3:1 - კვირის პალიტრა

3:1

გამოქცეული და თავშესაფრის მთხოვნელი რუსი სამხედროებისგან მალე საბრძოლო ათეულს ჩამოვაყალიბებთ, წინ ხომ მთელი ზამთარია...

ცხინვალისა და ახალგორის რაიონებში, ისევე როგორც ჯერ კიდევ ოკუპირებულ სოფელ პერევში, სუსხიანი ზამთარი იცის. ასე რომ, კარვებში შეყუჟული რუსული საოკუპაციო ჯარებიდან კიდევ არაერთი სამხედრო დიდი სიამოვნებით გამოიქცევა თბილისისკენ...

21 დეკემბერს ეს ტენდენცია განამტკიცა რუსმა მიჩმანმა ვიტალი ხრიპუნმა, რომელმაც ჯავის რაიონის სოფელ სინაგურში მიატოვა საგუშაგო და ქართველ სამართალდამცავებს სთხოვა, შემიკედლეთო. 2009 წელს რუსეთის საოკუპაციო ჯარების უკვე მესამე სამხედრო გამოექცა "ოსი და აფხაზი ხალხის განმათავისუფლებელ" დიად რუსულ არმიას და თავშესაფარი "ცუდ" ქართველებს სთხოვა.

წლის დასაწყისში, იანვარში, რუსეთის არმიის უმცროსმა სერჟანტმა ალექსანდრ გლუხოვმა დატოვა საოკუპაციო ჯარის დანაყოფი იმ მოტივით, რომ სამხედრო ნაწილში აუტანელი პირობები იყო და "დედოვშჩინა" მძვინვარებდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სცადა, საქმე ისე ეჩვენებინა, თითქოს რუსი უმცროსი სერჟანტი ქართულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს, მაგრამ გლუხოვის სატელევიზიო გამოსვლების შემდეგ რუსი გენერლებისა უკვე აღარც თავად რუსულ მასმედიას სჯერა.

გლუხოვის მაგალითს 1-ელ ივლისს რიგითმა დმიტრი არტემიევმაც მიჰბაძა - საოკუპაციო ჯარების დანაყოფიდან გამოიქცა და თან ხელს "კალაშნიკოვის" ავტომატი და სავსე მჭიდები გამოაყოლა. მან ამ ნაბიჯის მთავარ მიზეზად რუსულ სამხედრო ნაწილებში გამეფებული უმოწყალო "დედოვშჩინა" დაასახელა.

ამჯერად რუსეთის გენერალიტეტს აღარ უცდია, ყველაფერი ისევ ქართული სპეცსამსახურების ხრიკებისთვის დაებრალებინა და მაშინვე აღძრა საქმე დეზერტირობასა და იარაღის გატაცების მუხლებით.

21 დეკემბერს გამოქცეული რუსი მიჩმანის, ვიტალი ხრიპუნის შემთხვევა მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა ორისგან.

რიგითი არტემიევი და უმცროსი სერჟანტი გლუხოვი რუსეთის არმიაში სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდნენ, მიჩმანი ხრიპუნი კი თავისი ნებით წავიდა ჯარში. ამასთან, მას კონტრაქტი ჰქონდა დადებული არა რუსეთის არმიასთან, არამედ ФСБ-ს სასაზღვრო ფედერალურ სამსახურთან (ФПС), ანუ მან, როგორც ჩეკისტმა, სპეციალური შემოწმება გაიარა. მიჩმანი (სახმელეთო ტერმინით - პრაპორშჩიკი) ხრიპუნი ცხინვალის რეგიონში სულ ახლახან, 9 დეკემბერს გადმოუყვანიათ. ძნელი სათქმელია, ისეთი რა იგრძნო 25 წლის რუსმა მიჩმანმა 11 დღეში სინაგურში, რომ იარაღს ხელი დასტაცა, უკან მოუხედავად გამოიქცა, ქართველებს თავშესაფარი სთხოვა და, რაც მთავარია, გააკეთა პოლიტიკური განცხადება - მე არ მინდოდა შემესრულებინა ადგილობრივი ქართველებისა და ოსების ღირსების შემლახველი ბრძანებებიო...

ივნისში რუსეთში გადავიდა და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის კატარღის შტურმანმა, 35 წლის ლეიტენანტმა ალიკ ბჟანიამ, რომელმაც ინტერვიუებში გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლების კურსი, თუმცა არავითარი სერიოზული ბრალდება არ წაუყენებია სასაზღვრო უწყების მიმართ და არც დაუჩივლია, რომ ვინმე პრობლემებს უქმნიდა სამსახურში.

ამის შემდეგ გაქცეულ სამხედროთა შეფარდების ანგარიში 2:1 იყო საქართველოს სასარგებლოდ, 2009 წლის მიწურულს კი რუსმა სამხედროებმა კიდევ ერთი "ბურთი" მიიღეს საკუთარ კარში. ანგარიში 3:1-მდე გაიზარდა თბილისის სასარგებლოდ.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, წინ მძიმე სუსხიანი ზამთარია და შესაძლოა, კარვებში გაყინულ არაერთ რუს სამხედროს გაუჩნდეს თბილისის ცენტრში, გაჩახჩახებულ ნაძვის ხესთან "გათბობის" დიდი სურვილი...