ოპერაცია ავღანეთში და აფეთქებული MRAP-ი - კვირის პალიტრა

ოპერაცია ავღანეთში და აფეთქებული MRAP-ი

ბათუმის ცალკეულმა მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა ჰილმენდის პროვინციაში წარმატებული საბრძოლო ოპერაცია უმსხვერპლოდ ჩაატარა

თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის მორიგი საბრძოლო ოპერაციის შესახებ. ამ უწყების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ამ ოპერაციის შესახებ ფოტოვიდეომასალაც გამოაქვეყნეს, რითაც თვალნათლივ გამოჩნდა, რას საქმიანობენ და რა საფრთხის წინაშე დგანან ქართველი სამხედროები ჰილმენდის პროვინციაში.

გასულ წლებში არათუ ფოტოვიდეომასალას, არამედ ISAF-ის ოპერაციებში ქართველების მონაწილეობის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას იმდროინდელი სამხედრო უწყების მესვეურნი გულმოდგინედ მალავდნენ.

საბრძოლო ოპერაცია კოდური სახელწოდებით "სემკეპი" მიზნად ისახავდა არსებულ რაიონში თალიბების თავისუფალი გადაადგილების აღკვეთას, ბუფერული ზონების შექმნას, გზების დაცვის გაძლიერებასა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ავღანურ სოფელში ოპერაციას ბათუმის ცალკეული ქვეითი ბატალიონის ასეულების - "ალფას" და "ჩარლის" ჯარისკაცები ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ატარებდნენ, როდესაც თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე ქართული პატრულის შეჯავშნული MRAP-ი აფეთქდა. საბედნიეროდ, ჯავშანმანქანის ეკიპაჟი არ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა გამნაღმველთა და სწრაფი რეაგირების ჯგუფებმა მოახერხეს აფეთქებული MRAP-ის ბაზაზე ევაკუირება.

როგორც თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, აფეთქებული ქართული ჯავშანმანქანის ევაკუაციის პროცესს ამერიკელი საზღვაო ქვეითების კორპუსის საბრძოლო შვეულმფრენები -  "სუპერკობრები" იცავდნენ, რათა თალიბები მოულოდნელად თავს არ დასხმოდნენ ქართველ სამხედროებს.