600 მლნ-იანი ტანკსაწინააღმდეგო თხრილები, რომელთა გადასალახავად 3 წუთიც კმარა(?!) - კვირის პალიტრა

600 მლნ-იანი ტანკსაწინააღმდეგო თხრილები, რომელთა გადასალახავად 3 წუთიც კმარა(?!)

რამდენად ეფექტიანია თბილისის მისადგომებთან მოწყობილი სააკაშვილის თავდაცვის ზღუდე?

ისტორიას ახსოვს მაჟინოს ხაზი საფრანგეთში და მანერჰეიმის თავდაცვის ზოლი ფინეთში. მალე მათ შეემატება თბილისის მისადგომებთან სააკაშვილის სახელობის თავდაცვის ზღუდეც, მიუხედავად იმისა, რომ იგი, საბედნიეროდ, ბრძოლებში არ გამოცდილა.

პრეზიდენტობის ბოლოს მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა და კიდევ ერთხელ განაცვიფრა საზოგადოება, როდესაც თხრილში მდგარმა პირველად გაახმაურა აგვისტოს ომის შემდგომი პერიოდის საქართველოს ყველაზე დიდი საიდუმლო - ჩემმა ხელისუფლებამ თბილისის დასაცავად რამდენიმე ათეული კილომეტრი თავდაცვითი ზღუდეები ააგო, ახალმა მთავრობამ კი ეს მნიშვნელოვანი სამუშაოები შეაჩერა, რითაც დედაქალაქი დიდი საფრთხის წინაშე დააყენაო...

მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ თბილისის მისადგომებთან სხვადასხვა მიმართულებით თხრილების გაჭრა და ბეტონირებული ბუნკერების აშენების პროცესი გასაიდუმლოებულად ითვლებოდა, მის შესახებ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იცოდა, თუნდაც იმიტომ, რომ მცხეთასთან, ტრასიდან, ისევე, როგორც წითელი ხიდისკენ მიმავალი გზიდან, კარგად ჩანდა ეს სამუშაოები.

მაშინ რომ ამ თემაზე რამე დაგვეწერა, რა თქმა უნდა, რუსეთის აგენტობას დაგვაბრალებდნენ, არადა, ამ თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობების პროცესი ჩანდა როგორც "გუგლის" რუკებზე ინტერნეტში, ისე - რუსული კოსმოსური სადაზვერვო თანამგზავრების გადაღებულ ფოტოებზე. მცხეთასთან მშენებარე ბეტონირებულ ბუნკერებს დროდადრო ის პატარა უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატები გადაუფრენდნენ, რომლებსაც რუსეთის სამხედრო დაზვერვის სპეციალისტები ოკუპირებული ახალგორის რაიონიდან უშვებდნენ...

იმ ტანკსაწინააღმდეგო თხრილს, რომელშიც ჯერ კიდევ პრეზიდენტის სტატუსის მქონე სააკაშვილი იდგა და ამით ამაყობდა, ჩვენდა სამწუხაროდ, არ შეუძლია მოწინააღმდეგის ჯავშანსატანკო კოლონის არათუ შეჩერება, არამედ რამდენიმე საათით შეყოვნებაც კი.

მიზეზი ძალზე მარტივია - თუკი 100 მ ტანკსაწინააღმდეგო თხრილის გასათხრელად ექსკავატორს 20-25 სთ სჭირდება, მის გადასალახავად საკმარისია... 3 წუთი!

სწორედ 2,5-5 წუთი სჭირდება რუსეთის არმიის შეიარაღებაში არსებული Т-72 ტიპის ტანკის ბაზაზე შექმნილ ხიდგამდებ МТУ-72-ს, რომ მაქსიმალურ 18 მ სიგანის თხრილზე ხიდი გადოს (არადა, სააკაშვილის თხრილის სიგანე სამი მეტრიც არ იყო), რომელზეც 50 ტონამდე მასის ნებისმიერ ტანკსა და სხვა საბრძოლო ტექნიკას შეუძლია გადასვლა. ამ ხიდებს საიერიშოსაც უწოდებენ, რადგან ეკიპაჟს ჯავშნიანი მანქანიდან გადმოუსვლელად მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ შეუძლია ხიდის გადება.

რუსეთის არმიის სატანკო პოლკში შტატით სამი МТУ-72 ირიცხება, გარდა ამისა, პოლკის აღჭურვილობაშია მექანიზებული ხიდის ТММ-ის ოთხი ნაწილი, ანუ სულ შვიდი სწრაფად გასაშლელი ხიდი გამოდის. თუკი ხიდის გადება ტანკსაწინააღმდეგო თხრილზე რაიმე მიზეზით შეუძლებელია, საქმეში ის ტანკები ერთვებიან, რომლებსაც წინ ჩამოსაკიდი სატანკო ბულდოზერები აქვთ დამაგრებული. თითო პოლკს ცხრა ასეთი ბულდოზერიანი ტანკი ჰყავს, რომლებსაც ტანკსაწინააღმდეგო თხრილის პატარა მონაკვეთის მიწით შევსება და მასზე გადასასვლელის გაკეთება ერთ საათში შეუძლიათ.

როგორც ხედავთ, ტანკსაწინააღმდეგო თხრილები დღევანდელი ჯავშანტექნიკისა და საინჟინრო ტექნიკისთვის გადაულახავი პრობლემა აღარ არის. ტანკსაწინააღმდეგო თხრილის მისადგომების ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით დანაღმვის შემთხვევაში შეტევაზე გადმოსული მოწინააღმდეგის წინსვლა შეფერხდება, თუმცა სწრაფი განაღმვითი ოპერაციის შემდეგ (მაგალითად, დისტანციური განაღმვის სისტემის УР-77-ის გამოყენების შემთხვევაში) ისევ სწრაფი ტემპით გაგრძელდება.

რაც შეეხება ბეტონირებულ საცეცხლე წერტილებს, რომელთა აშენებაც ძალიან ძვირი დაჯდა, ისინი აღჭურვილია ამბრაზურებით, საიდანაც სროლა ტანკებსა და ქვემეხებსაც შეუძლიათ. ერთი შეხედვით, რამდენიმემეტრიანი არმირებული ბეტონის კედლები საუკეთესო დაცვაა შიგ განთავსებული ტანკებისა და საარტილერიო დანადგარების ეკიპაჟებისთვის, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. ასეთი ბუნკერების მთავარი სისუსტე - სტაციონარული განთავსება და მათი უზუსტესი კოორდინატები - დიდი ხანია, ცნობილია ჩვენი ყველაზე რეალური მოწინააღმდეგის - რუსეთის გენშტაბისთვის.

თანამედროვე ბუნკერსაწინააღმდეგო "ჰაერი-მიწა" კლასის მართვადი რაკეტები და მართვადი ბომბები მიზანში მოხვედრის დიდი სიზუსტითა და განსაკუთრებული დამანგრეველი ძალით გამოირჩევა, რადგან მათი ქობინები შეღწევადი ტიპისაა და ფეთქდება მიწაში რამდენიმე მეტრზე ჩასვლის შემდეგ.

მაგალითად, რუსულ საფრონტო ბომბდამშენ Су-24М-ს მაქსიმალური 120 კმ-ის სიშორიდან (ისე, რომ მას ვერც ერთი ქართული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ვერ მისწვდება) შეუძლია გამოუშვას 930 კგ მასის "ჰაერი-მიწა" კლასის მართვადი რაკეტა Х-59М Овод-М-ი, რომელიც სახმელეთო მიზანს 2-3 მ-ის სიზუსტით ხვდება, ხოლო 320 კგ მასის შეღწევადი მოქმედების საბრძოლო ქობინს რამდენიმემეტრიანი სისქის ბეტონის გარღვევაც შეუძლია.

როგორც ხედავთ, სააკაშვილის თავდაცვის ზღუდეები პანაცეა ნამდვილად არ არის და დღეს, როდესაც რუსეთს შეუძლია შვეულმფრენებიდან ყველა სტრატეგიული ობიექტის სიახლოვეს (თბილისის ცენტრის ჩათვლით) მოულოდნელად გადმოსხას დესანტი, ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაჭრა და მთის კალთებზე ბეტონის კედლების ჩასხმა, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უცნაური ჩანს.

ამასთანავე არსებობს ეჭვი, რომ სააკაშვილის თავდაცვის ზოლის მოწყობაში უზარმაზარი თანხა (ზოგიერთი არაოფიციალური მონაცემით 600 მლნ ლარიც კი) დაიხარჯა, რომლის დიდი ნაწილი "ატკატებად" წავიდა, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ჯიბეში. არადა, თხრილების გათხრაზე მომუშავე ექსკავატორის მძღოლებს თურმე ხლფასს უგვიანებდნენ ან საერთოდ არ აძლევდნენ...