რუსეთი სომხეთში "მფრინავ ნიანგებს" გზავნის - კვირის პალიტრა

რუსეთი სომხეთში "მფრინავ ნიანგებს" გზავნის

მოსკოვის მოთხოვნით, ერევანთან უახლოეს დღეებში 18 რუსულ შვეულმფრენს გადაისვრიან...

სომხეთის მთავრობამ 21 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, შეასრულოს რუსეთის მთავრობის მოთხოვნა და გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზის გასაძლიერებლად შვეულმფრენთა ესკადრილია განათავსოს ერევანთან.

2 დეკემბერს ერევანს ოფიციალური ვიზიტით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეწვევა და სხვა საკითხებთან ერთად მხარეები რუსეთ-სომხეთის ერთიანი საჰაერო თავდაცვის სისტემის ფორმირებასაც განიხილავენ.

1990-იანი წლებიდან სომხეთის ტერიტორიაზე ისედაც ფუნქციონირებს С-300B ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის დივიზიონები, რომლებსაც შემდგომში МиГ-29 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების ესკადრილია (18 საფრენი აპარატი) შეემატა.

ისინი სტრუქტურულად შედიან გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზის შემადგენლობაში და საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში დახმარებას აღმოუჩენენ სომხეთის არმიას, რის შესახებაც "კრასნაია ზვეზდასთვის" მიცემულ ინტერვიუში ჯარისკაცური პირდაპირობით განაცხადა ამ რუსული ბაზის მეთაურმა და ოფიციალური ბაქოს მორიგი პროტესტიც გამოიწვია.

მოსკოვის მოთხოვნით, სომხეთის ხელისუფლებამ რუსული  საშვეულმფრენო ესკადრილიის დისლოკაციისთვის ადგილი გამოყო ერევანთან, "ერებუნის" სამხედრო აეროდრომზე, სადაც დიდი ხანია განთავსებულია 102-ე სამხედრო ბაზის МиГ-29  გამანადგურებლების ესკადრილია.

რუსული შვეულმფრენების ერევანში გადასროლა ნოემბრის ბოლოს იგეგმება (საინტერესოა, როგორ  ჩაიტანენ რუსი სამხედროები ამ შვეულმფრენებს ერევანში - სატრანსპორტო თვითმფრინავებით, თუ შვეულმფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეს დაარღვევენ და სომხეთში ჩაფრინდებიან?). რისთვის დასჭირდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ასეთი დაჩქარებული ტემპით სომხეთში 18 შვეულმფრენის გადასროლა?

ჯერჯერობით უცნობია ამ შვეულმფრენების ტიპი, მაგრამ თუკი ისინი საბრძოლო Ми-24-ები ან Ми-28-ები აღმოჩნდება, მაშინ გასაგებია, რა გეგმები ჰქონიათ კრემლში.

ამ ტიპის რუსული საბრძოლო შვეულმფრენები, ძირითადად, მოწინააღმდეგის პოზიციებსა და ჯავშანკოლონებზე დაბალი სიმაღლიდან საჰაერო იერიშის მისატანად გამოიყენება და ეს ესკადრილია აზერბაიჯანთან საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში სომხეთისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება (ინფორმაციისთვის - სომხეთს საკუთარი 15-მდე საბრძოლო შვეულმფრენი Ми-24 ჰყავს, რომლებიც მას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთში დისლოცირებული რუსული საშვეულმფრენო ესკადრილიიდან გადასცა მოსკოვმა).

წლის ბოლოს სომხეთის ტერიტორიაზე შეიძლება 30-ზე მეტი საბრძოლო შვეულმფრენი აღმოჩნდეს, რაც უდავოდ გასათვალისწინებელი ფაქტორია არა მარტო აზერბაიჯანის, არამედ საქართველოსთვისაც.