21 წელი ცაში - კვირის პალიტრა

21 წელი ცაში

აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა 19 ქართველი სამხედრო პილოტი და ბორტტექნიკოსი, ასევე სამხედრო-საჰაერო ძალების ორი სარდალი. შემდგომ პერიოდში ქართულმა სამხედრო ავიაციამ კიდევ შვიდი მფრინავი დაკარგა, აგვისტოს ომის დროს კი - სამი...

გაუქმებულმა, მაგრამ აღდგენის მომლოდინე საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალებმა 19 სექტემბერს 21 წლის იუბილე აღნიშნეს...

21 წლის წინ, 1992 წლის 19 სექტემბერს, თბილისის საავიაციო ქარხნის აეროდრომზე, ფრენის მართვის კოშკურაში ვიყავი, როდესაც პოლკოვნიკებმა იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ ჩე-25 მოიერიშე თვითმფრინავებით პირველი აფრენა-დაშვება განახორციელეს. მაშინ ახალბედა სამხედრო ჟურნალისტი გახლდით და სამწუხაროდ, არც კარგი ფოტოაპარატი მქონდა, რომ ეს ისტორიული მომენტი ფირზე აღმებეჭდა. სწორედ ეს დღე - 1992 წლის 19 სექტემბერი - იქცა საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დაარსების დღედ. რამდენიმე დღის წინ ალექსეევკის ბაზაში ეს თარიღი აღნიშნეს საზეიმოდ.

აგვისტოს ომის შემდეგ მაშინდელმა ხელისუფლებამ გააუქმა სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალები, როგორც შეიარაღებული ძალების ცალკეული სახეობები, რითაც დათვური სამსახური გაუწია ქართული სამხედრო ავიაციის მომავალს.

საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დღევანდელ მდგომარეობას სახარბიელოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზის გამო სამხედრო მფრინავებისა და ტექნიკური პერსონალის ნაწილი წავიდა არა მარტო სამხედრო სამსახურიდან, არამედ ქვეყნიდანაც და ახლა შორეულ აფრიკაში დაფრინავს.

შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების საფრენოსნო რესურსის შემცირებაში დიდი როლი ითამაშა წინა ხელისუფლების გაუაზრებელმა და ხშირად დანაშაულებრივმა გადაწყვეტილებებმა. სამხედრო მოქმედებებისთვის განკუთვნილ შვეულმფრენებს ისინი ინტენსიურად იყენებდნენ მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმების გადასაღებად, მთებში სანადიროდ, თუ უბრალოდ, უცხოელი ტურისტებისა და მაღალჩინოსნების ოჯახის წევრთა გასასეირნებლად.

სამხედრო-საჰაერო ძალების შენახვა და მით უფრო, მისი მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა ძალზე ძვირი უჯდება სახელმწიფოს, თუმც ამის გარეშე ქვეყნის არსებობა წარმოუდგენელია, რადგან ავიაცია, თუნდაც მცირერიცხოვანი, ყოველთვის არის მოულოდნელ საფრთხეებზე ოპერატიულად რეაგირების ერთადერთი საშუალება.

ამისთვის აუცილებელია საჰაერო პარკის განახლება, ძველის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია, ახალგაზრდა პილოტების გამოზრდა, მუდმივი სასწავლო-საბრძოლო ფრენები რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში და ღამითაც კი.

მიუხედავად იმისა, რომ გასაგები მიზეზების გამო თანავუგრძნობთ ქართულ სამხედრო ავიაციას, გვეეჭვება, რომ ამ მხრივ უახლოეს მომავალში რამე რადიკალურად უკეთესობისკენ შეიცვალოს.