ჟირინოვსკიმ ბასაევი საბოლოოდ გაშიფრა... - კვირის პალიტრა

ჟირინოვსკიმ ბასაევი საბოლოოდ გაშიფრა...

რუსეთის დუმის ყველაზე ოდიოზურმა ფიგურამ ჟირინოვსკიმ აღიარა, რომ აფხაზეთის ომში ჩეჩენი შამილ ბასაევი ქართველების წინააღმდეგ რუსული სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა...

"20 წლის წინ ბასაევი გავგზავნეთ აფხაზეთში, რათა საქართველოსთვის ჭკუა ესწავლებინა. ვფიქრობდით, ეს თავზე ხელაღებული ბიჭები ქართველებს თავ-პირს დაუნგრევდნენ და საქართველოში კვლავ რუსული დროშა იფრიალებდა..." - განაცხადა რუსეთის დუმის ყველაზე ექსცენტრიკულმა დეპუტატმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ ერთ-ერთ რუსულ ტელეგადაცემაში.

კაცმა რომ თქვას, ჟირინოვსკის დიდი საიდუმლო არ გაუმჟღავნებია, რადგან საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტრის - შამილ ბასაევის მჭიდრო კავშირი რუსულ სპეცსამსახურებთან მანამდეც იყო ცნობილი. თუმცა ჟირინოვსკიმ, როგორც რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, პირველად დაადასტურა, რომ აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად შამილ ბასაევი და მისი შეიარაღებული ჯგუფი სწორედ რუსეთის ხელისუფლების დავალებით მონაწილეობდნენ. რუსეთის, უფრო სწორად - საბჭოთა შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ - ГРУ-მ შამილ ბასაევი ჯერ კიდევ 1980-იან წლებში რომ "დაავერბოვკა", ამაზე "კვირის პალიტრა" რამდენიმე წლის წინ წერდა.

გასული საუკუნის 80-იანი წლების შუახანებში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში სპეციალურ მომზადებას გადიოდნენ კარტოგრაფიული ტექნიკუმების სტუდენტები. მომზადების დროს სამხედრო ნაწილში მოსკოვის ერთ-ერთი ტექნიკუმიდან გამოგზავნილი ახალგაზრდა შამილ ბასაევი გაიცნეს თბილისის კარტოგრაფიული სასწავლებლიდან მოვლინებულმა ქართველმა სტუდენტებმა. ერთ-ერთმა ქართველმა შამილ ბასაევის ნაცვლადაც კი ჩააბარა გამოცდა "კალაშნიკოვიდან" სროლაში, რადგან ბასაევს ინსტრუქტორები სროლის სიზუსტეს უწუნებდნენ.

რა თქმა უნდა, ეს ქართველი სტუდენტები, ისევე, როგორც შამილ ბასაევი და სხვები, ვინც იმ ნაწილში გადიოდა სპეცმომზადებას, ГРУ-ს შერჩეული იყო. ომის დაწყების შემთხვევაში ეს კარტოგრაფები უნდა გაჰყოლოდნენ ГРУ-ს სადაზვერვო-სადივერსიო ჯგუფებს მოწინააღმდეგის ღრმა ზურგში და დაედგინათ სტრატეგიული ობიექტების ზუსტი კოორდინატები, რომლებსაც შემდეგ მოსკოვი სარაკეტო დარტყმებს მიაყენებდა.

მოგვიანებით, აფხაზეთის ომის დროს, ზემოხსენებული ქართველები უკვე ოფიცრები იყვნენ და თავი არ დაუზოგავთ სამშობლოსათვის ბრძოლაში. ისინი გუმისთის ფრონტის ხაზიდან დაუკავშირდნენ შამილ ბასაევს და ნეიტრალურ ადგილას შეხვედრა მოსთხოვეს, რათა გაერკვიათ, რატომ ებრძოდა ქართველებს, თუმცა შამილ ბასაევი დათქმულ ადგილას არ გამოცხადდა...

ამ სტატიის ავტორს საშუალება მიეცა, 1997 წელს დანგრეულ გროზნოში შეხვედროდა შამილ ბასაევს. საუბრისას მან წარბშეუხრელად განაცხადა, რომ არ ნანობდა ქართველების წინააღმდეგ ბრძოლას...

P.S. ჟირინოვსკიმ იმავე სატელევიზიო გადაცემაში განაცხადა: "შემდეგ რა მოხდა? ბასაევი დაბრუნდა უკან და ორი სისხლიანი ომი მოგვიწყო. ათასობით ჩვენი ჯარისკაცი დაიღუპა, მათ თავებს აჭრიდნენ..."

შამილ ბასაევის მაგალითი იმის ნათელი მაგალითია, ბუმერანგივით როგორ დაუბრუნდათ რუსულ სპეცსამსახურებს თავიანთი შექმნილი მონსტრი, ისევე, როგორც უსამა ბინ ლადენმა გადაუხადა "მადლობა" ამერიკულ სპეცსამსახურებს 11 სექტემბრის ტერაქტებით - თავის დროზე უსამა ბინ ლადენი სწორედ აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ "გამოზარდა" ავღანეთში შეჭრილი საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ საბრძოლველად.