მავთულხლართები აგვისტოს ომმა გაავლო...
30-09-2013
მავთულხლართები აგვისტოს ომმა გაავლო...
დიცსა და დვანში მავთულხლართების გავლება დღეს არ დაწყებულა, ის აგვისტოს ომის მძიმე შედეგია, რომელსაც რუსული საოკუპაციო ჯარები თანამიმდევრობით ახორციელებენ...

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ერთ თვეში უნდა დატოვოს თანამდებობა, უფრო და უფრო უცნაურ განცხადებებს აკეთებს.

კერძოდ, ნიუ-იორკიდან სატელევიზიო ჩართვისას მან სიტყვასიტყვით თქვა: "ბოლო კვირებსა და თვეებში უფრო მეტი სახნავ-სათესი დავკარგეთ, ვიდრე იყო ქურთაში და თამარაშენში ერთად აღებული".
მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც პრეზიდენტი იყო და მასზე უკეთ ვის უნდა
მოეხსენებოდეს, რომ იმ ტრაგიკულ დღეებში საქართველოს ჩამოაჭრეს არა მარტო თამარაშენისა და ქურთის მიმდებარე სახნავ-სათესი მიწები, არამედ ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 20%! ამის შემდეგ თავმოყვარე და სამშობლოს მოყვარული ქვეყნის პირველი პირი თავს თუ არ მოიკლავდა, ღირსეულად გადადგებოდა მაინც და ომამდე და ომის დროს დაშვებულ სტრატეგიულ შეც-დომებს აღიარებდა...

პრეზიდენტ სააკაშვილს სურს საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს ოკუპანტებმა ადმინისტრაციულ საზღვარზე მავთულხლართების გაბმა გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხების შემდეგ დაიწყეს.
არადა, სიმართლე სულ სხვაა - სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით აგვისტოს ომამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური წარმონაქმნის აღიარების გამოცაა, რომ ახლა ოკუპანტები ყოფილი სამხრეთ ოსეთის საბჭოთა ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებში გვივლებენ მავთულხლართებს.

რუსი მესაზღვრეები, რომლებიც პირსისხლიანი КГБ-ს შთამომავლები არიან, გეგმაზომიერად ახდენენ ადმინისტრაციული საზღვრის დემარკაციას. მათ აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯერ სამხედრო ქალაქები გააშენეს, ყაზარმები მოიწყვეს, ახლა კი აუჩქარებლად აწყობენ საკონტროლო-სასაზღვრო ზოლებს მავთულხლართებისა და სხვა სპეციალური მოწყობილობების (მათ შორის - ვიდეოკამერებისა და თბოვიზორების) გამოყენებით.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა: "ერთი სროლის გარეშე დავკარგეთ, ხალხნო, მეტი სახნავ-სათესი, ვიდრე დიდი ომის და დიდი საერთაშორისო ფასის შედეგად, რომელიც რუსებმა გადაიხადეს, დღეს რა ფასი გადაიხადეს - ნული".

რა გამოდის? ჯერ კიდევ პრეზიდენტი სააკაშვილი ახალ მთავრობას სთავაზობს, ცეცხლი გაუხსნას დიცსა და დვანში მავთულხლართების გამვლებ რუს ოკუპანტებს და ახალი საბაბი მივცეთ კრემლს, სამხედრო აგრესიის გასაგრძელებლად?

ასევე გაუგებარია, რომელი დიდი საერთაშორისო ფასის გაღებაზე საუბრობს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც თურმე რუსებმა გადაიხადეს. თუკი სააკაშვილი აშშ-ისა თუ ევროპის ქვეყნების ლიდერის "შეშფოთება-აღშფოთებას" გულისხმობს, დიდი ვერაფერი არგუმენტია -  მათი ნათქვამი პუტინმა და მედვედევმა ცალ ყურში შეუშვეს და მეორიდან გაუშვეს. თვით  NATO-ც, რომელმაც აგვისტოს ომის მერე პროტესტის ნიშნად რუსეთთან ერთობლივი საბჭოს მუშაობა შეაჩერა, ერთ წელში ისევ მიუჯდა მაგიდას რუს დიპლომატებსა და სამხედროებთან ერთად და განაახლა  NATO-რუსეთის საბჭოს ფუნქციონირება.

სხვა რაიმე მნიშვნელოვანი საფასური რუსეთს, თუნდაც გაეროსა თუ ევროკავშირის სანქციები, აგვისტოს ომის დროს სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრისა და საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციისთვის დღემდე არ გადაუხდია და ჩვენდა საუბედუროდ, არც გადაიხდის.
მავთულხლართებით ქართული მიწის გაყოფა ძალზე მტკივნეული საყურებელია, თუნდაც იმიტომ, რომ თვალსაჩინოა და ყველა ხედავს, განსხვავებით იმ არასწორი და ხშირად დანაშაულებრივი გადაწყვეტილებებისა, რომლებიც პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებამ აგვისტოს ომამდე, ომის დროს და მას შემდეგ მიიღო და რომლებსაც დღესაც ადევს გრიფი "საიდუმლო".

პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მთავრობის საპროტესტო რეაქცია დვანსა და დიცში მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით შეიძლებოდა უფრო ოპერატიულიც ყოფილიყო, პირველ რიგში, დიპლომატიურ დონეზე, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყვებოდა, რადგან დასავლეთის "შეშფოთება-აღშფოთება" რუსეთისთვის მაინც ცარიელ სიტყვებად რჩება.

სამწუხაროდ, სხვადასხვა საპროტესტო მსვლელობის თუ მჯდომარე აქციის მოწყობაც მავთულხლართების გავლების ადგილას მხოლოდ გულის მოფხანაა.
რუსების შესაჩერებლად ტანკებისა თუ ტყვიამფრქვევების გამოყენებას საქართველო, ცხადია, ვერ შეძლებს, რადგან თავს ზემოთ ძალა არ არის, ხოლო დასავლეთის სამხედრო დახმარების იმედად ყოფნა მხოლოდ და მხოლოდ თავის მოტყუებაა (ასევე თავის მოტყუება იყო ეს 2008 წლის აგვისტოს ომამდეც, თუმცა მაშინდელი ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსანი ამაში რატომღაც დარწმუნებული იყო).

გვინდა თუ არა, იძულებული ვართ, ისევ ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის - ხელისუფლებასთან პირდაპირი მოლაპარაკებით ვცადოთ გამოსავლის ძებნა, თუმცა იმის იმედი, რომ მოსკოვი უკან წაიღებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სახელმწიფოებრივ აღიარებას, არ უნდა გვქონდეს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც...
ანა 123
30 ოქტომბერი 2013 11:39
მავთულხლართები გაავლეს რუსებმა, რა შუაშია აქ ომი. თუ ვინმეს ეზო გაქვთ შემოსაღობი, გთხოვთ დაუკავშირდეთ მათ სამხედრო მთავარსარდალს. შემოღობვაში რუსებს მსოფლიოში ბადალი არ ჰყავთ. მანამდე მომიმარაგეთ არყის ბოთლები (სავსე).
glaxuna
03 ოქტომბერი 2013 17:38
ერთი ალადაშვილო...მიპასუხე ,თუ მეოცნებე ,,ბოღმიანი,, ,, ექსპერტი,, არა ხარ ....თქვენი აზრებიდან გამომდინარე...რაში ჭირდება ქვეყანას თავდაცვის სამინისტრო ?!!!

და კიდევ...
გამსახურდიამ შესცოდა –მიშაა დამნაშავე, შევარდნაძემ მოაოხრა ქვეყანა–კვლავ მიშაა დამნაშავე, ივანიშვილს ქვეყნის მართვის ტრაკი არა აქვს და ბოროტების წყარო კვლავ მიშააო!!!!! რა ხვალ მიშა რომ ხატზე გავაკრათ ქრისტესავით– ქვეყანა სამოთხეს დაემსგავსება და გაერთიანდება?????
იოცნებეთ და იყბედეთ ,,მეოცნებეებო,, ტყუილს კაცი არ მოუკლავს, მითუმეტეს ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი!


rezo
02 ოქტომბერი 2013 10:55
მე უკვე ისეთ ტენდენციას ვხედავ,რომ ყველა ვისაც მიშა არ მოწონდა მთელი ეს დრო,ცდილობს ახალ მთავრობას და კერძოდ ივანიშვილს კუდი უქიცინოს და მისი უმაქნისობა გაამრთლოს.მერე რა რომ მავთულხ-ხლართებს აბავენ,ეს რა ჩვენი ბრალია?დაახლოებით ასეთია მთავრობის მიდგომა ამ საკითხზე.მაგრამ აქ მთავარია თუ რა არის შენი რეაქცია და არა ის თუ რა მოხდა 2008 და ვისი ბრალი იყო.

რედაქტორის რჩევით