როგორ გახდა ნეჩაევი სინამდვილეში "გმირი" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

როგორ გახდა ნეჩაევი სინამდვილეში "გმირი" (ექსკლუზივი)

სოჭის ოლიმპიადის ჩირაღდნის მატარებლის ვინაობამ საქართველოში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

რუსებმა "ჩამოგდებული"  და "ჩამომგდებიც" "გმირებად" აქციეს!

სერჟანტი ტიურინი "ქართული" თვითმფრინავის საზენიტო რაკეტით დაზიანებისთვის დააჯილდოეს, კაპიტან ნეჩაევს კი დაზიანებული მოიერიშის აეროდრომზე დაბრუნებისთვის რუსეთის გმირობა მიანიჭეს...

მოსკოვის ერთ-ერთ ქუჩაზე ხუთიოდე წუთით სოჭის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი რუსეთის გმირმა ივან ნეჩაევმა წაიღო სირბილით, რამაც ქართველთა პროტესტი გამოიწვია, რადგან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსი პილოტი ნეჩაევი საქართველოს ტერიტორიას ბომბავდა.

ამ ომში მონაწილე რუსი პილოტები, როგორც წესი, თავიანთ ვინაობას არ ამხელენ, რადგან ჩეჩნეთის ომის მწარე გამოცდილებით იციან - მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის გამო შურისმაძიებლებმა მათზე შეიძლება ხმელეთზე ინადირონ.

ივან ნეჩაევის სახელი კი აგვისტოს ომის შემდეგ ყველასთვის ცნობილი გახდა და მას რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა, რადგან ცხინვალის თავზე საზენიტო რაკეტით დაზიანებული მოიერიშე მან თავის აეროდრომზე, ბუდიონოვსკში დასვა.

ასეთი რამ ომში ხშირად ხდება, თუმცა ნეჩაევის შემთხვევაში უცნაური ის იყო, რომ რუსი პილოტის თვითმფრინავი... რუსმა მეზენიტემ დააზიანა.

ეს ვერსია ჩვენი მოგონილი არ არის და არც მხოლოდ მას შემდეგ გაჩენილა, რაც ნეჩაევმა ოლიმპიური ჩირაღდანი დაიჭირა ხელში.

ის, რომ 2008 წლის 11 აგვისტოს, დღის 13:00 სთ-ზე, ცხინვალის თავზე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან - Игла-დან გაშვებული საზენიტო რაკეტით დაზიანდა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ბუდიონოვსკის 368-ე ცალკეული მოიერიშე-საავიაციო პოლკის Cу-25БМ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი საბორტე ნიშნით #09, რომელსაც კაპიტანი ივან ნეჩაევი მართავდა, თავად რუსმა დამოუკიდებელმა სამხედრო ექსპერტებმა განაცხადეს ჯერ კიდევ სამი წლის წინ.

მათვე გაახმაურეს საზენიტო რაკეტის სავარაუდო გამშვების ვინაობაც - სერჟანტი ალექსეი ტიურინი.

ასეთი დასკვნის საფუძველი გახდა ის, რომ რუსმა დამოუკიდებელმა სამხედრო ექსპერტებმა მოიპოვეს 11 აგვისტოს, დაახლოებით 13:00 საათზე ცხინვალის ქუჩებსა და ცხინვალის თავზე, ცაში, გადაღებული ფოტოები და ვიდეოსიუჟეტები.

ფოტოებზე აღბეჭდილია, ცხინვალის ერთ-ერთ ქუჩაზე, ხუთსართულიანი სახლის გვერდიდან როგორ ისვრის "იგლადან" საზენიტო რაკეტას რუსი სამხედრო. ამავე დროითაა დათარიღებული რუსული ტელეკომპანია "ვესტის" გადაღებული ვიდეოკადრები, რომლებზეც ჩანს, ცხინვალის თავზე მოიერიშე თვითმფრინავს როგორ ხვდება საზენიტო რაკეტა.

ასევე ცნობილია თავად პილოტის - კაპიტან ივან ნეჩაევის რადიოგადაცემის დრო, რომელშიც ის მოიერიშეზე საზენიტო რაკეტის მოხვედრის შესახებ აცნობს მეთაურობას. ეს დრო ფოტო და ვიდეომასალის გადაღების დროს ემთხვევა.

თავად ნეჩაევის განცხადებით, ის ცხინვალის შემოგარენში ქართულ ჯავშანტექნიკას ბომბავდა, როდესაც მის მოიერიშეს საზენიტო რაკეტა მოხვდა.

სავარაუდოდ, კაპიტანმა ნეჩაევმა შეცდომით რუსული ჯავშანკოლონა ქართულად მიიჩნია და მეწყვილე თვითმფრინავთან ერთად მას საჰაერო დარტყმა მიაყენა, ცხინვალის ერთ-ერთ ქუჩაზე მდგარმა რუსმა სამხედროებმა კი ჩათვალეს, რომ მათ ქართული Cу-25-ები ბომბავდნენ და თვითმფრინავების მიმართულებით რამდენიმე საზენიტო რაკეტა გაუშვეს...

საგულისხმოა, რომ ამ შემთხვევაში რუსი სამხედროებისთვის ფატალურად იქცა ის ფაქტი, რომ ორივე მხარის შეიარაღებაში ერთნაირი სამხედრო ტექნიკა, მათ შორის - Cу-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები იყო.

ხუთმა ქართულმა Cу-25-მა ერთ-ერთი აეროდრომიდან 8 აგვისტოს დილის 6-დან 7 სთ-მდე ერთადერთი საბრძოლო გაფრენა განახორციელა და ჯავის მიდამოებში რუსული ჯავშანკოლონა დაბომბა. ხუთივე ქართული მოიერიშე აეროდრომზე უვნებლად დაბრუნდა, ისინი გადამალეს და შენიღბეს. ამის შემდეგ აგვისტოს ომში ქართულ საბრძოლო თვითმფრინავებს არც ერთი გაფრენა აღარ განუხორციელებიათ.

თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, არ იცოდნენ რუსმა ქვეითებმა, ტანკისტებმა, არტილერისტებმა და მით უმეტეს - მეზენიტეებმა, რომლებსაც ჰაერში გამოჩენილი ყველა თვითმფრინავი ქართული ეგონათ და ოსებთან ერთად ინტენსიურ ცეცხლს უხსნიდნენ (სამწუხაროდ, ამის შესახებ არ გაუფრთხილებიათ არც ქართველი სამხედროები და ცხინვალში, "დუბოვაია როშჩასთან" მე-4 ბრიგადის ქვეითები ხელის ქნევით ესალმებოდნენ დაბალ სიმაღლეზე მფრინავ Cу-25-ების პილოტებს, სანამ მათ ქართველთა პოზიციას კასეტური ბომბები არ დააყარეს).

აგვისტოს ომში რუსეთმა ექვსი საბრძოლო თვითმფრინავი - ერთი შორი მოქმედების ბომბდამშენი Ту-22МЗ, ორი საფრონტო ბომბდამშენი Cу-24М-ი და სამი მოიერიშე Cу-25 დაკარგა. სამმა დაზიანებულმა რუსულმა Cу-25-მა კი აეროდრომზე დაბრუნება მოახერხა (ნეჩაევმა დაზიანებული მოიერიშე ბუდიონოვსკში დასვა, მეორე თვითმფრინავი დაზიანებული ძრავით კრასნოდარში დაჯდა, მესამე კი სოხუმის აეროპორტში დაეშვა მას შემდეგ, რაც ის, სავარაუდოდ, კოდორის ხეობის დაბომბვის დროს დააზიანეს).

ნეჩაევის თვითმფრინავის დაზიანების გარდა, თავად რუსი დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტების ვერსიით, "მეგობრული ცეცხლით" თავად რუსებმა ექვსიდან ერთი ან ორი თავისივე თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი ჩამოგდებული რუსული Cу-25-დან კატაპულტირებულ პილოტს ოსებმა ინტენსიური ცეცხლიც კი გაუხსნეს...

რაც შეეხება რუსეთის გმირ ნეჩაევის მიერ ოლიმპიური ჩირაღდნის გადატანას, ეს საინფორმაციო შეტევის მაგალითი გახლდათ, რომელმაც სათანადო, წინასწარ გათვლილი ეფექტი მოახდინა ქართველ საზოგადოებაზე.

ისე კი, სოჭის ოლიმპიადის დაწყებამდე ჩირაღდნები მთელი რუსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 14 ათასმა ადამიანმა უნდა გადაიტანოს და ვინმემ იცის, რამდენ მათგანს მიუღია მონაწილეობა აგვისტოს ომში და რა ჩაუდენია საქართველოს წინააღმდეგ?!