კოდორის ხეობის დაკარგვის საქმე გარკვეულია?! - კვირის პალიტრა

კოდორის ხეობის დაკარგვის საქმე გარკვეულია?!

გაერთიანებული შტაბის კომისია განაგრძობს 2008 წლის აგვისტოს ომის დეტალების გამოძიებას...

როგორც "კვირის პალიტრისთვის" არაოფიციალური წყაროებით გახდა ცნობილი, გამოძიებულია ყველა ის ფაქტი, რომელსაც 2008 წლის აგვისტოში კოდორის ხეობის თითქმის უბრძოლველად დაკარგვა მოჰყვა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში რამდენიმე თვეა მუშაობს კომისია, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დეტალებს იკვლევს. კომისიის წევრები უკვე გაესაუბრნენ 600-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს იმის შესახებ, რაც აგვისტოს ომში საბრძოლო მოქმედების დროს სხვადასხვა რაიონში ხდებოდა.

ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, გაერთიანებული შტაბის კომისიამ აღადგინა სრული სურათი, თუ რა ხდებოდა აგვისტოს ომის დროს კოდორის ხეობაში, ვისი ბრძანებით დატოვეს ხეობა თითქმის უბრძოლველად, რა შეიარაღება დარჩა იქ და და რატომ არ გამოიტანეს ის ან, უკიდურეს შემთხვევაში, არ  გაანადგურეს.

არაოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის 8 აგვისტოს კოდორის ხეობაში დაახლოებით სამი ათასი ქართველი სამხედრო და პოლიციელი იმყოფებოდა, თუმცა ზემო აფხაზეთში სამხედრო მოსამსახურეთა ყოფნა ოფიციალურ თბილისს არასოდეს უღიარებია.

კოდორის ხეობაში მოწყობილი იყო საფორტიფიკაციო ნაგებობები, რომელთა აშენებაში ათეულობით მლნ ლარი დაიხარჯა. ხეობაში შეიტანეს ასობით ტონა საწვავი და ტყვია-წამალი, რაც საკმარისი იყო კოდორის ხეობის შეზღუდული საბრძოლო მოქმედების რაიონში წარმატებული თავდაცვითი ბრძოლების საწარმოებლად.

რაკი აღარ არსებობს წინა ხელისუფლების წნეხი საბრძოლო მოქმედებების მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებზე, მათ უფრო თავისუფლად და ობიექტურად შეუძლიათ გაუმხილონ გაერთიანებული შტაბის კომისიას ომის დეტალები, თუმცა არც ის არის გამორიცხული, სხვადასხვა რანგის მეთაურებმა სიტუაციის შელამაზება და გარკვეული პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება სცადონ.

რაც შეიძლება მეტი სამხედრო მოსამსახურის გამოკითხვა და მიღებული ინფორმაციის ობიექტური ანალიზი კომისიას საშუალებას მისცემს, აღადგინოს რეალობას მიახლოებული სურათი, რაც ჩვენს საზოგადოებას აგვისტოს ომის - საქართველოს თანამედროვე ისტორიის ამ ყველაზე ტრაგიკული მოვლენის - ობიექტურად გაანალიზებაში დაეხმარება, თუკი, რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტრო და მთლიანად მთავრობა ამ ინფორმაციას საჯაროს გახდის და დამნაშავეებს გაასამართლებს...