პუტინმა ობამას სირიით მოუგო...
23-09-2013
პუტინმა ობამას სირიით მოუგო...
სირია ამერიკულ საჰაერო დარტყმას რუსეთმა გადაარჩინა, თუმცა ქიმიური იარაღის განადგურება კვლავ პრობლემაა, რადგან არ არის გამორიცხული ახალი შეტევების განხორციელება

სირიაზე ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო შეტევა გადაიდო, დროებით მაინც, რადგან მოსკოვმა ვაშინგტონს ამ საკითხთან დაკავშირებული დიპლომატიური ომი პირწმინდად მოუგო.
პრეზიდენტი ბარაქ ობამა თავისი ნათქვამის ტყვეობაში აღმოჩნდა. მან რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ თუკი სირიის ხელისუფლება ქიმიურ იარაღს გამოიყენებდა, აშშ აუცილებლად განახორციელებდა სამხედრო მოქმედებას პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ.

21 აგვისტოს სირიის
დედაქალაქ დამასკოს გარეუბნებში მომწამვლელი აირის - ზარინის გამოყენების შედეგად 1500-მდე ადამიანი დაიღუპა, მაგრამ პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ თავისი დანაქადების ასრულება ორი მიზეზით ვერ შეძლო - ჯერ ერთი, ვერ მოიპოვა დამადასტურებული ფაქტები, რომ ქიმიური იარაღი სწორედ პრეზიდენტ ასადის მომხრეებმა გამოიყენეს და მეორეც - პრეზიდენტმა პუტინმა აიძულა ამერიკელი
კოლეგა, განზრახვაზე ხელი აეღო.

ამასთან, მოსკოვის დაჟინებული რჩევით, სირიის ხელისუფლება სასწრაფოდ შეუერთდა ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციას, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეთანხმების შედეგად გადაწყდა სირიის ქიმიური იარაღის ერთობლივი ძალით მოძიება და მისი განადგურება.

ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ წარმოუდგენელია, პენტაგონმა "ტომაჰავკები" დაუშინოს ბაშარ ასადის რეზიდენციას, თუმცა ქიმიური იარაღის განადგურება სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გახვეულ სირიაში ძალიან ძნელი იქნება.

სამაგიეროდ, ბაშარ ასადის რეჟიმს ერთი წელი მაინც ამოსუნთქვის საშუალება ექნება, ამ ხნის განმავლობაში კი ეცდება, გარდატეხა შეიტანოს სამოქალაქო ომში და შეიარაღებული ოპოზიცია გაანადგუროს.

სირიაში ქიმიური იარაღის აღმოჩენისა და განადგურების მომიზეზებით ამ ქვეყანაში მოსკოვმა შეიძლება რამდენიმე ათასი რუსი სამხედრო გაგზავნოს, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ბაშარ ასადის ხელისუფლებას, რადგან რუსი სამხედროები, სავარაუდოდ, გაეროს ეგიდით იმოქმედებენ.
ჩვენთვის უკეთესიცაა, რომ მოვლენები ასე განვითარდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, გაძლიერდებოდა რუსეთის ზეწოლა დასავლეთისკენ მაყურებელ საქართველოზე.
თუმცა მეორე მხრივ, სირიის კრიზისთან დაკავშირებთი რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა - მან თავის ამერიკელ კოლეგას პოლიტიკური თამაშის წესები უკარნახა.
ასეთი სერიოზული პოლიტიკური დარტყმა დასავლეთმა და განსაკუთრებით - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოლოს 2008 წლის აგვისტოში მიიღეს, როდესაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ნაწილი დაიპყრო და თეთრი სახლი მხოლოდ "აღშფოთებისა" და "შეშფოთების" ამარა დატოვა...

სირიელები საბჭოთა რაკეტებიდან მოწამლეს?

გაეროს ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ 21 აგვისტოს სირიაში მომწამვლელი აირი - ზარინი გამოიყენეს საბჭოთა დროინდელი უმართავი რაკეტების М-14-ების საშუალებით, რომელთა გაშვება ასეთი, РПУ-14 ტიპის ბუქსირებადი ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარითაც შეიძლება. ამ სურათზე გამოსახულია თუ როგორ ისვრიან ქიმიურ რაკეტებს აირწინაღიანი საბჭოთა სამხედროები. სირიაში ასეთი, შედარებით კომპაქტური გასაშვები დანადგარებიდან ზარინიანი რაკეტების გასროლა შეეძლოთ როგორც ასადის ჯარისკაცებს, ისე შეიარაღებულ ოპოზიციას
davit
29 სექტემბერი 2013 13:16
ფაქტია პუტინმა უარი ათქმევინა ობამას დაბომბვაზე, რო იტყვიან დააჩმორა ობამა და ინგლისელები, ყელაფერს აკეთებს როგორც გაუხარდება.
kato
25 სექტემბერი 2013 03:37
ამ ყველაფერს ფინანსები და ბევრი მხარდამჭერი უნდა. დაიღალნენ ამერიკელები და მითუმეტეს ინგლისი ამდენი ომებით. რუსეთი კიდევ მაგ ჯიხადების მხარდაჭერით მიიღებს პასუხს ჯიხადებისგან. ამერიკისგან უფრო შორს არის ეგენი ვიდრე მაგათგან. მთელი რუსეთია ჯიხადისტანი.
Mware
25 სექტემბერი 2013 01:30
Oბამას არ უნდა Aმერიკელი ხალხტან დადებული პირობა დაარგვიოს და Aმიტომ ა. Bომბავს სირიას ტორემ რუსეტი დუშაშს Gააგორებს ტუ შაში ბეშსს Aმერიკისტვის სულ ერტია .

რედაქტორის რჩევით