სომხეთი აზერბაიჯანსა და საქართველოზე მილიტარიზებული აღმოჩნდა - კვირის პალიტრა

სომხეთი აზერბაიჯანსა და საქართველოზე მილიტარიზებული აღმოჩნდა

კონვერსიის საერთაშორისო ინსტიტუტმა - BICC-მა, რომელიც ბონშია განთავსებული, ყველაზე მილიტარიზებული ქვეყნების ათეულში სომხეთი და აზერბაიჯანიც შეიყვანა, ამასთან, ერევანმა "საპატიო" მეოთხე ადგილი დაიკავა, ბაქო კი მერვე ადგილს "დასჯერდა".

საერთაშორისო ექსპერტების აზრით, 2013 წელს საქართველო მილიტარიზებული ქვეყნების სიაში მხოლოდ 53-ე ადგილს იკავებს, რაც ურიგო არ უნდა იყოს, განსხვავებით 2007-2008 წლებისაგან, როდესაც ჩვენი ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი დაახლოებით 1,5 მლრდ ლარი იყო და საქართველოც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მილიტარიზებულ ქვეყნად ითვლებოდა.

მსოფლიოში ყველაზე მილიტარიზებული ქვეყანა, ტრადიციულად, ისრაელია, რომელსაც სინგაპური და რუსეთი მიჰყვებიან. აშშ-ს მხოლოდ 27-ე ადგილი ერგო, ხოლო ჩინეთი 83-ე აღმოჩნდა.

ერთი შეხედვით, ეს მოულოდნელია, რადგან ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში 2,2 მლნ სამხედრო მსახურობს და მის არსენალში მძიმე შეიარაღების 26 ათასზე მეტი სახეობაა.

კონვერსიის საერთაშორისო ინსტიტუტი მსოფლიოს ყველაზე მილიტარიზებული ქვეყნების ინდექსის შედგენისას ითვალისწინებს კონკრეტული სახელმწიფოს წლიური სამხედრო ბიუჯეტის ოდენობას, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელს, მოსახლეობის რაოდენობას, შეიარაღებაში არსებულ მძიმე საბრძოლო ტექნიკას და ა.შ.

ყველაზე არამილიტარიზებულ ქვეყნად დასახელებულია ისლანდია, რომელსაც შეიარაღებული ძალები საერთოდ არ გააჩნია, თუმცა ჰყავს სანაპირო დაცვის დანაყოფი.