ფრანგული "სუპერპუმები" თუ რუსული მოდერნიზებული Ми-8-ები? - კვირის პალიტრა

ფრანგული "სუპერპუმები" თუ რუსული მოდერნიზებული Ми-8-ები?

ქართული შვეულმფრენების საფრენოსნო რესურსი ხშირად გაუმართლებლად იხარჯებოდა VIP-პერსონების გადასაყვანად...

გასულ კვირას პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის მორიგი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ახალი მთავრობა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 55 მლნ ევროდ ორი ფრანგული წარმოების შვეულმფრენის - "სუპერპუმას" შეძენის გამო აკრიტიკებს. თავის მხრივ, პრეზიდენტის გუნდი აცხადებს, რომ მთავრობას "სუპერპუმების" გაყიდვა და ამით ქართული სამხედრო ავიაციის დასუსტება სურს.

"ევროკოპტერის" მიერ 1980 წლიდან წარმოებული "სუპერპუმა", რა თქმა უნდა, ცუდი შვეულმფრენი არ არის, გამოირჩევა ეკონომიურობით და თანამედროვე რადიოელექტრონული აპარატურით, თუმცა ერთი ახალი შვეულმფრენის გასაყიდი ფასი 15,5 მლნ დოლარს არ აღემატება, ამიტომ ცოტა გაუგებარია, ორი ვერტმფრენის შესაძენად რატომ გადაიხადეს ამხელა თანხა.

პრეზიდენტი სააკაშვილი ამტკიცებს, რომ "სუპერპუმა" ორმაგი დანიშნულებისაა და მისი გამოყენება სამხედრო მიზნებისთვისაც შეიძლება, თუმცა ერთ-ერთი შვეულმფრენი VIP-პერსონების გადასაყვანადაა გადაკეთებული (რამაც, ეტყობა, გაზარდა მისი ფასიც) და იგი კომფორტული სალონის მოხსნის გარეშე სამხედროების საჰაერო დე\სანტირებისთვის, ალბათ, აღარ გამოდგება.

შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, ჩინოვნიკები ქართულ შვეულმფრენებს ხშირად იყენებდნენ (და სავარაუდოდ, ახლაც ცდილობენ) ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებისთვის, რის გამოც სწრაფად იწურებოდა ისედაც უკვე მოძველებული შვეულმფრენების საფრენოსნო რესურსი.

ხელისუფლებაში მოსვლამდე მაშინდელი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ცხარედ აკრიტიკებდა შევარდნაძისთვის კომფორტული ფრანგული შვეულმფრენის - EС-155-ის შეძენას (რომელშიც 10 მლნ-მდე ევრო გადაიხადეს), თუმცა გაპრეზიდენტების შემდეგ ამ შვეულმფრენიდან აღარ გადმოსულა...

რა თქმა უნდა, ქვეყნის პირველ პირსა და მთავრობის წევრებს უნდა ემსახურებოდეს სპეციალური მცირერიცხოვანი ავიარაზმი, რომელიც თვითმფრინავებითა და შვეულმფრენებით სწრაფად და უსაფრთხოდ გადაიყვანს ხელისუფლების პირველ პირებს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი - ათეულობით მლნ ევროს გადახდა ორ, თუნდაც ძალიან კომფორტულ შვეულმფრენში, მაშინ, როდესაც ქართული არმიის შვეულმფრენების საფრენოსნო რესურსი თითქმის ამოწურულია, დანაშაულის ტოლფასია.

საერთოდ, შვეულმფრენების თემა ძალზე აქტუალურია მთაგორიანი რელიეფის საქართველოსთვის. შვეულმფრენების პარკში ერთდროულად სამი ქვეყნის - რუსეთის, აშშ-ისა და საფრანგეთის წარმოებული შვეულმფრენების ტექნიკური მომსახურება რთული და ძვირად ღირებული პროცესია.

ამ სტატიის ავტორი (რომელიც თავის დროზე Ми-8 ტიპის შვეულმფრენების ტექნიკურ მომსახურებას ახორციელებდა) უპირატესობას რუსული წარმოების მოდერნიზებული Ми-8-ს ახალ ვარიანტებს მიანიჭებდა, რადგან მაღალმთიან რეგიონებში ისინი ეფექტურად დაფრინავს. სწორედ ამიტომაც პენტაგონი ავღანეთის არმიისთვის სწორედ რუსულ Ми-8МТБ-ებს ყიდულობს.

რასაკვირველია, ჩვენ რუსეთისგან Ми-ებს ვერ ვიყიდით, ამიტომ შეიძლებოდა ამერიკული მოდერნიზებული "იროკეზების" შეძენაზე გვეფიქრა, რომლებსაც, პირველი ვარიანტისგან განსხვავებით, ორი ძრავა და ოთხი ხრახნი აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ, რუსეთისგან განსხვავებით, თავს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს, მას შემდეგ, რაც ათი წლის წინ ვიეტნამის ომის დროინდელი ათიოდე "იროკეზი" გამოგვიგზავნა, ამ სფეროში აღარაფრით დაგვხმარებია.

შეიძლება ფრანგულ "სუპერპუმებზე" არჩევანის შეჩერება ამ ჩიხიდან გამოსვლის მცდელობა გახლდათ, მაგრამ ორ "სუპერპუმაში" გადახდილი თანხა ბევრ კითხვას ბადებს.

თანამედროვე შვეულმფრენები სჭირდება როგორც არმიას, ისე - სამაშველო სამსახურსა თუ ტურისტებს. კერძო სექტორი თავად პოულობს გამოსავალს და ბიზნესმენებისა თუ ტურისტების კომფორტულად გადასაყვანად უკვე შემოჰყავს პატარა, თანამედროვე შვეულმფრენები, ქართულ არმიას კი სჭირდება ძლიერი, დიდი ტვირთის გადამტანი და მაღლა მფრენი, ეკონომიური სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენები და სასურველია - ერთი კონკრეტული ფირმის.