გიუმრიში რუსული სამხედრო საიდუმლოებები გამჟღავნდა - კვირის პალიტრა

გიუმრიში რუსული სამხედრო საიდუმლოებები გამჟღავნდა

სომხეთში ვიზიტისას პრეზიდენტ პუტინს ის ახალი რუსული შეიარაღებაც აჩვენეს, რომელიც საქართველოს სამხრეთიდან შეიძლება დაემუქროს

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა სომხეთში ოფიციალური ვიზიტის დროს გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზაც მოინახულა, რომელიც საქართველოს საზღვრიდან 33 კმ-ით, ხოლო თბილისიდან - 130 კმ-ით არის დაშორებული.

მანძილზე იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ გიუმრის რუსულ ბაზაზე პუტინს აჩვენეს საბრძოლო ტექნიკა, რომელიც მანამდე აქ დისლოცირებული არ იყო, რუსეთიდან სომხეთში ბოლო დროს გადაისროლეს მალულად სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით და რა თქმა უნდა, საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით.

კერძოდ, ლაპარაკია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის - Смерч-ის ბატარეასა და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის Бук-М1-2-ის დივიზიონზე. სავარაუდოდ, "ბუკები" სომხეთში, გიუმრის ბაზაზე რუსმა სამხედროებმა 2012 წელს ჩაიტანეს, ხოლო "სმერჩები" რამდენიმე თვის წინ, ამა წლის ზაფხულში.

გიუმრის ბაზის საქართველოსთან სიახლოვე იმას ნიშნავს, რომ რუსული "სმერჩების" 300 მმ კალიბრიანი და 800კგ-იანი რაკეტები სომხეთ-საქართველოს საზღვრიდან თბილისამდე ადვილად მოაღწევს.

რაც შეეხება გიუმრიში ჩატანილ მოდერნიზებულ "ბუკებს", მათ 40 კმ-ის რადიუსში შეუძლიათ აღმოაჩინონ შედარებით დაბალ სიმაღლეზე მფრენი აპარატი და 15 წმ-ში მისკენ საზენიტო რაკეტა გაუშვან - ანუ საზღვართან მდგარ რუსულ "ბუკებს" შეეძლებათ დააფიქსირონ და მიზანში ამოიღონ საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი საავიაციო ბაზიდან - მარნეულის აეროდრომიდან აფრენილი ქართული Су-25-ები და L-39-ები.

სომხეთი საშუალებას აძლევს სტრატეგიულ პარტნიორს - რუსეთს, რომ მის ტერიტორიაზე თითქმის ნებისმიერი შეიარაღება განათავსოს, რაც ოფიციალური ერევანის უფლებაა (მალე ერევანში 18 რუსულ შვეულმფრენსაც ჩაიტანენ), მაგრამ საქართველოს საჰაერო სივრცით საბრძოლო ტექნიკის გადატანა, რის უფლებასაც აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოს ხელისუფლება აღარ იძლეოდა, ოფიციალურ თბილისთან უნდა იყოს შეთანხმებული.

საინტერესოა, ჩააყენა თუ არა რუსულმა მხარემ საქმის კურსში საქართველოს ახალი ხელისუფლება სომხეთში "სმერჩების" ქართული საჰაერო სივრცის გავლით გადატანის შესახებ?!