წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო მოვლენები - კვირის პალიტრა

წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო მოვლენები

2013 წელი ბოლო ათწლეულისგან განსხვავებული გამოდგა, თუმცა სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო განვლილი წელი გარდამტეხი ვერ გახდა. საზოგადოების დიდი ნაწილი უფრო მეტს მოელოდა ახალი ხელისუფლებისგან, მათ შორის თავდაცვის სფეროშიც.

კოაბიტაციაში დაკარგული წელი...

გარკვეულწილად სწორედ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალისთვის დასავლეთის ნაკარნახევი კოაბიტაცია იქცა ერთწლიან მუხრუჭად საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების საქმეში.

მთელი წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა და გაერთიანებულ შტაბში დაბრუნებული ძველი ოფიცრები სასწრაფო და აუცილებელ რეფორმებს ვერ განახორციელებდნენ, რადგან პრეზიდენტი ანუ შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და მისი გუნდი ყველა ინიციატივას გზას უღობავდა. ეს საბოტაჟი ყველაზე მეტად არმიაში ძველი, გამოცდილი ოფიცრების, განსაკუთრებით კი - პოლკოვნიკების დაბრუნებისას გამოვლინდა, რადგან შეიარაღებული ძალების სამსახურში ამ ჩინის სამხედროთა აღდგენა მხოლოდ პრეზიდენტის პრეროგატივა იყო.

შეიძლება საზოგადოებისთვის უცნობია, მაგრამ გაერთიანებულ შტაბში საკმაოდ არასასურველი გარემო იყო შექმნილი, კერძოდ, მაღალჩინოსანი ოფიცრები გუნდებად იყვნენ დაყოფილი და მათ არცთუ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბევრი რამ გაირკვა. აღდგენილ გენერალურ შტაბს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ჩაუდგა სათავეში და ის უახლოეს მომავალში დაგვანახებს, თავის გუნდთან ერთად რა შეუძლია ქართული არმიის გასაძლიერებლად.

ახლა გენშტაბის უფროსს თითქმის იდეალური პირობები აქვს სამუშაოდ, რადგან მას თავდაცვის  მინისტრმა, პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა სრული კარტბლანში მიანიჭეს, რაც, თუ არ ვცდებით, არც ერთ მის წინამორბედს არ ღირსებია...

არმია პოლიტიკის მიღმა

ყველაზე მთავარი ცვლილება, რაც 2013 წელს მოხდა ქართულ არმიაში, ის გახლავთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები თითქმის გათავისუფლდა პარტიული ზეწოლისგან.

შევარდნაძის "მოქალაქეთა კავშირი" და სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის უხეშად ერეოდა ქართული არმიის საქმეებში, იქნებოდა ეს საკადრო ცვლილებები თუ საბრძოლო მოქმედებების დროს სამხედრო მართვის მცდელობა.

სწორედ "მოქალაქეთა კავშირის" მმართველობის დროს, 1998 წელს, მოხდა გალის ცნობილი მოვლენები, "ნაცმოძრაობამ" კი 2004 და 2008 წლებში ცხინვალის რეგიონში მომხდარ ტრაგედიაში საბედისწერო როლი ითამაშა.

საბედნიეროდ, ახლა მმართველი პარტია აღარ ერევა არმიის საქმეებში, რაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც გამოჩნდა, როდესაც არც თავდაცვის და არც შს სამინისტროების ხელმძღვანელობას სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის ხმების მოსაგროვებლად საუწყებო რესურსი არ გამოუყენებიათ. ეს ეტყობოდა ავღანეთში, ჩვენს სამხედრო დანაყოფში ჩატარებული არჩევნების შედეგებსაც, რომელთა მიხედვით კინაღამ პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა. ეს რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს მომხდარიყო, ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის არა მარტო მეთაურობა, კაპრალებიც კი მკაცრად დაისჯებოდნენ.

არმიის დისციპლინისა და ბრძოლისუნარიანობის განმტკიცებისათვის სწორედ მისი დეპოლიტიზაციაა აუცილებელი. თუკი მოიშლება დასმენის ინსტიტუტი და სამხედროები აღარ დაისჯებიან ინიციატივის გამოჩენის გამო, მაშინ ქართულ ჯარს მომავალი ნამდვილად ექნება.

ქართული ჯარი ადამიანური სახით

არმია მხოლოდ ტანკები, ჰაუბიცები თუ შვეულმფრენები არ არის. მას მომსახურეთა განწყობა და მოტივაცია ქმნის.

დაზღვევის ახალი, გაუმჯობესებული პირობები, 877 სამხედროსთვის ბინების გადაცემა, ხელფასის გაზრდა, დაჭრილებსა და დაღუპულთა ოჯახებზე ზრუნვა - ეს მხოლოდ ნაწილია იმ სიკეთისა, რაც ქართველმა სამხედრომ 2013 წელს მიიღო.

ალბათ, ყველაზე საყურადღებოა ის, რომ 2014 წლიდან დახმარება (500 ლარი) დაენიშნება  ყველა იმ ოჯახს, რომლის წევრი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ან საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობისას დაიღუპა. ეს განსაკუთრებით აფხაზეთის ომში, 1998 წელს გალში თუ 2004 წელს ცხინვალთან დაღუპულთა ოჯახებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რადგან დღემდე ისინი, სამწუხაროდ, ყველა მთავრობას მივიწყებული ჰყავდა.

ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ თუკი ავღანეთში ქართველი სამხედრო კიდევ დაიღუპება, ოჯახი ერთჯერადი დახმარების სახით 15.000 ლარის ნაცვლად (როგორც აქამდე იყო) 100.000 ლარს მიიღებს.

ეს და სხვა სოციალურ-ფინანსური დახმარებები სამხედრო მოსამსახურეს დაანახებს, რომ სახელმწიფო ზრუნავს მასზეც და მის ოჯახზეც და არც მის გმირობას დაივიწყებს არასოდეს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ბრძოლის ველზე სიკვდილის პირისპირ მდგომი ქვეყნის დამცველისთვის.

ბიუჯეტი და საკონტრაქტო არმია

საქართველოს შეიარაღებული ძალების ბიუჯეტი 2013 და 2014 წლებში 660 მლნ ლარი  იქნება, რაც საზოგადოების ნაწილის აზრით, სრულიად საკმარისი ან ბევრიცაა, თუმცა მოსახლეობის ასევე დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს თანხა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად საკმარისი არ არის.

ეს თანხა, რა თქმა უნდა, ახალი, თანამედროვე შეიარაღების შესაძენად საკმარისი არ არის, თუმცა ეყოფა პირადი შემადგენლობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას და საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას, მაგრამ არმია ხომ მხოლოდ აღლუმებზე გამოსასვლელად არ ჰყავს ქვეყანას - ახალი იარაღის შეძენაც საჭიროა და ბრძოლის მეთოდების დახვეწაც, ამას კი დამატებით რამდენიმე ასეული მლნ ლარი მაინც დასჭირდება.

ასეთი მოკრძალებული სამხედრო ბიუჯეტი, რომელიც ჩვენი მეზობლებისას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება (მაგალითად, აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტს თითქმის ცხრაჯერ), საკმარისი არ იქნება ქართული არმიის საკონტრაქტო სამსახურზე გადასაყვანად, რაც ორ-სამ წელში იყო დაგეგმილი.

ამასთან, მომავალ 2014 წელს მოსალოდნელია ურთიერთობის დაძაბვა რუსეთთან, რომელსაც ისედაც ოკუპირებული აქვს  საქართველოს ორი რეგიონი და არ არის გამორიცხული, მთავრობას ქართული არმიის გასაძლიერებლად დამატებითი რესურსის მოძებნა მოუხდეს.

წლის ტრაგედია

1999 წლიდან მოყოლებული, რაც ქართული სამხედრო კონტინგენტი საერთაშორისო მისიებში მონაწილეობს, არ დაღუპულა იმდენი სამხედრო, რამდენიც ავღანეთში 2013 წელს დაგვეღუპა.

13 მაისს ავღანეთში, ჰილმენდის პროვინციაში, ქართული 42-ე ქვეითი ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე თალიბებმა კომბინირებული შეტევა განახორციელეს. ბაზის შესასვლელში ჯერ კამიკაძე-ტერორისტმა ააფეთქა ავტომობილი, შემდეგ კი რამდენიმე ავტომატმომარჯვებულმა თალიბმა ბაზის ტერიტორიის სიღრმეში შეღწევა სცადა, მაგრამ ქართველებმა ისინი საპასუხო ცეცხლით გაანადგურეს. სამწუხაროდ, ამ თავდასხმას სამი ქართველი სამხედრო - უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე, კაპრალები ალექსანდრე კვიწინაძე და ვლადიმერ შანავა  - ემსხვერპლა.

6 ივნისს ავღანეთში, ქართულ სამხედრო ბაზაზე, მეორე თავდასხმა მოხდა - რამდენიმე ასეული კგ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი თვითმკვლელმა თალიბმა ბაზის ჭიშკართან ააფეთქა.

თავდასხმის შედეგად შვიდი ქართველი მებრძოლი დაიღუპა: კაპრალები თეიმურაზ ორთავიძე და გიორგი ადამოვი, პირველი კლასის რიგითები: ზურაბ გურგენაშვილი და ზვიად სულხანიშვილი, რიგითები: მიხეილ ნარინდოშვილი, ბორის ცუგოშვილი და გიორგი ღუჭაშვილი. თავდასხმის დროს ასევე დაიჭრა ცხრა ქართველი სამხედრო.

ერთი თვის განმავლობაში 10 სამხედროს დაღუპვა დიდი დარტყმა იყო ქართული არმიისთვის, თუმცა მეთაურობამ შეძლო სიტუაციის კონტროლი. საქართველოდან ჰილმენდის პროვინციაში გაიგზავნა პროფესიონალი მენაღმეები, რომელთა რეკომენდაციით გაძლიერდა ბაზების დაცვის საინჟინრო საშუალებები, რამაც მსგავსი ტრაგედიების გამეორების შესაძლებლობა შეამცირა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი - ასე ახლოს და ასე შორს...

საქართველოს  NATO-ში  გაწევრება შარშანაც აუსრულებელ ოცნებად დარჩა და უახლოეს პერიოდში ეს არც "გვემუქრება". სამაგიეროდ, გვემუქრება რუსეთი და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დახმარებით მისი სამხედრო აგრესიის მოგერიების იმედი არ უნდა გვქონდეს. ეს მწარე სიმართლეა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ.

მიუხედავად ამისა, საქართველო პირნათლად ასრულებს აღებულ ვალდებულებას და ავღანეთში  ISAF-ის მისიაში თავის 1600-კაციან სამხედრო კონტინგენტს 2014 წლის ბოლომდე არ ამცირებს.

გვინდა იმედი გვქონდეს, რომ ISAF-ის ოპერაციის დამთავრებამდე, ანუ კიდევ ერთი წელი, ავღანეთში არც ერთი ქართველი აღარ დაიღუპება და ჩვენი სამხედროები სამშობლოში, რომელსაც არანაკლებ სჭირდება დაცვა, მშვიდობიანად დაბრუნდებიან.