სირიაში ქიმიური იარაღი 5-ჯერ გამოუყენებიათ
16-12-2013
სირიაში ქიმიური იარაღი 5-ჯერ გამოუყენებიათ
თუკი აშშ ქიმიური იარაღის გამოყენების საბაბით სირიის ომში ჩაერთვებოდა, რუსეთი საქართველოზე ძალით გაჭრიდა სომხეთისკენ სახმელეთო დერეფანს...

გაეროს განიარაღების სამმართველომ გამოაქვეყნა მოხსენება, რომლის თანახმადაც, სირიაში 5-ჯერ მაინც გამოიყენეს ქიმიური იარაღი. გაეროს ინსპექტორებმა დაამტკიცეს, რომ მომწამვლელი ნივთიერებები გამოიყენეს ამა წლის 19 მარტს, 29 აპრილს, 21, 24 და 25 აგვისტოს. ყველაზე დიდი ტრაგედია მოხდა 21 აგვისტოს, როდესაც სირიის დედაქალაქ დამასკოს გარეუბან გუტაში გაიფრქვა მომწამვლელი საბრძოლო აირი ზარინი, რასაც 1400-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლისა და
სამხედროს სიცოცხლე შეეწირა.

მიუხედავად იმისა, რომ შვიდი საეჭვო შემთხვევისგან ხუთ შემთხვევაში გაეროს სპეციალისტებმა ზუსტად დაადგინეს საბრძოლო ნერვულ-პარალიზებადი აირების გამოყენების ფაქტი (ორი შემთხვევისას ისინი ადგილზე ვერ ჩავიდნენ იქ საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის გამო), გაერო ვერ იღებს პასუხისმგებლობას, მომწამვლელი აირების გაფრქვევაში მაინცდამაინც ბაშარ ასადის ხელისუფლება დაადანაშაულოს.

ერთ-ერთი ვერსიის
თანახმად, მომწამვლელი აირების გაფრქვევა ისლამისტური შეიარაღებული დაჯგუფებებისა და მათ უკან მდგომი სირიის მეზობელი ქვეყნების სპეცსამსახურების "შემოქმედებაც" შეიძლება იყოს.
საქმე ის არის, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ საქვეყნოდ გააფრთხილა თავისი სირიელი კოლეგა ბაშარ ასადი - თუკი სირიის ხელისუფლება სამოქალაქო ომის დროს ქიმიურ იარაღს გამოიყენებდა, მაშინ აშშ აუცილებლად მიიღებდა მკაცრ ადეკვატურ ზომებს, რაც შეიძლებოდა სირიის სამოქალაქო ომში შეიარაღებული ოპოზიციის მხარეზე საერთაშორისო ძალების ჩარევაშიც გადაზრდილიყო.

მიუხედავად იმისა, რომ სირიის სამოქალაქო ომში, როგორც აღმოჩნდა, 5-ჯერ გამოიყენეს ქიმიური იარაღი, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ვერ და არ აასრულა თავისი მუქარა. შეიძლება ამის მიზეზი იყო ის, რომ სირიაში ქიმიური იარაღი პრეზიდენტ ბაშარ ასადის ერთგულ არმიას არ გამოუყენებია.

არ არის გამორიცხული, სწორედ პრეზიდენტ ობამას მუქარამ, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება ბოლოს მოუღებდა ბაშარ ასადის ხელისუფლებას, დააჩქარა სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის ქიმიური იარაღით მოწამვლა. იმ მეზობელი ქვეყნის ან ქვეყნების სპეცსამსახურებმა, რომელთაც ბაშარ ასადის ხელისუფლების დამხობა სურთ, სირიაში მოქმედი რამდენიმე ისლამისტური შეიარაღებული დაჯგუფების დახმარებით გააფრქვიეს სირიის ქალაქებში მომწამვლელი გაზი, რათა ეს ბაშარ ასადის საჯარისო დანაყოფებს დაბრალებოდათ და პენტაგონს თავისი პრეზიდენტის მუქარაც დაუყოვნებლივ აესრულებინა.

პრეზიდენტ ბარაქ ობამას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ყველაფერი ცივი გონებით განსაჯა და მაშინვე არ შეუტია ბაშარ ასადის რეჟიმს, რაც ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი ახალი დიდი ომის დაწყების საფუძველი გახდებოდა, ეს კი აუცილებლად აისახებოდა საქართველოზეც.
თუკი აშშ სირიის ომში ჩაებმებოდა, რუსეთი სახმელეთო დერეფანს გაჭრიდა ოკუპირებული ცხინვალიდან და ახალგორის რაიონიდან გორი-ხაშური-ბორჯომი-ახალციხე-ახალქალაქი-სომხეთის მიმართულებით, რისთვისაც არც საბრძოლო მოქმედებებს მოერიდებოდა.
გიგა
17 დეკემბერი 2013 11:55
საქართველო რა შუაშია? რატომ უნდა გაჭრას დერეფანი? სომხეთს ემუქრება რამე?

სირიის დამარცხება რუსეთის გაღატაკების ტოლფასი იქნება! რა შავ ქვად უნდა ეს სომხეთი ნეტა!

რედაქტორის რჩევით