რუსეთმა თურქეთი დაზვერა - კვირის პალიტრა

რუსეთმა თურქეთი დაზვერა

ოფიციალური ანკარა უკმაყოფილოა, რადგან ბოლო დღეებში რუსეთმა ორჯერ დაზვერა თურქეთის შავი ზღვის სანაპირო. პირველად რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი თურქეთ-საქართველოს საზღვრის სარფის მონაკვეთთან 22 ოქტომბერს გამოჩნდა და თურქეთის სანაპიროს გასწვრივ, თურქეთ-ბულგარეთის საზღვრამდე, თითქმის სამი საათი მიფრინავდა.

რუსულ თვითმფრინავს არ დაურღვევია თურქეთის საჰაერო სივრცე, თუმცა ოთხი თურქული F-16 ტიპის გამანადგურებელი შორიახლოს მაინც მიაცილებდა მას.

მეორედ უკვე 28 ოქტომბერს, სავარაუდოდ, იმავე რუსულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა ბულგარეთიდან საქართველოს საზღვრამდე თურქეთის შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ იფრინა.

თურქულმა მხარემ დაადგინა რუსული თვითმფრინავის ტიპი. იგი აღმოჩნდა  Ил-20М რომელიც დამზადებულია სამგზავრო Ил-18-ის ბაზაზე და განკუთვნილია რადიოელექტრონული დაზვერვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის საწარმოებლად. რუსეთის შეიარაღებაში ოცამდე ასეთი თვითმფრინავია. რუსულმა Ил-20М-მა სავარაუდოდ, თურქეთის სანაპიროს გარდა ბულგარეთისა და რაც ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს სანაპირო ზოლების რადიოელექტრონული დაზვერვა განახორციელა, რათა ბათუმისა და ფოთის რაიონებში მომუშავე რადიოელექტრონული საშუალებები აღმოეჩინა.