროს გზავნიდა, გაეროს სამშვიდობო მისიაში ოცეულის, მაქსიმუმ - ასეულის გაგზავნა პოლიტიკურად უფრო მისაღებია, მით უმეტეს, თუკი ამას გაეროს მხრიდან დაფინანსებაც მოჰყვება.

როგორც წესი, ბოლო წლებში გაეროს "ცისფერჩაფხუტიანები", ძირითადად, დაცვითი საქმიანობით არიან დაკავებული და შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩარევას თავს ყველა ხერხით არიდებენ. მაგალითად გოლანის სიმაღლეებიდან ივნისში ავსტრიელი "ცისფერჩაფხუტიანების" "გამოქცევაც" კმარა, რაც სირიის მხრიდან რამდენიმე გასროლას მოჰყვა.

ცუდი არ არის, თუ სამხედროები სხვა, გასაჭირში მყოფ ქვეყნებს მშვიდობის დაცვაში ეხმარებიან, მაგრამ როცა შენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით მეტისმეტი გატაცება უცნაურია...