ვინ გახდება აღდგენილი გენშტაბის უფროსი?
18-11-2013
გაერთიანებული შტაბი ისევ გენშტაბად გადაკეთდება და ახალი უფროსიც მალე დაინიშნება...

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს სახელი შეეცვლება და ისევ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი დაერქმევა.
თუმცა ცვლილება მარტო სახელს არ შეეხება - შეიცვლება პირველი სამხედრო პირიც. დღეს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი 45 წლის პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძეა. იგი ამ მაღალ თანამდებობაზე ავადსახსენებელი კოაბიტაციის პერიოდში დაინიშნა, რასაც, ალბათ, თავადაც არ ელოდა.
პოლკოვნიკ ძნელაძის კანდიდატურა ერთი მხრივ
პრეზიდენტ სააკაშვილის და მეორე მხრივ - 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ივანიშვილის გუნდის ერთგვარი დათმობა იყო, რადგან დაპირისპირებულ მხარეებს თავიანთი კანდიდატების გაყვანა სურდათ.

გაერთიანებული შტაბის გენშტაბად სახეცვლის შემდეგ ახალ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწევს გენშტაბის ახალი უფროსის დანიშვნაც, თუმცა პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, ბუნებრივია, ამ თანამდებობას ვერ
შეინარჩუნებს.

გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების კულუარებში ორ კანდიდატურაზე - ბრიგადის გენერალ ვახტანგ კაპანაძესა და პოლკოვნიკ ვლადიმერ ჩაჩიბაიაზე საუბრობენ.
53 წლის გენერალი კაპანაძე 1990-91 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის იგი უფრო ცნობილია, როგორც გენშტაბის უფროსი (ეს თანამდებობა მას 2004-2005 წლებში ჰქონდა).

გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე 42 წლის ლადო  ჩაჩიბაიამაც იმსახურა 2008 წლის შემოდგომიდან 2009 წლის გაზაფხულამდე.

საგულისხმოა, რომ მათ გენშტაბის უფროსის თანამდებობა მაშინდელ თავდაცვის მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებთან უთანხმოების შედეგად დატოვეს. ბრიგადის გენერალი კაპანაძე თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ვერ შეეწყო, ხოლო პოლკოვნიკმა ჩაჩიბაიამ მაშინდელ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბაჩო ახალაიასთან ვერ გამონახა საერთო ენა. ორივე ქართული არმიის შექმნის დღიდან მსახურობს შეიარაღებულ ძალებში და გამოცდილება არ აკლიათ. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახალი პრეზიდენტი და რა თქმა უნდა, ჯერ ისევ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომლის პოზიციას პრეზიდენტი უდავოდ გაითვალისწინებს...
tamro
22 ნოემბერი 2013 20:52
წარმატებებს გისურვებთ ბატონო ვახტანგ აბა თქვენიცით როგორ გაძლიერებთ ქართულ არმიას და როგორ გაწმინდავთ ახალაის ნაბიჭვრებისაგან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს რომლებიც არიან კიდევ დარჩენილები სამწუხაროდ ასეთი კატეგორის ხალხი

რედაქტორის რჩევით