რუსულ შვეულმფრენებს ამერიკულით შეცვლიან... - კვირის პალიტრა

რუსულ შვეულმფრენებს ამერიკულით შეცვლიან...

შვეულმფრენების თემა კვლავ აქტუალურია ქართული არმიისთვის. შვეულმფრენების პარკი სასწრაფო მოდერნიზაციას მოითხოვს, რადგან საფრენი აპარატების რაოდენობა მინიმუმამდეა შემცირებული.

როგორ გაიხარჯა შვეულმფრენების საფრენოსნო რესურსი და რატომ დაფრინავდნენ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები საკუთარი სიამოვნებისთვის, ცალკე საუბრის თემაა, დღეს კი გადასაწყვეტია, რომელი ქვეყნისა და ფირმის წარმოებული შვეულმფრენებით ეცდება ქართული არმია თავისი არსენალის გადახალისებას.

არაოფიციალური წყაროების თანახმად, თავდაცვის სამინისტრომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, საბჭოთა წარმოების Ми-8 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენები აღარ შეიძინოს, ძველი შვეულმფრენების კაპიტალურ რემონტზე კი უარი თქვა.

უარის მთავარი მიზეზი უფრო პოლიტიკურია, ვიდრე - სამხედრო-ტექნიკური, რადგან რუსეთის ყაზანისა და ულან-უდეს საავიაციო ქარხნებში Ми-8-ების თანამედროვე მოდიფიკაციის ახალი შვეულმფრენების შეძენა დღეს და უახლოეს მომავალშიც შეუძლებელია.

გარდა ამისა, რუსეთი ყველანაირად ხელს უშლის ქართულ მხარეს, სხვა ქვეყნებში (მაგალითად, უკრაინაში) Ми-8-ების კაპიტალური რემონტისთვის სათადარიგო ნაწილები შეიძინოს.

ალტერნატიულ გზად ჩანდა "ევროკოპტერის" წარმოებული ფრანგული შვეულმფრენების შეძენა, რასაც აქტიურად ცდილობდა სააკაშვილის ხელისუფლება, თუმცა ივანიშვილის მთავრობამ "სუპერპუმების" შეძენა ქვეყნის ბიუჯეტის არასწორ ხარჯვად მიიჩნია.

არადა, შვეულმფრენების პარკის განახლება საშური საქმეა, ამიტომაც თავდაცვის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ უნდა დაიწყოს რუსული Ми-8-ების ("მფრინავი ძროხა") ჩანაცვლება ამერიკული "იროკეზებითა" და "შავი ქორებით".

ამერიკული "იროკეზები" ქართულ ცაში 14 წლის წინ გამოჩნდნენ, როდესაც ათიოდე UH-1H  ტიპის ერთძრავიანი შვეულმფრენები ამერიკელებმა და თურქებმა ქართულ არმიას აჩუქეს.

ამ "იროკეზთაგან" ზოგს მეორე ვიეტნამის ომიც კი ჰქონდა გამოვლილი და დღეს მათი საფრენოსნო რესურსი თითქმის ამოწურულია.

მათი ჩანაცვლება შეიძლება "იროკეზების" ახალი მოდელებით, რომლებსაც ორი ძრავა აქვს და უფრო უსაფრთხოა.

რაც შეეხება "შავ ქორს", UH-60-ს, ის "იროკეზზე" ძლიერი შვეულმფრენია და მეტი ტვირთიც გადააქვს, თუმცა ძვირია და ჩვენთვის თითქმის ფანტასტიკური თანხა - დაახლოებით 25 მლნ დოლარი ღირს.

აშშ-სა და საქართველოს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში ამ შვეულმფრენების შესაძენი ფასი შეიძლება ნაკლებიც იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში წინა პლანზე კვლავ პოლიტიკური ფაქტორი წამოიწევს - მოგვყიდის კი თეთრი სახლი ორმაგი დანიშნულების შვეულმფრენს და არ მოერიდება კრემლის გაღიზიანებას?