"წითელი დროშები" ქართულ ცასაც გააკონტროლებენ - კვირის პალიტრა

"წითელი დროშები" ქართულ ცასაც გააკონტროლებენ

თურქებს ჩინური HQ-9-ებით მთელი სომხეთის, თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღისა და საქართველოს ცის გაკონტროლების საშუალება ეძლევათ...

26 სექტემბერს თურქეთმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომლის წყალობით მისი სამხედრო შესაძლებლობები ერთი-ორად გაიზრდება. კერძოდ, თურქმა სამხედროებმა მრავალწლიანი ტენდერის გამარჯვებულად ჩინური წარმოების შორი მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები HQ-9-ები გამოაცხადა.

ჩინურად ამ სისტემას "ჰუნცი-9" ჰქვია, რაც ქართულად "წითელი დროშა-9"-ს ნიშნავს და იგი განკუთვნილია მოწინააღმდეგის თვითმფრინავების, ფრთოსანი რაკეტებისა და შვეულმფრენების ჩამოსაგდებად, ასევე "მიწა-მიწა" კლასის ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტების დასაზიანებლად.

ეს ჩინური, მესამე თაობის ყველაზე სრულყოფილი სისტემაა და მისი შექმნა გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც პეკინმა 1993 წელს რუსეთისგან  С-300 ПМУ-1 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები შეიძინა. უდავოა, რომ ჩინელმა ინჟინრებმა რუსული С-300-ის ღრმა კლონირება განახორციელეს, რაზეც ვიზუალური მსგავსებაც მეტყველებს.

2008 წელს, რაც ანკარამ შორი მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენაზე ღია ტენდერი გამოაცხადა, ჩინეთმა თურქეთს HQ-9-ის საექსპორტო ვარიანტი FD-2000 შესთავაზა.

მას შემდეგ თურქეთი ხუთი წელი ფიქრობდა, რომელ სისტემაზე გაეკეთებინა არჩევანი. ტენდერში ჩინური HQ-9-ს გარდა რუსული С-300ВМ-ი, ამერიკული Patriot Pac-3-ი და ფრანგული Aster-30-იც მონაწილეობდნენ.

თურქულ მხარეს განსაზღვრული ჰქონდა საზენიტო-სარაკეტო სისტემების არანაკლებ 12 დივიზიონის შესყიდვა, თუმცა 4 მლრდ დოლარზე მეტის დახარჯვას არ აპირებდა.

შეიძლება სწორედ ფინანსების დაზოგვა იქცა გადამწყვეტად ჩინური სისტემების არჩევისას, რადგან პეკინი ანკარას თავისი HQ-9-ის დივიზიონებს კონკურენტებზე იაფად - მხოლოდ 3 მლრდ დოლარად სთავაზობდა.

ჩინური HQ-9-ის ერთ საზენიტო-სარაკეტო დივიზიონში გაერთიანებულია მართვის ერთი ოცეული და სამი სასტარტო ბატარეა, ოთხი რადიოლოკატორი, 12 სატრანსპორტო-დამტენი მანქანა. თითოეულ დანადგარს ოთხი საზენიტო რაკეტის გაშვება შეუძლია. 9 მ სიგრძისა და 2 ტონა მასის საზენიტო რაკეტა მაქსიმალურ 200 კმ სიშორეზე მიფრინავს, მას 30 კმ სიმაღლემდე შეუძლია საჰაერო სამიზნის დაზიანება.

თურქებს ჩინური HQ-9-ებით 200 კმ-ის რადიუსში შეუძლიათ გააკონტროლონ შავი ზღვის აკვატორია, ხოლო ხოფიდან ეს რაკეტები გუდაუთამდეც აღწევს. უშუალოდ სომხეთის საზღვრის სიახლოვეს HQ-9-ების განთავსების შემთხვევაში ანკარას საშუალება ეძლევა, დღედაღამ უყუროს, რა ხდება როგორც მთლიანად სომხეთის, ასევე თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავზე.

ერთადერთი კახეთის აღმოსავლეთი ნაწილია, სადამდეც თურქულ-ჩინური საზენიტო სისტემების რადიოლოკატორების ტალღები ვერ მისწვდება.

თუკი გავიხსენებთ, რომ დღეს შორი მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები (რუსული ჩ-300-ების მოდიფიკაციები და ჩინური HQ-9-ები) დგას ყველგან - ოკუპირებულ აფხაზეთში, სომხეთში, თვითაღიარებულ მთიან  ყარაბაღში, აზერბაიჯანში და მალე გამოჩნდება თურქეთშიც, მთელ რეგიონში მხოლოდ საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორია რჩება, სადაც შორი მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები არ გაგვაჩნია.

P.S. ტენდერის პერიოდში  NATO-ს ხელმძღვანელობა აფრთხილებდა თურქეთის მთავრობას, რომ მათ არჩევანი არ გაეკეთებინათ არც რუსულ С-300-ებსა და არც ჩინურ HQ-9-ებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალიანსის შტაბში აცხადებდნენ, რომ ამ სისტემებს არ ჩართავდნენ  NATO-ს საჰაერო კონტროლისა და საჰაერო თავდაცვის ერთიან სისტემაში.

ალიანსის ერთ-ერთმა ძლიერმა წევრმა - თურქეთმა - არ დაუჯერა NATO-ს ხელმძღვანელობას და მაინც ჩინური სისტემები აირჩია. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.