22-ლარიანი "აფერა" ომის ვეტერანების წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

22-ლარიანი "აფერა" ომის ვეტერანების წინააღმდეგ

სააკაშვილის ხელისუფლებამ ივანიშვილის მთავრობას შენელებული მოქმედებების ნაღმი დაუტოვა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ ომის ვეტერანების უკმაყოფილებას ზრდის...

დღე არ გავა, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილე ვეტერანებმა არ მიიღონ ოფიციალური შეტყობინება, რომ მათ გაუუქმდათ საყოფაცხოვრებო სუბსიდია და 22 ლარს ვეღარ მიიღებენ.

თვეში 22 ლარის მიღება ვერაფერი ბედენაა, მაგრამ მისი მოხსნაც მათთვის, ვისი დიდი ნაწილიც ტყვიას მკერდს უშვერდა, არცთუ თავმოსაწონებელია სახელმწიფოსთვის.

როგორც ირკვევა, სახელმწიფო 22-ლარიან საყოფაცხოვრებო სუბსიდიას უხსნის იმ ვეტერანებს, ვინც საჯარო სამსახურში მუშაობენ ან ახლა დაიწყეს მუშაობა.

კანონი ამის შესახებ სააკაშვილის მთავრობამ 2012 წლის გაზაფხულზე მიიღო, თუმცა მისი ამოქმედება 2013 წლის იანვრისთვის გადადო, რადგან არ სურდა, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ვეტერანთა ხმები დაეკარგა.

საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალურმა მოძრაობამ" მაინც ვერ გაიმარჯვა, მისი მიღებული კანონის 2013 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედების შემდეგ დღემდე კი დაახლოებით 3200-მა ომის ვეტერანმა დაკარგა 22-ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდია, თუმცა ყველა მათგანი როდია დასაქმებული საჯარო სამსახურში.

22-ლარიანი ყოველთვიური დახმარება შეუჩერდათ იმ პირებს, ვისაც ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა შემდეგ სასამართლომ გაამართლა. ამ დახმარების გარეშე დარჩნენ ის ვეტერანებიც, რომლებიც სამ თვეზე მეტხანს იყვნენ გასული საზღვარგარეთ, ან უბრალოდ, სამი თვე არ აკითხავდნენ ბანკომატებს, რომ 4-5 თვის დახმარება ერთად აეღოთ. მათ 22-ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდია აღარ მიეცემათ, ისევე, როგორც იმ პირებს, ვინც აღარ არის საჯარო სამსახურში, რადგან სააკაშვილის მთავრობის 2009 წლის 4 ნოემბერს მაშინდელი პრემიერის ნიკა გილაურის მიერ ხელმოწერილი დადგენილება ამას კრძალავს.

ამ დამატებების თანახმად, იმ პირებს, ვინც 2009 წლის 5 ნოემბრის შემდეგ მიიღებენ ომის ვეტერანის სტატუსს, აღარ მიეცემათ 22-ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდია.

1-ელ იანვრამდე 22-ლარიან საყოფაცხოვრებო სუბსიდიას მხოლოდ ის 23 ათასი ვეტერანი იღებდა, ვინც 2009 წლის 5 ნოემბრამდე მიიღო ეს სტატუსი.

საგულისხმოა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეებმა ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში მიიღეს "საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეთა" სტატუსი. მაშინ ინიციატივა ვანო მერაბიშვილმა გამოიჩინა და შსს-ს 3600-მდე თანამშრომელს გაუწია რეკომენდაცია ომის ვეტერანის სტატუსის მისაღებად, მაშინდელი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ კი ასეთი განაცხადი მხოლოდ 900-მდე სამხედრო მოსამსახურის შესახებ გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ იმ ხუთდღიან ომში პოლიციელებზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა.

როგორც "კვირის პალიტრას" საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფროსმა გელა დოლიძემ განუცხადა, დღეისათვის მათ დეპარტამენტში შსს-ს შეტანილი აქვს განაცხადი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე კიდევ 250-მდე თანამშრომლის შესახებ, რათა მათ მიენიჭოთ ომის ვეტერანის სტატუსი, თავდაცვის სამინისტრო კი ცდილობს, გამოასწოროს ყოფილი ხელმძღვანელის უნებლიე თუ გამიზნული შეცდომა და ომის ვეტერანის სტატუსის მინიჭებას ითხოვს აგვისტოს ომის მონაწილე 11 240 სამხედრო მოსამსახურისთვის.

როგორც უნდა გადაწყდეს ეს საკითხი (არადა, აგვისტოს ომის მონაწილეებს უდავოდ უნდა მიენიჭოთ ომის ვეტერანის სტატუსი), ომის ვეტერანებად ახალაღიარებული პირები ვეღარ მიიღებენ 22-ლარიან საყოფაცხოვრებო სუბსიდიას, რადგან მათზე ჯერ კიდევ 2009 წლის ნოემბერსა და 2012 წლის მარტში "იზრუნა" სააკაშვილის მთავრობამ და ისინი მინიმალური დახმარების გარეშე დატოვა...