ავღანეთში ბოლომდე ვრჩებით... - კვირის პალიტრა

ავღანეთში ბოლომდე ვრჩებით...

ISAF-ის შემადგენლობიდან ერთი ქართული ბატალიონი აღარ გამოვა და 2014 წლის ბოლომდე ავღანეთში 1600-მდე ქართველი დარჩება...

ISAF-ის მისიის დასრულებამდე, ანუ 2014 წლის ბოლომდე, ავღანეთში ორი ქართული ბატალიონი (1600 სამხედრო) დარჩება - ეს გადაწყვეტილება გაცხადდა პენტაგონში, სადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ამერიკელ კოლეგებთან ოფიციალური შეხვედრა გამართეს.

მანამდე თავდაცვის სამინისტროს კულუარებში მსჯელობდნენ, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე აღარ განხორციელებულიყო ერთი ბატალიონის როტაცია და ავღანეთში 2014 წლის ბოლომდე ანუ ISAF-ის ოპერაციის დამთავრებამდე 1600-ის ნაცვლად 900-მდე ქართველი სამხედრო დაგვეტოვებინა.

ასეთი გადაწყვეტილება არათუ დროული, არამედ აუცილებელი ჩანდა, რადგან დღევან

დელი ხელისუფლების წარმომადგენლები სულაც არ მალავენ, რომ 2014 წლის გაზაფხულ-ზაფხულში შეიძლება სერიოზულად დაიძაბოს სიტუაცია, კერძოდ, რუსეთის მხარემ სცადოს, ახალი სამხედრო-პოლიტიკური პრობლემები შეუქმნას საქართველოს, რათა შეფერხდეს ევროკავშირთან ასოცირების პროცესი.

ასეთი რეალური საფრთხის ფონზე, ბუნებრივია, უკეთესი იქნებოდა, ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა შეგვემცირებინა და იქ 1600 სამხედროს ნაცვლად მცირერიცხოვანი დანაყოფი დაგვეტოვებინა.

სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. სავარაუდოდ, NATO-ს ხელმძღვანელობამ სთხოვა ქართულ მხარეს, არ შეემცირებინა ავღანეთში სამხედროთა რაოდენობა, რასაც ოფიციალური თბილისი დათანხმდა.

რა შეიძლება ითქვას? სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 2000-მდე ქართველი სამხედროს ერაყში ყოფნა ძვირი დაგვიჯდა. მაშინ ამაზე ხმამაღლა რომ ვლაპარაკობდით, მოღალატეებს გვეძახდნენ, თუმცა ამ ომიდან ხუთი წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ ეს შეცდომა იყო და ქართული კონტინგენტი ერაყიდან მხოლოდ იმიტომ არ გამოიყვანა, რომ ამას ამერიკელები "სხვანაირად გაიგებდნენ".

დღეს გვინდა გავიმეოროთ ის, რასაც ხუთი-ექვსი წლის წინ ვამტკიცებდით: სტრატეგიული და ტაქტიკური თვალსაზრისითაც დიდი შეცდომაა, ქვეყნიდან ორი ათასი კმ-ის მოშორებით სახმელეთო ჯარების ქვეითთა 10%-ზე მეტი გყავდეს გაგზავნილი მაშინ, როდესაც ოკუპანტი ქვეყნისგან ყოველ წუთს სამხედრო მოქმედებების განახლებაა მოსალოდნელი.