ტანკებს ვყიდით, ტანკსაწინააღმდეგოებს ვყიდულობთ...
09-12-2013
ტანკებს ვყიდით, ტანკსაწინააღმდეგოებს ვყიდულობთ...
საბჭოთა ჯავშანტექნიკის ჩამოწერისა და გაყიდვის ხარჯზე თანამედროვე დასავლური ანტისატანკო და საზენიტო შეიარაღების შეძენა იგეგმება

საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი, რომელიც არც მომავალ წელს გადააჭარბებს 700 მლნ ლარს, არ არის საკმარისი, რომ არმია სრულად გადაიარაღდეს და სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური პირობებიც გაუმჯობესდეს.
საჭიროა, განისაზღვროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის აუცილებელი პრიორიტეტები და სამხედრო უწყების ხელმძღვანელობამაც ასეთ პრიორიტეტად არმიის შეიარაღების ანტისატანკო და საზენიტო საშუალებებით გაძლიერება მიიჩნია.

ექვსი-შვიდი წლის წინ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პრიორიტეტი  შემტევი დანიშნულების შეიარაღების, მათ
შორის - ტანკების, საარტილერიო დანადგარების, საბრძოლო შვეულმფრენების სასწრაფო შესყიდვა იყო, რაზეც დაიხაჯა 2007-2008 წლების უზარმაზარი სამხედრო ბიუჯეტი (წლიური სამხედრო ბიუჯეტი მაშინ დაახლოებით 1,5 მლრდ ლარი იყო).

2008 წლის აგვისტოს ომმა აჩვენა, რომ 20-30 ტანკით მეტი ან ნაკლები არაფერს წყვეტდა და რუსული ჯავშანკოლონების შესაჩერებლად აუცილებელი იყო
ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების დროული და ეფექტური გამოყენება (სხვათა შორის, აგვისტოს ომამდე ქართულ არმიას ათასზე მეტი "ფაგოტის" ტიპის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ჰქონდა, მაგრამ ისინი თითქმის არ გამოუყენებიათ).

აგვისტოს ომის მწარე გამოცდილების შემდეგ ძველმა ხელისუფლებამ სცადა, გაეძლიერებინა ქართული არმიის თავდაცვითი შესაძლებლობები (დაიწყო სტაციონარული თავდაცვითი ზღუდეების მშენებლობა, თუმცა რამდენად ეფექტურია ეს ნაგებობები, როდესაც ცაში მოწინააღმდეგის ავიაცია ბატონობს, ძნელი სათქმელია), მაგრამ რუსეთის პოლიტიკური ზეწოლის გამო ბევრმა ქვეყანამ, რომლებიც მანამდე დიდი სიხარულით გვაწვდიდნენ ყველანაირ იარაღს (ხშირად გაბერილი ფასებით და ტექნიკურად გაუმართავს), უარი თქვა ქართული არმიისთვის თავდაცვითი დანიშნულების ანტისარაკეტო და საზენიტო შეიარაღების მიყიდვაზე.

სააკაშვილის ხელისუფლების ათწლიანი ეპოპეის დასრულების შემდეგ თავდაცვის სამინისტროში არაოფიციალურ საუბრებში აცხადებენ, რომ დასავლეთის ქვეყნებთან შემაკავებელი ფაქტორი გადალახულია და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბევრი ქვეყანა მზადაა, ქართულ არმიას მიჰყიდოს თავდაცვითი დანიშნულების შეიარაღება, მათ შორის - თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსები და საზენიტო-სარაკეტო სისტემები.

ეს საკმაოდ ძვირად ღირებული იარაღია და მას მარტო სამხედრო ბიუჯეტი ვერ გასწვდება. თავდაცვის უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ ქართული არმიის შეიარაღებიდან შეიძლება ჩამოიწეროს საბჭოთა ტანკები (დღეისათვის არმიის შეიარაღებაში რამდენიმე ათეული T-72 და T-55 ტიპის ტექნიკურად გამართული ტანკია, რომელთა ზუსტ რიცხვს გასაგები მიზეზების გამო ვერ გავამხელთ), ჯავშანმანქანები და Ми-8 ტიპის სატრანსპორტო შვეულმფრენები (რომელთა ტექნიკური მომსახურება რუსეთში წარმოუდგენელია, ხოლო უკრაინაში ძალზე ძვირი ჯდება იქაური ბიუროკრატიული და კორუფციული დაბრკოლებების გამო).

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობა ამ ჩამოწერილი, მაგრამ საბრძოლველად მეტ-ნაკლებად ვარგისი ტექნიკის მსოფლიოს მესამე ქვეყნებში (მაგალითად, აფრიკაში) გაყიდვით მიღებული თანხის დამატებით თანამედროვე დასავლური წარმოების თავდაცვითი დანიშნულების შეიარაღების Kშეძენას აპირებს, ისე, რომ ვერავინ მოგვედავოს შეტევისთვის მზადებაში.

თავდაცვის უწყებაში იმასაც აღნიშნავენ, რომ შეიარაღებიდან რამდენიმე ათეული მოძველებული ტანკის, ჯავშანმანქანის თუ შვეულმფრენის ამოღებით მნიშვნელოვნად შემცირდება მათი რემონტისა და საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანისთვის საჭირო ხარჯი. ასე დაზოგილი მილიონები ანტისატანკო და საზენიტო შეიარაღების შესყიდვასაც მოხმარდება.

რა შეიძლება ითქვას თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის ამ გეგმებზე?
ერთი უდავოა - ჯერ კიდევ არსებობს რუსეთის სამხედრო აგრესიის საფრთხე (მით უმეტეს, ვილნიუსის სამიტის შემდეგ) და ტანკები და ჯავშანმანქანები ქართულ არმიას მოწინააღმდეგის შესაკავებლად არ გამოადგება, რადგან ცაში გაბატონებული რუსული ავიაციის მოიერიშე და ბომბდამშენი თვითმფრინავები, განსაკუთრებით კი - დამრტყმელი შვეულმფრენები (რომელთა რიცხვი მოსკოვმა ჩრდილო კავკასიაში მნიშვნელოვნად გაზარდა) მათ იოლად აღმოაჩენენ (სწორედ ასე მოხდა აგვისტოს ომში). მეორე მხრივ, გულდასაწყვეტი იქნება, თუკი ქართულ არმიაში შემცირდება ჯავშანტექნიკის რაოდენობა - ვინ იცის,
იქნებ არცთუ შორეულ მომავალში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ბევრად უფრო აქტუალური გახდეს?!

P.S. თუკი თავდაცვის სამინისტრომ მართლაც მოახერხა თანამედროვე დასავლური წარმოების ანტისატანკო და საზენიტო საშუალებების შეძენა, აუცილებელი იქნება ამ სისტემებზე მუშაობისთვის პერსონალის მოსამზადებელი სპეციალური სიმულაციური ცენტრების შეძენა, რაც მნიშვნელოვნად გააიაფებს ოპერატორების პროფესიონალურ გადამზადებას.
ucha djails
11 იანვარი 2014 00:03
და საერთოდ რა შუაშია 20 000 ტანკი ყავს რუსეთს თუ 40 000. 20 000 ტანკი არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ ყავს და რა ქნას ეხლა დიდმა ბრიტანეთმა , საფრანგეთმა ან თუნდაც თურქეტმა ? დაშალონ სატანკო შენაერტები და გაყიდონ ტანკები თუ ჯართში ჩააბარონ. სრული უმეცრებაა უმეცრებაა ასეთი შედარებები
ucha djails
10 იანვარი 2014 23:52
შვეიცარიას (რომელიც საქართველოზე არანაკლებ მთაგორიანი ქვეყანაა და არც რუსეთის მაგვარი მეზობლები ყავს დღეის მდგომარეობით 140 ტანკი ლეოპარდი ერიცხება შეიარაღებაში .როგორც იტყვიან ხოლმე კომენტარი ზედმეტია .
ucha djails
10 იანვარი 2014 23:48
არასწორი მიდგომაა. თუ სანაცვლოდ აპირებენ შეიძინონ თანამედროვე ( არა რუსული) ტანკები , რაშიც ძალიან მეპარება ეჭვი მაშინ გამართლებულია მოიშორო ხარჯიანი ტექნიკა. მაგრამ ისეთი მიდგომა რომ ტანკი საერთოდ არ ჭირდება მთაგორიან ქვეყანას აშკარა უცოდინრობა და სილენჩეა.მაგალითისთვის გეტყვით რომ არანაკლებ მთაგორიანი ქვეყანაა შვეიცარია თუ უფრო მეტად არა ვიდრე საქართველო. აქვს 200 წლიანი ისტორია ნეიტრალიტეტის რომელიც არ დაურღვევია თვით გიტლერსაც კი. არის შუაგულ ევროპაში და არ ესაზღვრება რუსეთი , არც ერთმანეთში მეომარი სომხეთი და აზერბაიჯანი. მიუხედავად ამისა შვეიცარიის არმიის შეიარაღებაში დღეის მდგომარეობით დაახლოებით 140 ერთეული ლეოპარდ 2-ია.(2003 წელს დაახლოებთ 700 ერთეული ირიცხებოდა, მართალია შეამცირეს მაგრამ უარის თქმა საერთოდ ტანკის ყოლაზე აზრადაც არავის მოსვლია . )

რედაქტორის რჩევით