სად გაანადგურებენ სირიის ქიმიურ იარაღს? - კვირის პალიტრა

სად გაანადგურებენ სირიის ქიმიურ იარაღს?

იმედია, არა საქართველოში!..

ამერიკელები გაფაციცებით ეძებენ იმ ქვეყნებს, რომლებიც დასთანხმდებიან, თავიანთ ტერიტორიაზე გაიტანონ და გაანადგურონ სირიის ქიმიური იარაღი...

სირიის სამოქალაქო ომთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი პრობლემა - ქიმიური იარაღი - თითქოს მოგვარდა მას შემდეგ, რაც სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი დათანხმდა მისი არმიის შეიარაღებაში არსებულ 1,3 ათასი ტონა საერთო მასის ქიმიური იარაღის განადგურებას და მათი დასაწყობების ადგილებიც გაუმხილა საერთაშორისო ექსპერტებს.

მაგრამ გაჩნდა ახალი თავსატეხი - სად უნდა განადგურდეს სირიის ქიმიური იარაღი?

სირიის ტერიტორიაზე ეს წარმოუდგენელია, რადგან შესაძლოა, ქიმიური იარაღი ათასი ჯურის შეიარაღებული რაზმების ხელში მოხვდეს, რასაც დასავლეთი არ დაუშვებს. ამიტომ ახლა დასავლეთი და პირველ რიგში - აშშ-ის ხელისუფლება სასწრაფოდ ეძებს იმ ქვეყნებს, რომლებიც თავიანთ ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის განადგურებას დასთანხმდებიან.

ვაშინგტონს იმედი ჰქონდა, რომ ალბანეთი სირიის ქიმიური იარაღის განადგურებას დასთანხმდებოდა, მაგრამ მოსახლეობისა და ოპოზიციის მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შედეგად ოფიციალურმა ტირანამ ამის გაკეთება გადაიფიქრა, მანამდე კი ქიმიური იარაღის მიღებასა და გაუვნებლებაზე კატეგორიული უარი თქვეს თურქეთმა, იორდანიამ და ნორვეგიამ.

არადა, ქიმიური იარაღის ამკრძალავმა საერთაშორისო ორგანიზაციამ (რომელსაც დაევალა სირიის ქიმიური იარაღის განადგურება) უკვე დაამტკიცა გრაფიკი, რომლის თანახმად, 2014 წლის 5 თებერვლამდე სირიიდან მთლიანად უნდა გაიტანონ ქიმიური იარაღის კომპონენტები (ყველაზე სახიფათო სახეობის ქიმიური იარაღის სირიიდან გატანა ა/წლის 31 დეკემბრამდე იგეგმება), 2014 წლის 30 ივნისამდე კი ისინი უნდა განადგურდეს.

თუკი სირიის ქიმიური იარაღის მიღების მსურველი ქვეყნები დროულად არ მოიძებნა, ამ გეგმას განხორციელება არ უწერია. ამასთან, მარტო ქიმიური იარაღის მიღება არ კმარა, რადგან ქიმიური კომპონენტების გაუვნებლება (იქნება ეს მაღალ ტემპერატურაზე დაწვისა თუ ქიმიური რეაქციების შედეგად) ძალზე სახიფათო პროცესია და შესაბამისი ტექნოლოგიური ციკლი სჭირდება.

ქიმიური იარაღის გაუვნებლების ყველაზე თანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობები აშშ-სა და რუსეთს აქვთ და ლოგიკური იქნებოდა, სწორედ ამ ქვეყნების ტერიტორიებზე განადგურებულიყო სირიის ქიმიური იარაღი, მით უმეტეს, რომ სირიის არმიის შეიარაღებაში ძირითადად სწორედ საბჭოთა წარმოების ქიმიურქობინიანი რაკეტები და ბომბები იყო.

ამჟამად აშშ რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლებასთან აწარმოებს კულუარულ მოლაპაკებას, რათა ისინი თავიანთ ტერიორიებზე ქიმიური იარაღის მიღებასა და განადგურებაზე დაითანხმოს.

იმედი გვაქვს, ამ ქვეყნების რიცხვში საქართველო არ იქნება და დღევანდელი მთავრობა მოსახლეობის ზურგს უკან ასეთ საბედისწერო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.