ამერიკელი გენერალი რუსულ გართობას შეეწირა - კვირის პალიტრა

ამერიკელი გენერალი რუსულ გართობას შეეწირა

პენტაგონმა თანამდებობიდან გაათავისუფლა და შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვა აშშ-ის მე-20 საჰაერო არმიის სარდალი, გენერალ-მაიორი მაიკლ კერი. მის დაქვემდებარებაში იყო ბირთვულქობინიანი 450 ცალი ბალისტიკური რაკეტა "მინიტმენ-3", რომლებსაც მთელი პლანეტის განადგურება შეუძლიათ. ამერიკელი გენერლის გაგდება მართლაც სენსაციად იქცა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, გენერალი კერი ხელმძღვანელობდა იმ ოფიციალურ ამერიკულ დელეგაციას, რომელიც 2013 წლის ივლისში რუსეთს ეწვია ერთობლივი სამხედრო სწავლებების ჩასატარებლად.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დელეგაციის წევრებმა დაწერეს რაპორტები, რომლებშიც აცხადებდნენ, რომ გენერალი კერი რუსეთში ყოფნისას თითქმის არ გამოფხიზლებულა, მუდმივად სვამდა, უხეშობდა და რაც მთავარია, რესტორანში უცხოელ მანდილოსნებთან ცეკვავდა. სწორედ რუს მანდილოსნებთან ცეკვა და შეიძლება უფრო ახლო ურთიერთობაც გახდა საბედისწერო ამერიკელი გენერლისათვის, რადგან აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურებმა ამ "უცხოელ მანდილოსნებში", სავარაუდოდ, რუსული სპეცსამსახურების აგენტები ამოიცნეს. ამერიკელ გენერალს, რომელსაც სწორედ რუსეთისთვის დამიზნებული 450 ბირთვული რაკეტის ბედი აბარია, მეტი თავდაჭერილობა და სიფრთხილე მართებდა.