სინამდვილეში რატომ იწამლებიან ჯარისკაცები... - კვირის პალიტრა

სინამდვილეში რატომ იწამლებიან ჯარისკაცები...

არმიაში ჯარისკაცების მოწამვლის საბოტაჟად მიჩნევის საფუძვლიანი ეჭვი მართლაც არსებობს...

ჟურნალისტებთან ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გაცხარება იმან გამოიწვია, რომ ზოგიერთი მედიასაშუალების მტკიცებით, თვეების განმავლობაში ჯარში 700-მდე სამხედრო მოიწამლა და თავდაცვის სამინისტრომ ამ საქმეების გამოძიებას დაადო გრიფი "საიდუმლო".

"კვირის პალიტრა" შეეცადა, გაერკვია, სინამდვილეში რამდენი სამხედრო მოსამსახურე მოიწამლა კვების შედეგად და რამდენად მძიმე იყო მათი მდგომარეობა.

თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია, არ დამალა, რომ ბოლო ნახევარ წელიწადში სამხედრო ნაწილებში მართლაც იყო ჯარისკაცების მოწამვლის ხუთი ფაქტი, თუმცა ყველა შემთხვევაში ლაპარაკი იყო მხოლოდ მსუბუქ დიარეაზე, ანუ ჩვეულებრივ ფაღარათზე.

პირველი შემთხვევა ივნისში, სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში მოხდა, დანარჩენი ოთხი კი, რაც ძალზე საეჭვოა, ერთსა და იმავე სამხედრო ნაწილში, კერძოდ, ვაზიანის საველე ბანაკში, სადაც სავალდებულო სამსახურის ახალწვეულები და საკონტრაქტო სამსახურის დაწყების მსურველები გადიოდნენ შეკრებას.

ვაზიანში მომხდარი ყოველი ასეთი ფაქტის შემდეგ მეთაურობა გულმოდგინედ ეძებდა გამომწვევ მიზეზებს. ყოველდღიურად მოწმდებოდა საკვები, წყალი, ხოლო ალუმინის ლანგრები (რომელშიც ჯარისკაცებს პირველ, მეორე კერძებსა და დესერტს უდებენ) სპეციალურ სარეცხ მანქანაში ირეცხებოდა მაღალ ტემპერატურაზე და ორთქლში ტარდებოდა.

მიუხედავად ამ ზომებისა, ვაზიანის საველე ბანაკში შვიდი სამხედრო მოსამსახურე მაინც მოიწამლა.

ამის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში უკვე ალაპარაკდნენ მიზანმიმართული საბოტაჟის შესაძლებლობაზე.

სამხედროების ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება რამდენიმე ასეულ მოწამლულ ჯარისკაცზე ლაპარაკობს, მაშინ, როცა ხუთივე ინციდენტის შედეგად დიარეის დიაგნოზი მხოლოდ რამდენიმე ათეულ ჯარისკაცს დაუდგინეს.

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იმასაც ამტკიცებდა, რომ ჯარისკაცები მე-11 ბრიგადაშიც მოიწამლნენ, არადა, ეს ბრიგადა თითქმის ათი წლის წინ პირველ ქვეით ბრიგადად გადაკეთდა და ასეთი დასახელების სამხედრო შენაერთი ქართულ არმიაში აღარ არსებობს(!).

თავდაცვის სამინისტროში სვამენ კითხვას: "თუკი საჭმელი 500 კაცისთვის ერთსა და იმავე ქვაბში მზადდება და ის მართლაც უვარგისია, რატომ ეწყება ფაღარათი მხოლოდ 7-10 კაცს?"

ერთ-ერთი ვერსიით, დიარეის შემთხვევები შეიძლება გამოწვეული იყოს კონკრეტული ჯარისკაცების ულუფაში დიარეის გამომწვევი საშუალებების, მაგალითად, ინგლისური მარილის, ასანთის დაფხვნილი თავების ან სულაც, კორპის დაფხვნილი საცობების გარევით.

ამის დადგენა გამოძიების პრეროგატივაა, მაგრამ გამოძიებას ადევს გრიფი "საიდუმლო", რადგან ამას მოითხოვს კანონი სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის შესახებ...

მანამდე კი, სანამ ჯარისკაცების ფაღარათის გამომწვევ მიზეზებს დაადგენენ, შეშფოთებული მეთაურები პირსაბანებთან დგანან და ყველა ჯარისკაცს აიძულებენ, საკვების მიღების წინ ხელები გულმოდგინედ დაიბანონ...