თავდაცვით ზღუდეებს "მოწველილ" ბიზნესმენებს აგებინებდნენ! - კვირის პალიტრა

თავდაცვით ზღუდეებს "მოწველილ" ბიზნესმენებს აგებინებდნენ!

თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ოცამდე საჩივარს განიხილავს - ბიზნესმენები სახელმწიფო ზეწოლაზე ალაპარაკდნენ...

თბილისის გარშემო და სხვა ადგილებში თავდაცვითი ზღუდეების აგების თემა ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტზე მყოფი სააკაშვილის მორიგი სატელევიზიო პიარკამპანიის შემდეგ გახდა აქტუალური. შეგახსენებთ, მან ივანიშვილის მთავრობა დედაქალაქის დაცვის უგულებელყოფაში დაადანაშაულა.

პრეზიდენტ სააკაშვილს, ისევე, როგორც ექსთავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას მიაჩნიათ, რომ სწორედ მათი დამსახურებაა თბილისის მისადგომების გამაგრება და რუსეთის საოკუპაციო ჯარების შესაძლო შეტევისთვის მომზადება. ისინი აცხადებენ, რომ ამისთვის ძალ-ღონე არ დაიშურეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, სხვანაირად ფიქრობს ქართველ ბიზნესმენთა ნაწილი, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ოცამდე საჩივარი შეიტანეს.

თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციაში აცხადებენ, რომ ბიზნესმენები თავიანთ საჩივრებში ლაპარაკობენ სააკაშვილის ხელისუფლების ზეწოლის ფაქტებზე, რის შემდეგაც ისინი იძულებულნი გახდნენ, გაეღოთ მნიშვნელოვანი თანხა და სხვა მატერიალური საშუალებები თბილისის გარშემო თავდაცვითი ზღუდეების ასაშენებლად. ბიზნესმენების "ნებაყოფლობითი" შესაწირი მანამდეც იწვევდა ეჭვს, თუცა მაშინ ძალა აღმართს ხნავდა და ფიზიკურ განადგურებას რომ გადარჩენოდნენ, ბიზნესმენთა ნაწილი იძულებული იყო, ამ "მოწველისათვის" გაეძლოთ.

სხვა საკითხია, მიზნობრივად დაიხარჯა თუ არა თავდაცვითი ზღუდეების აგებისთვის გამოყოფილი უზარმაზარი თანხა, მაგრამ ეს ჯერ ისევ საიდუმლოა და ალბათ, არც დღევანდელი მთავრობა იჩქარებს ამ საიდუმლოსთვის ფარდის ახდას, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვითი ზღუდეების მშენებლობისას, სავარაუდოდ, უზარმაზარი თანხა "მოტყდა"...