ქართულ არმიას გენერალ-მაიორი უმეთაურებს - კვირის პალიტრა

ქართულ არმიას გენერალ-მაიორი უმეთაურებს

ერთი წლის დაგვიანებით ვახტანგ კაპანაძე მაინც დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული

ძალების პირველ სამხედროდ

ე.წ. კოაბიტაციის ერთწლიანი პერიოდი თავის თავზე ყველაზე მეტად ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ გამოსცადა, რადგან შარშან საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული "ქართული ოცნების" ლიდერებს ჯერ კიდევ მაშინ სურდათ მისი დანიშვნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის  უფროსად, მაგრამ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამის წინააღმდეგი იყო და ვახტანგ კაპანაძეც გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილის პოსტს დასჯერდა.

ამ ერთი წლის განმავლობაში გაერთიანებულ შტაბში, ისევე, როგორც მთლიანად შეიარაღებულ ძალებში, ვრცელდებოდა ხმა, რომ გენშტაბის აღდგენისთანავე გაერთიანებული შტაბის უფროსის, პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძის ადგილს ან ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე დაიკავებდა, ან პოლკოვნიკი ლადო ჩაჩიბაია - მაშინ ორივე ძნელაძის მოადგილე გახლდათ.

როგორც ჩანს, ყველა სამხედრო თავის სასურველ კანდიდატურას უჭერდა მხარს. დიდი საიდუმლო არ არის, რომ გენერალურ შტაბში ერთგვარი გუნდებია შექმნილი, სამწუხაროდ, ისიც ცნობილია, რომ ესა თუ ის გუნდი ჭორებისა და კომპრომატების გავრცელებასაც არ ერიდება, რაც ვნებს საერთო საქმეს - ქართული არმიის გაძლიერებას.

გენშტაბის უფროსის პოსტზე მეორედ დანიშვნის შემდეგ ვახტანგ კაპანაძეს გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა და ის დღეს ყველაზე მაღალჩინიანი მოქმედი სამხედროა.

პირველად გენშტაბის უფროსის პოსტზე ყოფნისას (2004-2005 წლებში) მისი და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის ურთიერთობა არ აეწყო, რაც კაპანაძის ბრალი ნამდვილად არ იყო - თავდაცვის მინისტრი ოქრუაშვილი მას არ ხვდებოდა და საქმეებს მის მოადგილესთან აგვარებდა.

ირაკლი ოქრუაშვილისაგან განსხვავებით, ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ნაკლებად ერევა სამხედროების საქმეში და იმედია, ალასანია-კაპანაძის ურთიერთობაც მეტ სიკეთეს მოუტანს ქართულ არმიას.