ვილნიუსის სამიტისთვის რუსული პასუხის მოლოდინში... - კვირის პალიტრა

ვილნიუსის სამიტისთვის რუსული პასუხის მოლოდინში...

ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირთან დაახლოებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს რუსეთის ახალი პროვოკაციების ფასად დაუჯდეს...

ვილნიუსის სამიტზე საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას შეიძლება რუსეთის ზეწოლა მოჰყვეს - ამის შესახებ არაპირდაპირ, მაგრამ მაინც აცხადებენ როგორც პრეზიდენტი, ისე პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები.

მოსახლეობის შეშინება არავის სურს, მაგრამ არც იმის დამალვა ივარგებს, რომ კრემლი ვილნიუსის სამიტის შემდეგ საქართველოს დასჯას ეცდება.

სავარაუდოდ, ყველაზე რთული პერიოდი მომავალი ერთი წელი იქნება, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების ვადა ამოიწურება და საქმე ხელშეკრულების ხელმოწერაზე მიდგება.

ძნელი მისახვედრი არ არის, რა პოლიტიკური და ეკონომიკური ხერხებით შეიძლება სცადოს რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს დაჩოქება, მაგრამ საქმე უფრო გართულდება, თუკი კრემლი სამხედრო მეთოდებით ზეწოლასაც გადაწყვეტს.

გასაგებია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლანდელი დამოკიდებულება საქართველოსადმი - მართალია, რუსეთის სამხრეთ მეზობლის ხელმძღვანელი აღარ არის მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ ქვეყნის მომავლის მთავარი ვექტორი არ შეცვალა და საქართველო ისევ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ მიისწრაფვის, ეს კი მიუღებელია რუსეთისთვის, რომელსაც სურს, საქართველო სომხეთივით თავის მორჩილ ქვეყნად იხილოს. ამის შემდეგ ნავთობითა და გაზით მდიდარი აზერბაიჯანის მოდრეკაც გაადვილდება და კვლავ რუსეთის გავლენის სფეროდ იქცევა მთელი სამხრეთ კავკასია, რომელიც რუსეთისთვის ახლო აღმოსავლეთში გასასვლელი დერეფანია. სწორედ ამ დერეფნის სრული გაკონტროლების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზრდება კრემლის სამხედრო-პოლიტიკური გავლენა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე და მოსკოვი შეეცდება, ამ რეგიონში აშშ-ისა და ევროპის გავლენა შეზღუდოს.

ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ მავთულხლართების გავლება ვილნიუსის სამიტის დღეებშიც გრძელდებოდა, რაც საქართველოზე რუსეთის ზეწოლის მხოლოდ ერთი ფორმაა. სავარაუდოდ, სხვა სახის გამოწვევებსაც უნდა ველოდოთ, რადგან საქართველოს ჩათრევა ახალ საბრძოლო მოქმედებებში კრემლს ხელ-ფეხს გაუხსნის უფრო სწრაფი, აგრესიული ქმედებებისთვის, რასაც ვერც ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება უშველის და ვერც - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ასპირანტობა...